ავსტრალიის ღიას პირველობა: გრაფი უკან დარჩა

AutoSharing Option
ქალებს შორის ავსტრალიის წლევანდელი პირველობა ერთ-ერთი ყველაზე უცნაური გამოდგა ისტორიაში.

ამ ტურნირმა, თითქოს, XXI საუკუნის დასაწყისში დაგვაბრუნა, როცა ქალთა ტურში დები უილიამსები დომინირებდნენ. მაშინ, სერენა და ვინუსი "დიდი სლემის" ზედიზედ ოთხი ტურნირის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ოთხივეჯერ გამარჯვებული უმცროსი და დარჩა. სულ მათ შვიდი ფინალი ჰქონდათ "მეიჯორებზე" და ვინუსმა მხოლოდ ორი მოიგო.

უფროსი უილიამსის გასვლა ფინალში დიდი მოულოდნელობა იყო. ვინუსი 36 წლისაა და 2009 წლის შემდეგ არ ყოფილა "დიდი სლემის" ტურნირების გადამწყვეტ მატჩში. მაგრამ, წელს, კარგი მომზადების გარდა, იღბალმაც შეუწყო
ხელი - მეოთხედფინალამდე არ შეხვედრია მეტოქე TOP50-დან, ფინალამდე კი ისე მიაღწია, რომ ტოპ-ოცეულიდან არ ჰყოლია მოწინააღმდეგე.

ასაკისა და გამოცდილების მიუხედავად, პირველ სეტში ორივეს ეტყობოდა ნერვიულობა. სერენაც და ვინუსიც, თავდაპირველად, ქულებს ერთმანეთის შეცდომების ხარჯზე აგროვებდნენ და არა, საკუთარი წარმატებული მოქმედებებით. თავიდან, ვერც ერთი მეტოქე ვერ ახერხებდა საკუთარი მოწოდების შენარჩუნებას. სერენას მდგომარეობაზე კარგად მეტყველებდა მეოთხე გეიმი, რომელშიც მან სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა.

მაგრამ, დროთა განმავლობაში, ყველაფერი დალაგდა. მონაწილეებს უკეთ გამოსდიოდათ კომბინაციები და მიზანს აღწევდა დარტყმები. ამასთან, თანდათან გამოიკვეთა უმცროსი დის უპირატესობა. მეშვიდე გეიმში მან მორიგი ბრეიკი შეასრულა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა სეტში. დის შეცდომების ხარჯზე, მეორე ნომრად განთესილმა უპირატესობა განამტკიცა და 5:4-ზე სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. სერენამ პარტიას წერტილი ზედიზედ ორი ეისით დაუსვა.

მეორე სეტში თამაშის ხარისხი შესამჩნევად გაიზარდა. 1:1-ზე ვინუსს სამმაგი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. და მან ეს მოახერხა, თან საკუთარი აქტიური მოქმედების ხარჯზე. 3:3-ზე სერენამ ისევ მიიღო სამი ბრეიკ-პოინტი. ორი საფრთხე უფროსმა დამ კარგი მოწოდების ხარჯზე მოიგერია, მაგრამ მესამეზე სერენამ მიღებაზე პირველი დარტყმით შეასრულა "ვინერსი". როგორ პირველ სეტში, ახლაც, გადამწყვეტი აღმოჩნდა მეშვიდე გეიმში შესრულებული ბრეიკი.

თავისი გეიმი სერენა უილიამსმა "მშრალი" ანგარიშით მოიგო, 5:4-ზე კი ტიტულზე აწვდიდა. მეათე გეიმში ჩოგბურთელებს ჰქონდათ 24 დარტყმისგან შემდგარი ფანტასტიკური გათამაშება, რომელშიც სერენამ დაუშვა შეცდომა. ანგარიში გახდა 15:30, მაგრამ არანაირი გართულება არ ყოფილა. ვინუსმა არც ისე რთულ სიტუაციებში ორჯერ ბადეს გაარტყა ბურთი და დას მატჩბოლი აჩუქა. შემდეგ კიდევ ერთი შეცდომით დაეხმარა მის რეალიზაციაში - 6:4, 6:4.

სერენა უილიამსმა მეშვიდედ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა და 23-ე ტიტული მოიპოვა "დიდ სლემზე". მან გაუსწრო შტეფი გრაფს და აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა "ღია ერაში". წინ არის მხოლოდ მარგარეტ კორტი, რომელიც პროფესიონალებამდე ეპოქაში ბრწყინავდა. თუმცა, სერენასთვის 24-ე ტიტულამდე მისვლა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. მელბურნში გატარებული ორი კვირის განმავლობაში, მან ერთი სეტიც არ წააგო და დაარწმუნა ყველა, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია.

სერენა და სტატისტიკა
ფინალში თავისი დის დამარცხების შემდეგ, სერენა უილიამსმა ახალი რეკორდი დაამყარა ე. წ. "ღია ერაში" "დიდი სლემის" ტურნირებზე მოგებების რაოდენობით. ამერიკელის ანგარიშზე 23 ტიტულია - მან ერთით გაუსწრო შტეფი გრაფს, რომელმაც თავისი ბოლო ტურნირი იმ წელს მოიგო, როცა სერენამ პირველად გაიმარჯვა.

მთლიანად ჩოგბურთის ისტორიაში კი სერენა მეორე ადგილზე გადავიდა და ერთი ტიტულით ჩამორჩება ავსტრალიელ მარგარეტ კორტს, რომლის კარიერის პიკი გასული საუკუნის 60-იან წლებს დაემთხვა. უმცროსი უილიამსი "დიდ სლემზე" ფინალების რაოდენობით გაუთანაბრა კორტს, მაგრამ ავსტრალიელს მეტი მოგება აქვს. ფინალების რაოდენობით კი აბსოლუტური რეკორდი ეკუთვნის მეორე ამერიკელს კრის ევერტს. იდეალურ ვარიანტში მისი რეკორდის დამხობას სერენა 2018 წლის უიმბლდონზე შეძლებს.

ფინალებში სერენას ყველაზე პოპულარულის მეტოქე ვინუს უილიამსია. მან შვიდი ტიტული მოიგო დასთან ორთაბრძოლაში. ოთხჯერ იყო მისი მეტოქე მარია შარაპოვა და ორ-ორჯერ - ვიქტორია აზარენკა, ანჟელიკ კერბერი და გარბინ მუგურუსა.

ქალები
ს. უილიამსი (აშშ, 2)-ვ. უილიამსი (აშშ, 13) 6:4, 6:4

ქალები. წყვილები
მატეკი/საფაროვა(აშშ/ჩეხ)-ჰლავაჩკოვა/პენგი (ჩეხ/ჩინ, 2) 6:7(4), 6:3, 6:3

მიქსტი
სპირსი/კაბალი (აშშ/კოლ)-მირზა/დოდიგი (ინდ/ხორ, 21) 6:2, 6:4

გოგონები
მარტა კოსტიუკი (უკრ, 11)-რებეკა მასაროვა (შვეიც, 1) 7:5, 1:6, 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული