ამჯერად მასპინძლებმა რუმინელი, სლოვაკი და ქართველი წყალბურთელები მიიწვიეს.
ჩვენი ქვეყნის ნაკრები (ზურაბ ჭუმბურიძე, მარკო ელაჩა, მარკო ელეზი, ალექსანდრე რუსიშვილი, ბექა ქავთარაძე, ალექსანდრე ურუშაძე, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა (კ), კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, მარინო ფრანიჩევიჩი, დამირ ცრეპულია), ვლადიმერ ისელიძისა და იოვან პოპოვიჩის ხელმძღვანელობით, 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპისთვის ემზადება.
ეს შეჯიბრება 11-14 ივლისს მალტაში გაიმართება და ქართველები, მასპინძლების გარდა, უკრაინის, ბელორუსისა და ისრაელის
ამდენად, თურქულ ტურნირში მიწვევა (თანაც, მასპინძლების ხარჯზე) ქართველებისთვის, ჩვენებურად რომ ვთქვათ, მისწრება იყო. მათ ხომ ევროპის 12 საუკეთესოში შემავალ რუმინეთისა და თურქეთის გუნდებთან მოუწევდათ პაექრობა.
კარპატელებს მალე ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების თამაშები აქვთ, თურქები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფისთვის იჭერენ თადარიგს, ხოლო სლოვაკები, ჩვენების მსგავსად, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გასასვლელად იბრძვიან.
იმის თქმა გვინდა, რომ ოთხივე ნაკრები სტამბულს საბრძოლო შემადგენლობით ეწვია.
რადგანაც წყალბურთელთა საკლუბო ევროტურნირები დასრულდა, საქართველოს ნაკრებში საასპარეზოდ ნატურალიზებულმა წყალბურთელებმაც (ელაჩა, ელეზი, ფრანიჩევიჩი, ცრეპულია) მოიცალეს და ჩვენი ეროვნული გუნდიც გააძლიერეს.
ჩვეულებრივ, სათამაშო სახეობების საერთაშორისო ტურნირებში მასპინძლები სასტარტო შეხვედრისთვის სახელიან, მაგრამ კონკრეტული ტურნირისთვის, მათი აზრით, შედარებით სუსტ მეტოქეს ირჩევენ - ასპარეზობის მაჟორულ ნოტზე დაწყება გუნდზე, ცხადია, დადებითად მოქმედებს.
ალბათ, ამიტომაც თურქებმა პირველ ტურში ქართველებთან დაპირისპირება გადაწყვიტეს და... მწარედ შეცდნენ.
ეტყობა, იოლ გასეირნებას ელოდნენ. სტუმრებმა კი პირიქით - პირველი წუთებიდანვე შეუტიეს მოწინააღმდეგეს და სასტარტო რვაწუთიანი მონაკვეთი 4:1 მოიგეს.
ცივმა შხაპმა თურქები გამოაფხიზლა. არც ისელიძისა და პოპოვიჩის შეგირდები დარჩნენ ვალში.
მართალია, მასპინძლებმა მეორე და მეოთხე პერიოდები, შესაბამისად, 4:3 და 1:0 მოიგეს, მესამე ფრედ დაამთავრეს, მაგრამ პირველი პერიოდის დანაკლისი ვერ აინაზღაურეს და 8:9 დამარცხდნენ. ჩვენი ნაკრებიდან ბურთები გაიტანეს ელაჩამ, ცრეპულიამ - 3-3, ელეზიმ, რურუამ, ნიკოლეიშვილმა და ფრანიჩევიჩმა - თითო-თითო.
რუმინეთის ნაკრებს ორი წლის წინათ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ვეთამაშეთ. მაშინ კარპატელებმა თბილისში 11:5, შინ კი 16:6 მოგვიგეს. თურქული ტურნირის სტარტზე წარმატებით ფრთაშესხმულმა საქართველოს ნაკრებმა მე-2 ტურში რუმინელებთან რევანშის აღება გადაწყვიტა და მიზანსაც მიაღწია - 10:9 (4:3, 1:2, 3:2, 2:2).
პერიოდების ანგარიშებიდანაც ნათლად ჩანს, თუ როგორი დაძაბული ბრძოლა იყო. ჩვენებურთაგან ელაჩამ (2), ელეზიმ (3), ხვედელიანმა (1) და ცრეპულიამ (4) იყოჩაღეს.
წლეულს, აპრილის პირველ დეკადაში, თბილისის "ოლიმპიკის" აუზმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურს უმასპინძლა. მაშინ ჩვენებმა დიდ ბრიტანეთს (12:3), პოლონეთსა (16:10) და ჩეხეთს (16:5) აჯობეს, ხოლო სლოვაკებთან ფრეს (7:7) დასჯერდნენ.
9 ივნისს სტამბულში, მემორიალის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები სლოვაკებზე მთელი თავით მაღლა იდგა და გამარჯვებაც არ გასჭირვებია - 10:6 (2:1, 3:2, 3:1, 2:2). გოლები: ელაჩა, ელეზი, ფრანიჩევიჩი, ცრეპულია - 2-2, ბაღათურია - 1. დანარჩენი სამი შეხვედრა ასე დამთავრდა: რუმინეთი - სლოვაკეთი 10:7, თურქეთი - სლოვაკეთი - 10:6, რუმინეთი - თურქეთი 8:7.
სატურნირო მდგომარეობა
გ მ წ ბ ქ
საქართველო 3 0 29-23 9
რუმინეთი 2 1 27-24 6
თურქეთი 1 2 25-23 3
სლოვაკეთი 0 3 19-30 0
საერთაშორისო ტურნირის დამთავრების შემდეგ, მასპინძლების თხოვნით, საქართველოს ნაკრები სტამბულში კიდევ სამ დღეს დარჩება და თურქეთის გუნდთან ერთობლივ წვრთნასა და რამდენიმე ამხანაგურ ტესტმატჩსაც გამართავს.
9 ივნისსვე სტამბულში საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ დავით რურუას შევეხმიანეთ.
"თურქეთში გამომგზავრებამდე, მართალი გითხრათ, იმაზე ვფიქრობდით, ერთი მატჩი მაინც მოგვეგო. აქ კი ბიჭების მონდომებამ და შემართებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - მათი დაოკება ვერავინ შეძლო. უსაზღვროდ გახარებულნი ვართ.
ასეთი სიძლიერის ტურნირში პირველობაზე მხოლოდ ოცნება თუ შეგვეძლო, მით უმეტეს, რომ რუმინელებმა და თურქებმაც საუკეთესო შემადგენლობით იასპარეზეს. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიქომაგა", - გვითხრა დავით რურუამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"