წყალბურთელებმა ისტორია დაწერეს - ევროპავ, ჩვენც მანდ ვართ!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საპლეიოფო მატჩში თბილისში 8:4 დაამარცხა თურქეთი. სტუმრად, 1 მარტს გასამართ შეხვედრაში ოთხქულიანი უპირატესობის შენარჩუნება სჭირდებოდა, რათა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოეპოვებინა.

ქართველმა წყალბურთელებმა მედგარი ბრძოლით ევროპა არ დაანებეს მასპინძლებს, სტამბოლში, "ბაკირკოის" საცურაო აუზში 9:12 დათმეს და ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალეს - ზაფხულში უნგრეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ!

ევროპის ჩემპიონატის პელი ოფი. 1 მარტი, სტამბოლი ."ბაკირკოის" საცურაო აუზი
თურქეთი-საქართველო 12:9
2:3, 3:3, 4:1, 3:2
საქართველო: ჭუმბურიძე (მეკარე), ხვედელიანი, ცრეპულია, ელეზი (2 გოლი), ლაითაძე, ელაჩა (5), ჩომახიძე (1), რურუა, გეგელაშვილი,
ფრანიჩევიჩი (1), ნიკოლეიშვილი, კაპანაძე.
თურქეთი: ტოპალოღლი (მეკარე), სუტოლო (4), ბაბაკისი (1), სონმერი, სოლაქი, გულენჩი, გატუსულუ, დესტიჩი (1), სოვმარი (3), კოროლია (1), ბეშკარდეშლერი (1), გაგტაჩი (1), გერეკი.

* * *

ანგარიშიც ცხადჰყოფს, რაოდენ დაძაბული და დრამატული გამოდგა შეხვედრა, სპორტკომპლექსში შეკრებილმა ქართველებმა მეტისმეტად ვინერვიულეთ, თუმცა ეს საბოლოო სიხარულად ნამდვილად ღირდა - მატჩის დასრულებასთან ერთად ხომ სტამბოლში ქართულმა ემოციებმა იფეთქა.

ყველა გახარებული იყო, წყალბურთელებთან ერთად წყალში იზეიმა წარმატება ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვოვა ისელიძემ, ხოლო სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი სპეციალურად თამაშისთვის ჩამოსულ ქომაგთა 50-კაციან ჯგუფს შეუერთდა და მათთან ერთად მიულოცა მთელს საქართველოს ეს წარმატება:

- ეს დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ნაკრები პირველად თავისი არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ჩვენმა გუნდმა ეს დაიმსახურა. დიდი მადლობა ბიჭებს, რომლებმაც თავი დადეს და ძალიან გაგვახარეს.

მადლობა საქართველოდან ჩამოსულ "ქართული სპორტის ქომაგებს", რომლებმაც დიდი დახმარება გაუწიეს ეროვნულ ნაკრებს,
- თქვა ლევან ყიფიანმა.

"ქართული სპორტის ქომაგებს" თურქეშში გამოფენილი ჰქონდათ ტრაფარეტი, რომელსაც ეხატა საქართველოს ერთიანი რუკა, წართმეული კუთხეებიანად და ეწერა: "მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!"

ევროპის ჩემპიონატებსა თუ ოლიმპიადებზე გამოწრთობილმა (რუსეთის სახელით გამოდიოდა, ვიდრე საქართველოს ნაკრები შეიქმნებოდა) რეზო ჩომახიძემ საქართველოს დროშა აღმართა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

- ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება. ჩვენი წყალბურთისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მას წინ უძღოდა დიდი ხნის დაუღალავი შრომა. ყველამ ბევრი ვიმუშავეთ და ამიტომაც იყო შედეგი ლოგიკური. იმედი მაქვს, ქართული წყალბურთის განვითარება ამ ეტაპიდან გაგრძელება.

* * *

მატჩის პერიპეტიებზე დეტალურად მსჯელობა ძალიან შორს წაგვიყვანს, უახლოეს ნომრებში წყალბურთელთა ნაკრების სტამბოლური წარმატების თემას უფრო ვრცლად შევეხებით.

აქ კი შეგვიძლია ერთი რამ ვთქვათ: შეხვედრას თავიდან ბოლომდე საქართველოს ნაკრები აკონტროლებდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს თურქეთმა ზედიზედ ორი ბურთი გაგვიტანა და ორით დაწინაურდა, ხოლო ბოლო წუთებზე დაძაბულ ბრძოლაში სხვაობა სამამდე გაზარდა, ჩვენი გუნდის წყალბურთელები დარბაზში შეკრებილი ქომაგებისგან განსხვავებით წამითაც არ აღელვებულან, იცოდნენ, რას აკეთებდნენ და როგორ უნდა მიეღწიათ იმ შედეგისთვის, რომელიც ელიტარულ 12 გუნდს შორის მოახვედრებდა.

გამოცდილი რევაზ ჩომახიძე ვახსენეთ, მასთან ერთად მთელი გუნდი უნდა გამოვარჩიოთ, მეკარე ზურაბ ჭუმბურიძიდან დაწყებული დაწყებული სნაიპერი მარკო ელაჩათი დამთავრებული (5 გოლი).

* * *

მაშ ასე, ქართულ გუნდურ სპორტში კალათბურთელთა ნაკრების შემდეგ წყალბურთელებმაც დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ მიაღწიეს ევროპის ჩემპიონატს.

შეგახსენებთ, მათთვის სადებიუტო ევრობასკეტზე კალათბურთელებმა მეორე ეტაპზე ითამაშეს და უკვე ტრადიციად აქციეს ევროპის უმთავრეს ფორუმზე თამაში.

ამასვე ვუსურვებთ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს, რომელიც ამ ზაფხულს უნგრეთში ევროპის საუკეთესო 12 ნაკრებს შეუერთდება.

ვაჟა სიმონიშვილი სტამბოლოდან
მკითხველის კომენტარები / 7 /
ფეხბურთიღა დარჩა!!! ფეხბურთელების გარდა ყველამ ითამაშეს ევროპაზე ან მსოფლიოზე,
გიორგი
03:42 03-03-2014
0
"ქართული სპორტის ქომაგებს" თურქეშში გამოფენილი ჰქონდათ ტრაფარეტი, რომელსაც ეხატა საქართველოს ერთიანი რუკა, წართმეული კუთხეებიანად და ეწერა: "მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!"

აა, ნახეს თურქმა "ძმებმა"?
egrisi
03:55 03-03-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული