ახალგაზრდა ქართველი წყალბურთელები ევროპის შესარეჩევ ტურნირზე წაუგებლად ასპარეზობენ

AutoSharing Option
1996-1997 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა ევროპის პირველობის B ჯგუფის შესარჩევ ტურნირზე, რომელსაც თბილისის "ოლიმპიკი" მასპინძლობს, 10 მაისს ორი ტურის შეხვედრები გაიმართა.

რადგანაც მოასპარეზეთა რაოდენობა კენტია, დილით საქართველოს ნაკრებმა დაისვენა.

ჰოლანდია - სლოვაკეთი 6:6
2:2, 2:2, 2:0, 0:2
ჰოლანდია: ვან როსუმი, ვერმეულენი, დენტრო (1), შმელტი (1), ვან ზანტენი, კრიგსმანი (1), ზიროსი (1), იანსენი, ჰაასნოოტი, ტე რიელე, ვან დენ ბურგი (2), ბუდინგი, ჰენორიქსი, მწვრთნელები - ბოროში და ტოლენაარი.
სლოვაკეთი: სომსაგი. ჰალუშკა, კულჩარი, დილი, კოვაჩი (1), პატრიკ ტკაჩი (1), მაროშ ტკაჩი (2), რიბნიკარი, კაბადაში,
მეჩიარი (1), დეკანი (1), ბიბენი, სლოვენსკი, მწვრთნელები - გაიდაჩი, ზიბოლენი.

თბილისში ჩამოსვლამდე ალემანთა მთავარ მწვრთნელს ვიტენბერნდსს გერმანული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში უთქვამს, რომ შესარჩევ ტურნირში პირველ ადგილს დავიკავებთ, მთავარ კონკურენტად კი სლოვაკეთი მიგვაჩნიაო.

10 მაისს ჰოლანდია - სლოვაკეთის მატჩმა დაგვარწმუნა, რომ ორივე გუნდი მართლაც ძლიერია, ფიზიკურად და ტაქტიკურადაც კარგად არიან მომზადებული, თუმცა გულახდილად ისიც უნდა ვთქვათ, რომ მათში დაუძლეველი ვერაფერი ვნახეთ.

პაექრობა ნიდერლანდელთა იერიშებით დაიწყო და ტიტების ქვეყნის წარმომადგენლები ორი ბურთით დაწინაურდნენ. პერიოდის ბოლომდე სლოვაკებმა წონასწორობა აღადგინეს. მატჩიც ფრედ - 6:6 დამთავრდა.

გერმანია - მოლდოვა 12:3
0:1, 1:1, 4:1, 7:0
გერმანია: ტომი, ჰუბერი, რეინჰარტი (1), სტრუბი (2), შმელენკამპი (1), ბორეკი (1), მოოგი (1), კუპერსი, ბოფენი (3), მიულერი (2), ზოსკერი, კორბელი (1), ნობლერი, მწვრთნელები - ვიტენბერნდსი, პისკე.
მოლდოვა: სტარსი, მუტუ (1), კასკალიუსი, კალინოვიჩი, ფლორეა, დემბიჩი, კლუმაკი, პრიშეპოვი, ვერტესი (1), სოსინოვი (1), ერმოლაევი, კობილეანი, როგულიჩი, მწვრთნელები - ოსტროპოვიჩი, სტეკალო.

ასპარეზობის სტარტზე საქართველოს ნაკრებთან შეხვედრისას გამოჩნდა, რომ ამ შესარჩევ ეტაპზე მოლდოვის გუნდი აუტსაიდერობისთვის არის განწირული და ეს 10 მაისსაც დადასტურდა: ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა გერმანიამ მეტოქეს 12:3 სძლია, არადა, ორი პერიოდის შემდეგ ალემანები 1:2-ს აგებდნენ.

საღამოს მე-3 ტური მასპინძლებისა და სლოვაკების ორთაბრძოლით დაიწყო.

საქართველო - სლოვაკეთი 13:5
1:1, 3:2, 6:1, 3:1
საქართველო: ჭოლოკავა, ჩხიკვაძე (2), რევია, იმნაიშვილი (2), გაბადაძე, ბითაძე (3), ჯახაია (6), ზაქარეიშვილი, მოსაშვილი, მაგრაქველიძე, ჯანჯღავა, თუხარელი, რაზმაძე, მწვრთნელები - პოპოვიჩი და ბაქრაძე.
სლოვაკეთი: სომსაგი, ჰალუშკა, კულჩარი, დილი, კოვაჩი, პატრიკ ტკაჩი (1), მაროშ ტკაჩი (1), რიბნიკასი, კაბადაში, მეჩიარი (2), დეკანი, ბიბენი (1), სლოვენსკი, მწვრთნელები - გაიდაჩი და ზიბოლენი.

უცხოელი სპეციალისტები ამ შეხვედრაში აშკარა ფავორიტად სტუმრებს მიიჩნევდნენ. პაექრობაც სლოვაკების იერიშებით დაიწყო და პირველსავე წუთზე მეჩიარმა ანგარიში გახსნა.

შემდეგ მთელი 6 წუთი ორმხრივ შეტევებში ისე გაილია, რომ ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო თავის გამოჩენა.

უფრო ეს მეკარეების - ჭოლოკავას და სომსაგის დამსახურება იყო: რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნეს თანაგუნდელები. პირველი პერიოდის მიწურულს ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ხვიჩა ჯახაიამ იყოჩაღა - წონასწორობა აღადგინა.

მანვე მეორე რვაწუთიანი მონაკვეთის პირველსავე წუთზე თავისი გუნდი წინ გაიყვანა - 2:1.

საერთოდაც, პირველ მატჩში თუ ანდრია ბითაძემ გაიბრწყინა, გუშინ ჯახაია იყო მოწოდების სიმაღლეზე - 6 გოლი გაუტანა მეტოქეს.

ბითაძის დარტყმამ კი სამჯერ უწია მიზანს. მასპინძლებმა დაცვაში ზუსტი თამაშითა და ელვისებური შეტევებით მესამე პერიოდში გარდატეხა შეიტანეს მატჩში.

ბოლო რვაწუთიანი მონაკვეთის წინ ტაბლოზე 10:4 ენთო და ყველამ ირწმუნა, მათ შორის სტუმრებმაც, რომ საქართველოს ნაკრები მოგების შანსს ხელიდან არ გაუშვებდა და ასეც მოხდა.

- ამ წუთას ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციიდან დამირეკეს, სლოვაკებს მართლაც 13:5 მოუგეთო? არ სჯერათ, - გვითხრა საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ. - ახალგაზრდა სლოვაკი წყალბურთელები, უფროსების მსგავსად, ევროპაში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ და არავინ ელოდა, თუ მოვუგებდით.

ჩვენმა ბიჭებმა ბოლო 16 წუთის განმავლობაში შესანიშნავად ითამაშეს როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში. მთელი გუნდი შექების ღირსია. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები გერმანიასა და ჰოლანდიასთან მატჩებშიც გვასახელებს.

ჰოლანდია - მოლდოვა 6:5
2:1, 1:1, 2:1, 1:2
ჰოლანდია: ვან როსუმი, ვერმეულენი (1), დენტერო (1), შმელტი, ვან ზანტენი, კრიგსმანი, ზიროსი, იანსენი, ჰაასნოოტი (2), ტე რიელე (1), ვან დენ ბურგი (1), ბუდინგი, ჰენდრიქსი, მწვრთნელები - ბორიში, ტელენაარი.
მოლდოვა: სტრასი, მუტუ (2), კარკალიუსი, კალინოვჩი, ფლორეა (1), დემბიჩი (1), კლემაკი (1), პრიშეპოვი, ვერტესი, სოსინოვი, ერმოლაევი, კობილეანი, როგულიჩი, მწვრთნელები - ოსტრაპოვიჩი, სტეკალო.

ყველას ეგონა, რომ ჰოლანდია მოლდოვას გაანადგურებდა, მაგრამ ნიდერლანდელებისთვის გუშინდელი მატჩი საკმაოდ მძიმე გამოდგა. მართალია, სამი პერიოდის შემდეგ ისინი 4:2-ს იგებდნენ, თუმცა ბოლო რვაწუთიანი მონაკვეთი 1:2 დათმეს და ლამის ქულა დაკარგეს.

11 მაისს მე-4 ტურში ითამაშებენ: მოლდოვა-სლოვაკეთი (17.00), საქართველო-გერმანია (18.30).

სატურნირო მდგომარეობა 3 ტურის შემდეგ:
მ ფ წ ბ ქ
საქართველო 2 0 0 29:11 6
გერმანია 2 0 0 23:7 6
ჰოლანდია 1 1 1 16:22 4
სლოვაკეთი 0 1 1 11:19 1
მოლდოვა 0 0 3 14:34 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული