საქართველო-ლატვია 31:25 - ქართველმა გოგონებმა ნახევარფინალი გაინაღდეს

AutoSharing Option
საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა IHF/EHF-ის თასის გათამაშების ჯგუფური ტურნირის მეორე ტურის მატჩში ერთ-ერთ კონკურენტს, ლატვიის ნაკრებს დამაჯერებლად სძლია - 31:25 და ნახევარფინალში თამაშის უფლება გაინაღდა.

ჩვენმა ხელბურთელებმა თამაში აღმავლობით ჩაატარეს. მათ შორის გამორჩეული თამარ ჩოგოვაძე იყო, რომელმაც მეტოქის კარი შვიდჯერ აიღო და მასპინძელთა გუნდში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ექვსჯერ დალაშქრა მეტოქის კარი ანა ყველაშვილმა, რომელიც ჩვენი გუნდის ბომბარდირია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრები უკვე ნახევარფინალშია. ბოლო ტურში ჩვენი გოგონების მეტოქე ალბანელთა გუნდია, რომელიც ჯგუფის გამოკვეთილი აუტსაიდერია. მატჩი სპორტის ახალ სასახლეში დღეს,
10 მარტს, 18:00 სთ-ზე დაიწყება.

ცხადია, საინტერესოა, საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქის ვინაობა პლეი ოფში. B ჯგუფში ორი მოგებით ფარერები ლიდერობს, რომელსაც პირველ ადგილს ალბათ ვერავინ შეეცილება. ბელგიის ნაკრებმა კი ფრედ ითამაშა ესტონეთის ნაკრებთან - 21:21 და ნახევარფინალში გასვლის გზა გაირთულა. ბოლო ტურში ბელგიელები სწორედ ფარერებს დაუპირისპირდებიან.

სავარაუდო მეტოქეა ესტონეთიც, რომელიც ბოლო ტურში, ალბათ, მაინც მოახერხებს სომხების დამარცხებას.

IHF/EHF-ის თასი
საქართველო-ლატვია 31:25
საქართველო: ანა ვარდიშვილი, ქრისტინე ჯავახია, მარიამ ჩაჩუა, თინათინ ქიტესაშვილი (2), ქრისტინე ღვალაძე, თამარ ჩოგოვაძე (7), ქეთევან ვენეცკი (4), თათია გადელია (4), ანა ყველაშვილი (6), ჯულია ჩირგაძე, ქეთი კუნელაშვილი (3), მაია ბერიძე, მედეა ჩოხელი (5), მარიკა ჯავახაძე, მთავარი მწვრთნელი გიორგი გვაზავა, მწვრთნელები: ოლექსანდრ გურსკი (უკრაინა), ინა ჭკუასელი, ამირან კომახიძე.
ლატვია: კინტია კოკინა, ინესე უმაროვა, სიმონა არმანე (10), ზაიგა კაულაკანე, ლევა ლაპსა (1), კრისტა კრუმინა, მადარა იუგანე (2), კრისტინა სკუდრა (1), აგნილა მაკლინიესე, დინია პურვინა (9), ლაურა რუტკოვსკა (1), სანდა ვეიდე, გიტა კაულაკანე (1), მარია დერგაჩევა.

A ჯგუფი
კვიპროსი-ალბანეთი 3:41

სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო - 6 ქულა, 2. ლატვია - 3, 3. კვიპროსი - 3, ალბანეთი - 0.

B ჯგუფი
ფარერები-სომხეთი 45:7
ესტონეთი-ბელგია 21:21

სატურნირო მდგომარეობა
1. ფარერები - 6 ქულა, 2. ბელგია - 4, 3. ესტონეთი - 1, 4. სომხეთი - 0

III ტური
10 მარტი
საქართველო-ალბანეთი
კვიპროსი-ლატვია
ფარერები-ბელგია
ესტონეთი-სომხეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ გოგონებო! წარმატებას გისურვებთ.
ლუკა
11:56 10-03-2016
0

სიახლეები პოპულარული