B ჯგუფში ფინალური ეტაპის (სექტემბერი, მალტა) ორი საგზურისთვის ხუთი გუნდი იბრძოლებს: საქართველო, გერმანია, ჰოლანდია, სლოვაკეთი და მოლდოვა.
ამ შეჯიბრებისთვის საქართველოს ნაკრები სერბი სპეციალისტის, იოვან პოპოვიჩისა და ირაკლი ბაქრაძის ხელმძღვანელობით სამ თვეზე მეტია, ემზადება.
ბიჭებმა ორკვირიანი საწვრთნელი შეკრება სერბეთშიც გაიარეს, იქაურ თანატოლებთან სპარინგმატჩებიც გამართეს, აპრილის ბოლო დეკადაში კი თბილისის საერთაშორისო ტურნირშიც იასპარეზეს სახელოვანი წყალბურთელის - ნოდარ გვახარიას თასზე, რომელსაც "ოლიმპიკმა" უმასპინძლა.
პოპოვიჩის შეგირდებმა
9 მაისს "ოლიმპიკში" საზეიმოდ გაიხსნება შესარჩევი ტურნირი. 17.00 საათზე ერთმანეთს ფავორიტები - გერმანელები და ჰოლანდიელები დაუპირისპირდებიან, ხოლო 18.30 საათიდან ქართველები და მოლდოველები ითამაშებენ. დანარჩენი დღეების შეხვედრათა განრიგი კი ასეთია:
10 მაისი
დილით: ჰოლანდია-სლოვაკეთი, გერმანია-მოლდოვა;
საღამოს: საქართველო-სლოვაკეთი, ჰოლანდია-მოლდოვა.
11 მაისი
მოლდოვა-სლოვაკეთი, საქართველო-გერმანია.
12 მაისი
გერმანია-სლოვაკეთი, საქართველო-ჰოლანდია.
მსგავსი შესარჩევი ტურნირები 9 მაისს კიდევ სამ ჯგუფში დაიწყება. A ჯგუფი (გორჟოვი, პოლონეთი): საფრანგეთი, ბელორუსი, პოლონეთი, ირლანდია, ისრაელი; C ჯგუფი (სტამბული, თურქეთი): რუსეთი, ბულგარეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია; D ჯგუფი (ბუდვა, ჩერნოგორია): ჩერნოგორია, სლოვენია, უკრაინა, ჩეხეთი, ბელგია. თითოეული ჯგუფიდან ფინალის საგზურს ორ-ორი საუკეთესო მიიღებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"