ამ ორთაბრძოლისთვის მასპინძელთა გუნდს დაემატა ერთ-ერთი ლიდერი რატი მსხვილიძე; თამაშის წინ გამართულ ტექნიკურ მიტინგზე კი ნაკრების კაპიტანსა და მეკარეს, შოთა თევზაძეს, რომელიც სირაკუზაში მეტოქის სახიფათო შეტევის ჩაშლისთვის გააძევეს, განმეორებით შეხვედრაში თამაშის უფლება დართეს: ტექნიკურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ
მატჩის პოლონელმა მსაჯებმა - იაკუპ ერლეცკიმ და მაჩეი ლაბუნმა დაადასტურეს, რომ ეპიზოდი წმინდა სათამაშო იყო და არა - არასპორტული საქციელი, ხოლო მატჩის თურქმა დელეგატმა ქენან გიოქმენმა ევროპულ ფედერაციასთან დამატებითი კონსულტაციის შემდეგ დაადასტურა, რომ თევზაძეს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია არ ეკუთვნოდა. ასე რომ, სრული საფუძველი გვქონდა, გუშინ წარმატებაზე გვეფიქრა, მით უმეტეს, სიცილიურმა პაექრობამ გვიჩვენა, რომ იტალიელთა დამარცხება სულაც არ იყო შეუძლებელი.
განმეორებითი მატჩი სტუმართა იერიშებით დაიწყო და უკვე მე-3 წუთისთვის ისინი ტურკოვიჩისა და ჯანოკაროს გოლებით 2:0 დაწინაურდნენ. მე-4 წუთზე ირაკლი ჩიქოვანმა ერთი ბურთი გაქვითა, რასაც იტალიელთა ორი გოლი მოჰყვა - 1:4. ასე ორ-სამბურთიანი სხვაობით მიიწევდნენ აპენინელები წინ, მაგრამ 21-ე წუთზე მასპინძელთა მეკარე თევზაძემ ზედიზედ ორჯერ იხსნა თანაგუნდელები გოლისგან, რასაც ქართველთა ორი სწრაფი იერიში და ჩიქოვანისა და მსხვილიძის დამაგვირგვინებელი დარტყმები მოჰყვა - 9:9. პირველი ტაიმის მიწურულს ჭანტურიამ წინ გაიყვანა საქართველოს ნაკრები - 13:12, მაგრამ შესვენებამდე 3 წამით ადრე კი რადოვჩიჩმა ანგარიში გაქვითა.
მეორე ტაიმის მე-20 წუთამდე მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა: ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხან - მეორე. მასპინძელთა ნაკრებს, რომელშიც შეხვედრის მთელი სიმძიმე, უმთავრესად, რამდენიმე ხელბურთელზე გადავიდა, თანდათან დაღლა დაეტყო.
შეტევებმა სიმწვავე დაკარგა, ექსიუგოსლავიელებით გაძლიერებული იტალიელები კი უფრო სწრაფად და ზუსტად მოქმედებდნენ, 54-ე წუთისთვის სამი ბურთით დაწინაურდნენ - 25:23.
საფინალო სასტვენამდე დარჩენილ დროში გუნდებმა სამ-სამი გოლი მიითვალეს. იტალიელებმა ამჯერადაც გაიმარჯვეს 28:25 და ჯგუფში დაწინაურდნენ.
მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს შესარჩევ რაუნდში მოსახვედრად შანსი არ დაუკარგავს - 2017 წლის ივნისში ჩელენჯტროფი გაიმართება. იქ შესარჩევის ერთადერთი საგზურისთვის იბრძოლებენ აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, ანდორა, ირლანდია, სომხეთი და საკვალიფიკაციო რაუნდის ის 6 გუნდი, რომელთა შორის საქართველოც იქნება.
ჩვენს ჯგუფში მომავალი წლის იანვარში კიდევ ოთხი მატჩი გაიმართება:
4 იანვარი. საქართველო-ლუქსემბურგი
7 იანვარი. ლუქსემბურგი-საქართველო
11 იანვარი. ლუქსემბურგი-იტალია,
14 ან 15 იანვარი. იტალია-ლუქსემბურგი.
ევრო 2020-ის I საკვალიფიკაციო ეტაპი
6 ნოემბერი, თბილისის სპორტის სასახლე
საქართველო-იტალია 25:28
13:13
საქართველო: შოთა თევზაძე, გიგა ტორონჯაძე, ზურაბ ცინცაძე, ლექსო წითელიშვილი (1), თეიმურაზ ორჯონიკიძე (2), ირაკლი ჩიქოვანი (11), სერგო დათუკაშვილი (1), ზურაბ სიმონია, რატი მსხვილიძე (6), შოთა გრიშიკაშვილი (2), გიორგი გვაზავა, ხაზეინ რუსტამოვი (1), ზურაბ აბრამიშვილი, რევაზ ჭანტურია (1), გიორგი დიხამინჯია, მთავარი მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, მწვრთნელი ვახტანგ მეიფარიანი.
იტალია: ვიტო ფოვიო, თომას პოსტონია, მიქელე როსი, ფრანჩესკო ვოლპი (2), ალესიო მორეტი, დეან ტურკოვიჩი (7), არდიან იბალი (1), მიკელე სკატარი (4), ჯულიო ვენტური, ანდრეა პარიზინი (2), უმბერტო ჯანოკარო (3), ჯუზეპე კოლაზუონო, კარლო სპერტი (3), მარტინ ზონერერი, ჯანლუკა დარიპანი, დემის რადოვჩიჩი (6), მთავარი მწვრთნელი ფრედი რადოიკოვიჩი, მწვრთნელები: ჯუზეპე ბრანდი, ჯუზეპე ვინჩი.
მსაჯები: იაკუპ ერლეცკი, მაჩეი ლაბუნი (პოლონეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"