წინა კვირას მოასპარეზეებმა ოთხი ტურის შეხვედრები გამართეს. უდანაკარგოდ ჩემპიონი "ლიგამუსი" და ვიცე-ჩემპიონი "თბილისი" დაწინაურდნენ. 29 მაისს მეხუთე ტურში სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ლიგამუსი-თბილისი 15:10
2:2, 3:2, 4:3, 6:3
ლიგამუსი: ჭუმბურიძე, ჩიკვაიძე, გიორგაძე, რუსიშვილი (1), იმნაიშვილი, ურუშაძე, ხვედელიანი (2), ყაზახიშვილი (2), რურუა (5), გეგელაშვილი (4), ნიკოლეიშვილი (1), ქავთარაძე, გაბადაძე. მწვრთნელი ისელიძე.
თბილისი: ნამორაძე, ქენქაძე (1), ჩიქვინიძე (2), სულაძე (1),
ამ გუნდების მატჩები ყოველთვის გამოირჩევა პრინციპულობითა და სიმწვავით, რადგან ეროვნული ნაკრების საბაზო კოლექტივებს წარმოადგენენ, თან, ყველა ჩემპიონატში მათ ფავორიტებად მიიჩნევენ. ტრადიციას მათ არც ამჯერად უღალატეს.
პირველ პერიოდში მეტოქეებმა ორ-ორი შედეგიანი შეტევა განახორციელეს. დანარჩენ შემთხვევაში ხან მეკარეებმა იყოჩაღეს, ხან თავდამსხმელები სცოდავდნენ. მეორე და მესამე რვაწუთიანი მონაკვეთები "ლიგამუსმა" თითო ბურთის სხვაობით მოიგო.
აი, ბოლო პერიოდში კი ჩემპიონებმა, რომლებსაც საერთაშორისო ტურნირებში თამაშის გამოცდილებაც აქვთ, მატჩში გარდატეხა შეიტანეს და ორთაბრძოლა საბოლოოდ 15:10 მოიგეს.
გამარჯვებულთაგან განსაკუთრებით გუნდის კაპიტანი ზურაბ რურუა და კოტე გეგელაშვილი გამოირჩნენ, რომლებმაც მეტოქეთა კარში, შესაბამისად, 5 და 4 ბურთი გაიტანეს.
თსუ-ლიგამუსი-2 17:7
5:1, 4:3, 5:1, 3:2
თსუ: ფავლენიშვილი, სხილაძე, ბაქრაძე, ბუღაძე (3), გიორგაძე (3), ჩერქეზიშვილი, გაბადაძე (3), ტუკვაძე (4), ბითაძე, კაკულია (4), ვაჩაძე, გელაძე, ციხელაშვილი. მწვრთნელი ბაღათურია.
ლიგამუსი-2: სამადბეგიშვილი, ფირცხალავა (1), მოსეშვილი (2), თორდია (2), ზამბახიძე, ჭედია, გოგელია (1), ჩოდრიშვილი, შავშიშვილი, ქოიავა (1), დოიჯაშვილი, შერვაშიძე, აბაიაძე. მწვრთნელი მაისურაძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ეროვნული ჩემპიონატის დებიუტანტია, მაგრამ სულაც არ ჰგავს ახალ ბინადარს, რადგან რიხით შემოაღო პირველობის კარი: განვლილ ხუთ ტურში სამი შეხვედრა გამართა და ყველა პაექრობა მოიგო.
29 მაისს "ლიგამუსი-2"-თან აღმავლობით ჩაატარა პირველი და მესამე პერიოდები, რომლებიც ერთნაირი ანგარიშით (5:1) მოიგო, საბოლოოდ კი მეტოქეს 10 ბურთის სხვაობით აჯობა.
აქვე გაუწყებთ 5 ტურის შემდეგ გუნდების სატურნირო მდგომარეობას, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ ყველა გუნდს თანაბარი შეხვედრები არ გაუმართავს: "ლიგამუსი" - 15 ქულა (5 შეხვედრიდან), "თბილისი" - 12 (5), თსუ - 9 (3), "ივერია" - 6 (4), "ლიგამუსი-2" - 3 (4), "ბათუმი" - 0 (4), "ქუთაისი" - 0 (5).
პირველი წრის დამთავრებამდე 6 მატჩი დარჩა. 30 მაისს ითამაშებენ: თსუ - "ივერია", "ბათუმი" - "ქუთაისი", "ლიგამუსი-2" - ივერია". 31 მაისი. - "ლიგამუსი" - თსუ, "ბათუმი" - "ლიგამუსი-2". 1 ივნისი. თსუ - "თბილისი".
- სასიამოვნოა, რომ წყალბურთელთა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა იზრდება, - გვითხრა საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ახლო წარსულში სახელოვანმა წყალბურთელმა დავით რურუამ. - წლეულს შვიდი გუნდი ასპარეზობს და შეხვედრებიც დაძაბულად მიმდინარეობს. დასტურად დღევანდელი ორთაბრძოლებიც გამოდგება. ყოველივე ეს სასიამოვნოა ორმაგად, რადგან ეროვნული ნაკრებისთვის მოთამაშეთა შესარჩევად მეტი საშუალება გვექნება.
- თქვენ ეროვნული ნაკრები ახსენეთ. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე რაუნდი როდის გაიმართება?
- 11-14 ივლისს, თუმცა მეტოქეთა ვინაობას მოგვიანებით შევიტყობთ. იმ შეჯიბრებისთვის უკეთ მომზადების მიზნით ჩვენი ნაკრები თურქეთის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს. ეს შეჯიბრება 7-9 ივნისს გაიმართება.
მასპინძლებთან ერთად, სლოვაკებსა და რუმინელებს გავუწევთ მეტოქეობას. ასპარეზობის შემდეგ თურქეთში კიდევ ოთხ დღეს დავრჩებით და თურქებთან ერთობლივ წვრთნასა და ტესტმატჩებს გავმართავთ.
საერთაშორისო ტურნირისთვის საქართველოს ნაკრები, ვლადიმერ ისელიძისა და იოვან პოპოვიჩის ხელმძღვანელობით, თბილისში ასეთი შემადგენლობით ემზადება: ზურაბ ჭუმბურიძე, ნიკოლოზ შუბლაძე, მიხეილ ბაღათურია, კოტე გეგელაშვილი, ზურაბ რურუა (კ), ტატო ნიკოლეიშვილი, ბექა ქენქაძე, ალექსანდრე რუსიშვილი, ბექა ქავთარაძე, გიორგი ხვედელიანი, გალაქტიონ ლაითაძე, ალექსანდრე ურუშაძე, ლევან ჩიქვინიძე.
გუნდს თურქეთში შეუერთდებიან მარკო ელაჩა, მარინო ფრანიჩევიჩი, მარკო ელეზი და დამირ ცრეპულია.
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"