ხელბურთელ გოგონათა ნაკრები 8-13 მარტს IHF/EHF-ის ქალთა თასზე ითამაშებს

AutoSharing Option
8 მარტს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში იწყება საერთაშორისო ტურნირი, IHF/EHF ქალთა მსოფლიოს თასი ხელბურთში. ითამაშებს 8 ნაკრები: საქართველო, ბელგია, ლატვია, ფარერები, კვიპროსი, ესტონეთი, ალბანეთი და სომხეთი.

2015 წლის მაისიდან ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია გიორგი გვაზავა, მწვრთნელი - ინა ჭკუასელი. 2016 წელს გუნდის მზადებაში ჩაერთო უკრაინელი ოლექსანდრ გურსკი. სტაფში შედიან მეკარეების მწვრთნელი ამირან კომახიძე, ფიზმომზადების სპეციალისტი მამია ტუღუში, ექიმი გიორგი კაზალიკაშვილი და გუნდის ლიდერი ლანა მარგიანი.

ნაკრებს წარმოადგენენ 5 სახელბურთო კლუბის - თბილისის "მამულისა" და "პეგასის", ფოთის "ოქროს ვერძის", ყვარლისა და წყალტუბოს
მოთამაშეები. შესაბამისად, მოთამაშეთა დაოსტატებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი საკლუბო მწვრთნელებს: ჯულია კასიანს (მამული), ნინო წივწივაძეს (პეგასი), დარეჯან გეფერიძესა და უჩა გამზარდიას (ფოთი), ზურაბ ხარებაშვილსა და გოჩა ღონიაშვილს (ყვარელი), ნოე გოგიძეს და გელა ჯანელიძეს (წყალტუბო).

1992 წლიდან მოყოლებული, ქალთა ნაკრები პერიოდულად ჩნდებოდა ხოლმე საერთაშორისო არენაზე. ეროვნულ ნაკრებს ამ დროისთვის ნათამაშები აქვს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის თითო საკვალიფიკაციო ტურნირი (1994, 1997) და ორი ჩელენჯ ტროფი (2002, 2006).

2006 წლის ჩელენჯ ტროფის შემდეგ ქალთა გუნდი აღარ გვყოლია იქამდე, სანამ თბილისმა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლება არ მოიპოვა. გოგონათა ნაკრები შეიქმნა 2011 წელს და ინტენსიურად ემზადებოდა 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის. ნაკრებს, სადაც ძირითადად 1998-99 წლებში დაბადებული გოგონები თამაშობენ, უკვე საკმაოდ სერიოზული გამოცდილება დაუგროვდა. 2013-15 წლებში გუნდი ბევრჯერ იყო საერთაშორისო ტურნეებზე და შარშან ორ ოფიციალურ შეჯიბრებაშიც ითამაშა.

ჩვენს გოგონათა ნაკრებს პირველი ოფიციალური ტურნირი, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი, 2015 წლის მარტში ჰქონდა ქუთაისში, ივლისში კი თბილისში ითამაშა ოლიმპიურ ფესტივალზე. მართალია, ევროპის 17-წლამდელთა კვალიფიკაციაზე ქუთაისში ძალიან ძლიერ გუნდებთან დიდი სხვაობით წავაგეთ, მაგრამ უკვე აგვისტოში, ოლიმპიურ ფესტივალზე გვესტუმრა ევროპის 7 უძლიერესი ნაკრები, ხოლო თამაშის ხარისხი და ბრძოლისუნარიანობა ბევრად უკეთესი იყო.

IHF/EHF ქალთა თასის გარდა, გუნდს 2016 წელს კიდევ ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრება აქვს: მსოფლიოს ოცწლამდელთა ჩემპიონატის კვალიფიკაცია მონტენეგროში (18-20 მარტი - მონტენეგრო, უკრაინა, საქართველო - ფინალურ ეტაპზე გადის 1 გუნდი), ხოლო ივლისში - ევროპის ღია პირველობა გიოტებორგში, შვედეთი, თვრამეტწლამდელთა შორის.

თბილისის ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ ნაკრები სერიოზულად ემზადება და იანვარში ტურნე გამართა ისრაელში, სადაც ორი წლით უფროს, ისრაელის ოცწლამდელთა ნაკრებს სამმატჩიანი სერია მოუგო - 32-29, 30-30, 26-24. თებერვლის ბოლოს გუნდი აჭარაში გაემგზავრა და რამდენიმე ვარჯიში გამართა ხელვაჩაურის ახალ არენაზე.

გუნდის საბოლოო განაცხადში ტურნირზე 14 ხელბურთელი იქნება. მწვრთნელები და ხელბურთელები გეგმავენ, რომ 8-13 მარტს მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლონ.

ქალთა ნაკრებების მომავალი გეგმები ასეთია: 2017 წელს ევროპის ჩემპიონატებია ორ ასაკობრივ ჯგუფში (17 და 19-წლამდელები), ხოლო 2018 წელს - ორი მსოფლიოს ჩემპიონატი (18 და 20-წლამდელები). 2020 წლამდე საქართველოს ეროვნული ნაკრებიც აუცილებლად ჩაებმება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირებში.

ზურაბ კაკაბაძე, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:
"ხელბურთის ფედერაციის ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა ქალთა ხელბურთის განვითარება და ძლიერი ეროვნული ნაკრების შექმნაა. მჯერა, რომ ეს გუნდი თავის დროზე ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცევა.

ფედერაციას ფინანსურად არ ულხინს, ოპონენტებიც გვყავდა სახელბურთო წრეებში, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქალთა ხელბურთს საქართველოში დიდი პერსპექტივა არა აქვს. მე პატივს ვცემ მათ აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ასე არ არის. მსოფლიოში ქალთა სპორტს თავისი, განსაკუთრებული ნიშა უჭირავს და საქართველოში გვინდა, ეს ადგილი სწორედ ხელბურთის ქალთა ნაკრებმა დაიკავოს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდი 2011 წელს, თბილისის ოლიმპიური ფესტივალისთვის შეიქმნა და ამ ხნის განმავლობაში დიდი გამოცდილებაც მიიღო, მიმაჩნია, რომ ჩვენ მხოლოდ გზის დასაწყისში ვართ.

მიზნის მისაღწევად აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის ჩაბმა ხელბურთში, თაობების უწყვეტობა, რადგანაც ჯერ არავის ჰყოლია ნაკრები, რომელიც ერთი ასაკის მოთამაშეებისგან შედგებოდა. მე მიმაჩნია, რომ ყველა სახელბურთო კლუბს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ქალთა და გოგონათა გუნდები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე მოთამაშემ კარიერა უცხოურ კლუბში გააგრძელოს, რაც სტიმული იქნება სხვებისთვის.

ჩვენ უკვე გვქონდა წინადადება ქალაქ არდაშენის კლუბიდან, რომელიც თურქეთის ჩემპიონატის პრიზიორია და ევროტურნირებზეც წარმატებით გამოდის, მაგრამ მოცდა ვარჩიეთ, რადგანაც ნაკრების დღევანდელი წევრები ჯერ 17-18 წლისანი არიან და სკოლა აქვთ დასამთავრებელი.

უახლოეს მიზანს რაც შეეხება, ეს არის ქალთა მსოფლიოს თასის მოგება თბილისში, ამის შემდეგ კი ძალიან ბევრი და უფრო რთული ტურნირი გვექნება. როგორც უკვე გითხარით, ყველაფერი ახლა იწყება!"

საქართველოს ნაკრები
ნომერი მოთამაშე პოზიცია დაბადება სიმაღლე/წონა კლუბი
12 ანა ვარდიშვილი GK 18.08.1999 177/77 მამული
16 ქრისტინე ჯავახია GK 01.06.1998 175/72 ოქროს ვერძი ფოთი
22 მარიამ ჩაჩუა GK 30.09.1999 184/62 პეგასი
7 თინათინ ქიტესაშვილი LW 07.02.1999 170/58 ყვარელი
9 თათია გადელია RB 30.10.1998 172/66 ოქროს ვერძი ფოთი
13 ქრისტინე ღვალაძე LW 12.08.1998 163/55 ხკ მამული
15 თამარ ჩოგოვაძე LW 13.03.1998 172/55 პეგასი
17 მედეა ჩოხელი P 02.01.1999 177/68 პეგასი
18 ქეთევან ვენეცკი RW 16.07.1998 174/66 პეგასი
19 ანა ყველაშვილი CB 29.12.1998 170/64 მამული
24 ჯულია ჩირგაძე LB 14.01.2001 180/73 წყალტუბო
29 ქეთი კუნელაშვილი LB 22.08.1999 176/65 ყვარელი
31 მაია ბერიძე CB 19.05.1999 167/62 პეგასი
39 მარიკა ჯავახაძე P 17.08.1999 170/82 წყალტუბო

მთ. მწვრთნელი: გიორგი გვაზავა (1978)
მწვრთნელი: ოლექსანდრ გურსკი, უკრ (1966)
მწვრთნელი: ინა ჭკუასელი (1985)
მეკარეები: ამირან კომახიძე (1951)
ფიზმომზადება: მამია ტუღუში (1941)
ექიმი: გიორგი კაზალიკაშვილი (1993)
გუნდის ლიდერი: ლანა მარგიანი (1988)

GK მეკარე, LW მარცხენა გარემარბი, LB მარცხენა შუამარბი, CB გამთამაშებელი, RB მარჯვენა შუამარბი, RW მარჯვენა გარემარბი, P პივოტი, ხაზის მოთამაშე

IHF/EHF ქალთა მსოფლიოს თასი
8-13 მარტი, 2016. თბილისი, ახალი სპორტის სასახლე
A ჯგუფი
კვიპროსი
ლატვია
საქართველო
ალბანეთი

8 მარტი
16:00 ლატვია-ალბანეთი
18:00 კვიპროსი-საქართველო

9 მარტი
14:00 ალბანეთი-კვიპროსი
18:00 საქართველო-ლატვია

10 მარტი
14:00 კვიპროსი-ლატვია
18:00 საქართველო-ალბანეთი

B ჯგუფი
ფარერები
ბელგია
ესტონეთი
სომხეთი

8 მარტი
14:00 ფარერები-ესტონეთი
20:00 ბელგია-სომხეთი

9 მარტი
16:00 სომხეთი-ფარერები
20:00 ესტონეთი-ბელგია

10 მარტი
16:00 ესტონეთი-სომხეთი
20:00 ფარერები-ბელგია

12 მარტი. ნახევარფინალი
14:00 3A - 4B
16:00 3B - 4A
18:00 1A - 2B
20:00 1B - 2A

13 მარტი. ფინალი
12:00 7-8 ადგილები
14:00 5-6 ადგილები
16:00 ბრინჯაოს ფინალი
18:00 მთავარი ფინალი

ასაკობრივი კატეგორია: 1997 წელს და გვიან დაბადებულები

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული