ავსტრალიის ღიას პირველობა: ტაიფუნი, სახელად კოკო

AutoSharing Option
თუ კაცებში პირველი ნახევარფინალი შვეიცარიულია, ქალებში პირველი წყვილი ამერიკელებმა დააკომპლექტეს. მიუხედავად იმისა, რომ ვინუს უილიამსი ლეგენდაა, მისი გასვლა ოთხ საუკეთესოს შორის, მაინც სენსაციად უნდა მოინათლოს.

პირველ რიგში, ასაკის გამო. უფროსმა უილიამსმა 36 წლისა და 221 დღის ასაკში მოიპოვა ნახევარფინალის საგზური. ის ყველაზე ასაკოვანი ქალი მოთამაშეა 1993 წლის უიმბლდონის შემდეგ, ვინც "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში გააღწია. 24 წლის წინ, მარტინა ნავრატილოვა 36 წლისა და 259 დღის იყო.

გარდა ამისა, ავსტრალიის ღია პირველობა არასოდეს ითვლებოდა ვინუსისთვის საყვარელ ტურნირად. ამერიკელი 22 წლის იყო,
როცა უკანასკნელად გავიდა მელბურნის ნახევარფინალში (2003 წელს) და ახლა, 18-წლიანი პაუზის შემდეგ, გაიმეორა ეს შედეგი.

ვეტერანს რთული მატჩი გამოუვიდა რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვას წინააღმდეგ. ორივე სეტში ამერიკელი ორ-ორჯერ იყო ჩამორჩენილი ბრეიკით და ახერხებდა ჯერ ანგარიშის გათანაბრებას, შემდეგ კი პარტიის აღებას. მეორე სეტში ვინუსი ტაი-ბრეიკსაც აგებდა, მაგრამ 1:3-დან ზედიზედ ექვსი ქულა მოიგო და საათი და 47 წუთის შემდეგ, ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

* * *
ვინუს უილიამსი სეტის წაუგებლად მივიდა ნახევარფინალამდე, სადაც თანამემამულე კოკო ვანდევეგე ელოდება. კოკოს მეოთხედფინალში გაცილებით რთული მეტოქე ელოდა, მაგრამ გაცილებით იოლად შეძლო მოგება. როლან გაროსის ჩემპიონს გარბინ მუგურუსას, პრაქტიკულად, არანაირი შანსი არ ჰქონია.

ესპანელმა მთელი მატჩის განმავლობაში ვერაფერი მოუხერხა ამერიკელის მოწოდებებს, ორად ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა. ვანდევეგეს კი მუდმივად ჰქონდა ბრეიკის შანსები, მაგრამ მხოლოდ რიგით მეშვიდე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა (მეტოქის ორმაგი შეცდომის წყალობით) და ეს საკმარისი აღმოჩნდა პირველი პარტიის მოსაგებად.

მეორე სეტში კი ვანდევეგემ გაზარდა ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის პროცენტი და ეს ანგარიშშიც აისახა - 6:4, 6:0. საათსა და 23 წუთში, ვანდევეგემ ნამდვილი მასტერკლასი ჩაატარა და სრულიად დამსახურებულად გავიდა ნახევარფინალში. შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ამერიკელმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი და მოქმედი ჩემპიონი ანჟელიკ კერბერი დაამარცხა.

ვანდევეგემ გააუმჯობესა კარიერის პირადი შედეგი - აქამდე "დიდ სლემზე" მისი ყველაზე დიდი წარმატება 2015 წელს, უიმბლდონის მეოთხედფინალში გასვლა იყო.

ქალები
1/4 ფინალი
ვანდევეგე (აშშ)-მუგურუსა (ესპ, 7) 6:4, 6:0
ვ. უილიამსი (აშშ, 13)-პავლიუჩენკოვა (რუს, 24) 6:4, 7:6(3)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული