ალექსანდრე ყაზახიშვილი: ბერლინში წამოსვლა ცოტა დავაგვიანე კიდეც

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების 22 წლის წევრი ალექსანდრე ყაზახიშვილი უკვე წლებია ბერლინში ცხოვრობს და პირველი ბუნდესლიგის გუნდ SG Neukölln-ში გამოდის. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ახალგაზრდაა, თვლის რომ გერმანიაში წასვლა დააგვიანა კიდეც...

ალექსანდრე ყაზახიშვილი დღევანდელობასა და სამომავლო გეგმებზე გერმანიიდან გვესაუბრა...

- როგორ მიგაჩნიათ, გაგიმართლათ ახლა რომ ბერლინში ცხოვრობთ და მოღვაწეობთ?
- საზღვარგარეთ წასასვლელად, გუნდში მოსახვედრად და ფაქტობრივად ცხოვრების თავიდან დასაწყებად ძალიან დიდი შრომაა საჭირო. ვფიქრობ, არ დამიკლია ძალა, რომ ახლა იქ ვყოფილიყავი, სადაც ვარ.

შეიძლება ითქვას, რომ ცოტა დავაგვიანე კიდეც წამოსვლა.
უფრო ადრე შეიძლებოდა გადამედგა ეს ნაბიჯი.

- როგორი გრაფიკი გაქვთ?
- თითქმის ყოველი დღე ერთნაირად დატვირთული მაქვს. რამდენიმე საათიანი ვარჯიში, ხანდახან დღეში ორჯერაც მიწევს. ამის გარდა ლექციები და სამსახური მაქვს. როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ მუსიკას დავუთმო და წინ წავიწიო ამ სფეროში, მეტი რამ გავიგო და მეტ ინსტრუმენტს დავეუფლო.

შაბათ-კვირას ძირითადად თამაშებით ვარ დაკავებული. ხანდახან სხვა ქალაქებშიც გვიწევს გასვლა. რთული რეჟიმია, მაგრამ ძალიან საინტერესო და დინამიური...

საქართველოში ჩამოსვლას ყოველ არდადეგებზე ვცდილობ, ანუ ზამთარსა და ზაფხულში. ასევე თუ ნაკრების თამაშზე მიძახებენ, წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს მიწევს ხოლმე გამოგზავრება. ვფიქრობ, ახლა განვითარების ამ ეტაპზე მარტივია წვრილმანი მონატრებების დაკმაყოფილება ქვეყნისგან დისტანციაზე. თუმცა ის, რაც ყველაზე მეტად მაკლია და მენატრება, ჩემი ოჯახია.

- რას იტყოდით საქართველოს წყალბურთის ნაკრებზე?
- საქართველოს ნაკრებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, მით უფრო, რომ კარგი თაობა მოდის. საჭიროა, სპორტის სამინისტროსა და ფედერაციის მიერ სწორი დაგეგმარება და ნაკერბის დაუღალავი შრომა. ვთვლი, რომ ამ კომბინაციით ბევრის მიღწევა შესაძლებელი. ამ ყველაფერს ის უწყობს ხელს, რომ ნაკრების შემადგენლობა საკმაოდ ძლიერია...

ყველა სპორტის სახეობას აკლია საქართველოში ნორმალური შიდა ჩემპიონატი, რისი მეშვეობითაც იბადება ჯანსაღი კონკურენცია, რაც უზრუნველყოფს შემდეგ საქართველოს ნაკრების გაძლიერებასა და საერთაშორისო ასპარეზზე შედეგიანად გამოსვლას. ამისთვის საჭიროა, სპორტის სამინისტროს ბევრად ეფექტური მუშაობა.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- ჩემი სამოვავლო გეგმა ბაკალავრიატის დამთავრება და სწავლის პერიოდში ბერლინში სპორტული მოღვაწეობაა. ხოლო შემდეგ დრო გვაჩვენებს.

მანანა გაბრიჩიძე
სპეციალურად Sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან სასიამოვნოა,რომ განათლებას დიდ ყურადღებას აქცევს.ინტელექტუალი სპორტსმენი,პოტენციურად გაცილებით უფრო იმედის მომცემია.
სოსო
19:38 29-05-2017
0
Kარგი ბიჭია მამა ენაცვალოს
Irakli
14:06 27-05-2017
0

სიახლეები პოპულარული