საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროშესარჩევის მესამე მატჩში ლუქსემბურგი დაამარცხა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ქუთაისის სპორტის სასახლეში ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და ურთულეს შეხვედრაში მინიმალური სხვაობით, 17:16 დაამარცხა.

ლუქსემბურგთან მატჩს ჩვენი ეროვნული გუნდი სერიოზული დანაკლისით შეხვდა. სხვადასხვა მიზეზით საქართველოს სამი ძირითადი მოთამაშე გამოაკლდა, რაც ქართველების თამაშზე აშკარად ნეგატიურად აისახა.

სანამ მატჩის შესახებ ვისაუბრებდეთ, შეგახსენებთ, რომ ევროპის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ეროვნული გუნდი B ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ლუქსემბურგთან ერთად მისი მეტოქე ესტონეთის ნაკრებია.

ჯგუფის ორი შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელშიც ერთმანეთთან ურთიერთობა ქართველებმა და ესტონელებმა გაარკვიეს. სტუმრად 26:28 მარცხის
შემდეგ ირაკლი კეკელიძის შეგირდებმა ბალტიისპირელები შინ 29:27 დაამარცხეს. ორი მატჩის ჯამში გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება თანაბარი აღმოჩნდა - 55:55. ამიტომაც ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი სწორედ ლუქსემბურგთან გასამართი შეხვედრებია, პლეი ოფში თამაშს მხოლოდ ჯგუფში გამარჯვებული განაგრძობს.

ქართველებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. ანგარიში რევაზ ჭანტურიამ გახსნა, რასაც ლუქსემბურგელებმა მალევე ზუსტი შეტევით უპასუხეს, წონასწორობა მაქს კოლმა აღადგინა. ამის შემდეგ ქართველები უპირატესობას დაეუფლნენ. ისინი სისწრაფეში მეტოქეს აშკარად სჯაბნიდნენ, ორ-სამ გადაცემაში დასარტყმელ პოზიციაზე გადიოდნენ და შეტევებსაც ზუსტად აგვირგვინებდნენ. გადაცემები, ძირითადად, ქართველთა ბომბარდირის, რევაზ ჭანტურიას მისამართით იყო მიმართული, რომელიც თანაგუნდელებს გარჯას არ უკარგავდა.

შეტევაში მას კარგად აუბა მხარი ირაკლი ჩიქოვანმა. მე-5 წუთისთვის საქართველოს ნაკრები 5:1 დაწინაურდა. თანდათან, სტუმრებმაც გამოასწორეს თამაში, რასაც ქართველების შეცდომებიც თან დაერთო. ტომ მაისის, კრისტიან ბოკისა და დანი სხოლტენის გოლებს ჭანტურიამ და ჩიქოვანმა უპასუხეს, მაგრამ სტუმრებმა ანგარიშის შემცირება მაინც მოახერხეს - 6:8.

აღსანიშნავია საქართველოს ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის კარგი გარჯა, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, შემდეგ კი კრისტიან ბოკს შვიდმეტრიანი საჯარიმო დარტყმაც აუღო. ამ ეპიზოდმა საქართველოს ნაკრებზე დადებითად იმოქმედა, ქართველებს მეორე სუნთქვა გაეხსნათ და სიმონიას, ჩიქოვანისა და გოგალაძის გოლების შედეგად პირველი ტაიმი 11:7 მოიგეს.

ლუქსემბურგმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო. სწრაფი შეტევების შემდეგ კოლმა და მაისმა ანგარიში შეამცირეს - 9:11. თუმცა მასპინძლებმა სტატუს-კვო მალე აღადგინეს. კარგად ითამაშა ჭანტურიამ, რომელმაც ჯერ მახვილი კუთხიდან გაახვია ბურთი სტუმართა ბადეში, შემდეგ კი შვიდმეტრიანი საჯარიმო დარტყმაც ზუსტად გამოიყენა. ჭანტურიას კიდევ მართებდა გატანა, მაგრამ მორიგი პენალტი სუსტად შეასრულა და მეკარე კრის ოჟემ აუღო.

მომდევნო 10 წუთში ქართველებს შეტევაში ძალიან გაუჭირდათ, მეორე ტაიმის 15 წუთში გატანილი ორადორი გოლი ამის ნათელი მაჩვენებელი იყო. რამდენიმე უშედეგო იერიშის შემდეგ აკაკი ტალახაძემ გამოიჩინა თავი, თუმცა, უქმად სტუმრებიც არ იყვნენ და მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მიულერმა ერთ ბურთამდე დაიყვანა სხვაობა - 14:15.

მასპინძლებმა თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს და თამაშის დასრულებამდე 1,40 წუთით ადრე მაქს კოლმა ანგარიში გაათანაბრა - 16:16. საპასუხო შეტევისას ლექსო წითელაშვილმა მეტად დროული გოლი გაიტანა და ქართველები ისევ წინ გაიყვანა. მატჩის ბოლო წამები ძალიან დაძაბული და ემოციური გამოდგა. ლუქსემბურგელებმა შეუტიეს და კარშიც დაარტყეს, მაგრამ თევზაძემ ურთულესი ბურთი მოიგერია და სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების შანსი მოუსპო. მსაჯის სასტვენმა ქართველებს შეტევაში მიუსწრო.

საქართველოს ნაკრებში 7 გოლი რევაზ ჭანტურიამ გაიტანა. მინიმალური ანგარიშით გამარჯვების მიუხედავად, ეროვნული გუნდის თავკაცი ირაკლი კეკელიძე მატჩის შემდეგ ოპტიმისტურად იყო განწყობილი:

"ჩვენთვის ლუქსემბურგის ნაკრები საერთოდ უცნობი გუნდი იყო და ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა იქნებოდა. მით უმეტეს, როცა სამი წამყვანი მოთამაშე: სერგო დათუკიშვილი, რატი მსხვილიძე და ვლადიმერ რუსია დაგვაკლდა, რომლებიც ქართულ ხელბურთში ამინდს ქმნიან. სამწუხაროდ, სეზონის ბოლომდე ვერცერთი მათგანი ვერ დაგვეხმარება.

რაც შეეხება თამაშს, თავიდან კარგად დავიწეთ, ტემპიც მაღალი იყო, თუმცა, ნაკრები გამოუცდელი, ახალგაზრდა ხელბურთელებითაა დაკომპლექტებული და კონცენტრაცია ბოლომდე ვერ შევინარჩუნეთ. ვეცდებით, რომ ლუქსემბურგში უკეთესი თამაში ვაჩვენოთ და მეტი სხვაობით გავიმარჯვოთ".

საქართველო - ლუქსემბურგი 17:16
საქართველო : თევზაძე - გვაზავა, სიმონია (1), ჩიქოვანი (4), ჭანტურია (7), გოგოლაძე (2), ტალახაძე (1) - გამზარდია, წითელაშვილი (1), აბრამიშვილი, მაისურაძე (1), ბეჟანიშვილი
სათადარიგოები: ტორონჯაძე, დათუკაშვილი, გრიშიკაშვილი
ორწუთიანი გაძევება: გვაზავა, სიმონია, სიმონია, წითელაშვილი, მაისურაძე
ლუქსემბურგი: ოჟე - მიულერი (3), სხოლტენი (1), ბოკი (2), ლეი, შრიოდერი (1), კოლი (3) - ბაუმი, ზეკანი (1), მაისი (4), ბარდინა (1)
სათადარიგოები: ჰერმანი, მარზადორი, პაული, შაიდი
ორწუთიანი გაძევება: მაისი, შრიოდერი
მსაჯები: დიმიტრი ნაბოკაუ, სერგეი კულიკი (ბელორუსი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული