ის ამ დონეზე პირველად მივიდა კარიერაში, გარდა ამისა, 25 წლის კოკო ასაკის მიხედვით იყო ამოვარდნილი საერთო სურათიდან, რადგან ვინუს უილიამსი 36 წლისაა, სერენა უილიამსი - 35 წლის, მირიანა ლუჩიჩი - 34-ის.
ვანდევეგემ წინა ორ ეტაპზე ორი უძლიერესი ჩოგბურთელი - მსოფლიოს პირველი ჩოგანი და მოქმედი ჩემპიონი ანჟელიკ კერბერი და გარბინ მუგურუსა ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა. ამიტომაც, სწორედ მას მიიჩნევდნენ ვინუს
ორი ამერიკელის პირველი სეტი ძალიან დაძაბული გამოვიდა. მათ თავიდანვე ბრეიკები გაცვალეს, შემდეგ დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს. გამარჯვებულის გამოსავლენად ტაი-ბრეიკი გახდა საჭირო. მეტოქეებმა მე-13 გეიმი ზედიზედ ხუთი მინი-ბრეიკით დაიწყეს, შემდეგ ვანდევეგემ დაალაგა მოწოდება, რასაც მეტოქის შეცდომებიც დაემატა - 7:6(7:3).
გამოცდილ ვინუსზე არ უმოქმედია პირველი სეტის წაგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მეორეში მარცხი არ ასცდებოდა. ვანდევეგეს სამ გეიმში შვიდი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი გათამაშება უილიამსმა მოიგო - 6:3. მესამე სეტში, ვინუსმა თავიდანვე გააკეთა ბრეიკი და მიღებაზე შანსი აღარ მისცა თანამემამულეს. კოკო ისევ ბევრს ცდებოდა და ჯამში 51 უნებლიე შეცდომა დაუშვა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია 11 ორმაგი, აგრეთვე 13 ბრეიკ-პოინტიდან გამოყენებული მხოლოდ ერთი შანსი. ვინუსმა უფრო კარგი ჩოგბურთი აჩვენა და კარიერაში მეორედ გავიდა ავსტრალიის ღიას ფინალში - 6:7(3), 6:2, 6:3. უილიამსი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფინალისტი ავსტრალიური ტურნირის ისტორიაში.
* * *
ვინუსმა მელბურნში წინა ფინალი 2003 წელს ითამაშა და მაშინ მას უმცროსი და სერენა უპირისპირდებოდა. ასე იქნება ამჯერადაც. უმცროსი უილიამსი ტურნირის აღმოჩენას მირიანა ლუჩიჩს ეთამაშებოდა. ხორვატმა მორიგი სასწაულის ჩადენა ვერ მოახერხა, რაშიც დამნაშავე ამერიკელის მაქსიმალური კონცენტრაცია იყო.
სერენა თავიდანვე ჩაერთო მატჩში და ბოლომდე არ მოდუნებულა. უილიამსი ბრწყინვალედ აწვდიდა და 26-დან 24 ბურთი მოიგო პირველი მოწოდების შემდეგ. მოკლედ, სერენა ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს და 50 წუთში მოამთავრა საქმე - 6:2, 6:1.
ასე რომ, "დიდი სლემის" ტურნირებზე მეცხრედ შედგება ფინალი დებს შორის. ამ დაპირისპირებაში სერენა წინ არის - 6:2 და აშკარა ფავორიტი იქნება შაბათის მატჩში.
ქალები. 1/2 ფინალი
ვ. უილიამსი (აშშ, 13)-ვანდევეგე (აშშ) 6:7(3), 6:2, 6:3
ს. უილიამსი (აშშ, 2)-ლუჩიჩი (ხორ) 6:2, 6:1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"