ალექსანდრე მეტრეველი: ბოლომდე მჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრები მეორე წელიწადია, დევისის თასის გათამაშების ევროაფრიკულ მეორე ზონაში თამაშობს ზედა ეშელონში დასაწინაურებლად. შარშან ჩვენებს გზა დანიელებმა გადაუღობეს. 2017 წლის გათამაშებაში პირველ მეტოქედ ფინეთი გვერგო, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ პაექრობაში 3:2 სძლია.

ამ ზონაში პირველი ჯგუფის ორი საგზურისთვის ბრძოლაში 16 ქვეყნის წარმომადგენლები ჩაებნენ. ბადის ზედა ნაწილში, საქართველოსა და ფინეთის გარდა, მოხვდნენ შვედეთი, ლიტვა, თურქეთი, ტუნისი, კვიპროსი და მადაგასკარი. პირველ რაუნდში შვედეთმა ტუნისს აჯობა 3:2, თურქეთმა კვიპროსი დაამარცხა 4:1,
ხოლო ლიტვამ მადაგასკარს მოუგო 3:2. მეორე წრეში საქართველო ლიტვას, ხოლო თურქეთი შვედეთს უმასპინძლებს. ამ წყვილებში გამარჯვებულები პირველი ზონის საგზურისთვის ერთმანეთთან გაარკვევენ ურთიერთობას, ხოლო ტუნისი, კვიპროსი, ფინეთი და მადაგასკარი ზონაში დასარჩენად იბრძოლებენ.

ფინეთთან მატჩის წინ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი ოპტიმისტურად იყო განწყობილი და საკუთარი გუნდის წარმატებაში დარწმუნებული.

- ვიცოდით, რომ ფინეთს ძლიერი გუნდი ჰყავდა, მაგრამ ჩვენ ამჟამინდელი რეიტინგით სტუმრებზე უკეთესი მდგომარეობა გვქონდა. ამიტომაც ბოლო ბურთამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიმარჯვებდით, - გვითხრა ფედერაციის პრეზიდენტმა პაექრობის დამთავრების შემდეგ. - თუმცა ცივაძემ ბევრი გვანერვიულა.

როცა ვამბობდი, მოვიგებთ-მეთქი, გასაგები იყო ჩვენი პოზიცია - თუ ასეთი რწმენა არ გაქვს, მაშინ კორტზე სათამაშოდ არც უნდა გახვიდე. გუნდში პირველი ასეულის მოთამაშე გყავს, მხოლოდ წარმატებაზე უნდა იფიქრო.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინეთთან თავისი გასაკეთებელი გააკეთა - ერთეულებში ორივე შეხვედრა მოიგო. არ გამკვირვებია, რომ პირველი სეტი დათმო. ჯერ ერთი, რომ ეს არ არის მისი საფარი და შეგუება გაჭირდა, მეორეც - მან, ეტყობა, ჯერ კიდევ ვერ გადახარშა სათანადოდ შარშან თბილისში დანიელებთან წაგება. საკუთარი თავისა და ქომაგების წინაშე რეაბილიტაცია სურდა. დასაწყისში ვერ იგრძნო მეტოქის თამაში და ფსიქოლოგიურადაც გაუჭირდა, მაგრამ იგი პროფესიონალია, ემოციებს მოერია - ხომ ნახეთ მერე, რა იოლად მოიგო მომდევნო სამი სეტი.

- წყვილებზე მინდა გკითხოთ: ბასილაშვილი-ცივაძის ტანდემმა დევისის თასზე ეს უკვე მესამე შეხვედრა წააგო. არადა, წინ ლიტვაა...
- ჩვენ ვფიქრობთ ამ პრობლემის მოგვარებაზე. გვექნება შეხვედრები გუნდის უფროს ირაკლი ლაბაძესა და კაპიტან დავით კვერნაძესთან. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ.

გვყავს ახალგაზრდა ნიჭიერი ჩოგბურთელები, კერძოდ, ალექსანდრე ბაკში და შოთა მეფარიძე, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობენ და ჩოგბურთშიც იქვე იმაღლებენ ოსტატობას. უნივერსიტეტები მათ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას უკრძალავენ - მხოლოდ იქაურ უნივერსიადებში მონაწილეობენ, თუმცა დევისის თასზე გამოსვლა შეუძლიათ.

ვნახოთ, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. საერთო გადაწყვეტილებას კი აუცილებლად მივიღებთ.

- მომავალ მეტოქეზე რას გვეტყოდით?
- მზიურის კორტებზე 7-9 აპრილს ევროაფრიკული მე-2 ზონის ერთ-ერთ ფავორიტს - ლიტვას ვუმასპინძლებთ. ძალიან რთული მატჩი გველის, მაგრამ ამჯერად ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილი გვექნება - ფინელებთან გამარჯვებით ზონაში ადგილი დავიბევეთ. ბალტიისპირელების წინააღმდეგაც, ფაქტობრივად, ორი ჩოგბურთელით ვითამაშებთ.

ისევ ფინელებთან ორთაბრძოლას მინდა დავუბრუნდე: სუომელთა ლიდერი პატრიკ სალმინენი პირველ დღეს არ გამოვიდა კორტზე - ფეხის ტრავმა მოიმიზეზა. ეს სტუმართა მწვრთნელის ტაქტიკური სვლა იყო - იცოდნენ, რომ ბასილაშვილთან ვერაფერს გახდებოდნენ, ამიტომ პატრიკ მიკლას-სალმინენი დაასვენეს, ასე ვთქვათ, ბოლო ორი დღისთვის შემოინახეს. აქცენტი ჯერ წყვილებზე აიღეს და ბოლო ქულაც გუნდისთვის სწორედ პატრიკს უნდა მოეტანა. პირველ დღეს ფინეთი, ფაქტობრივად, მეორე და მეოთხე ნომრებით გვეთამაშა. აბა, რას იფიქრებდნენ, გიორგი ცივაძე სწორედ მათ ლიდერთან მოახდენდა სასწაულს. ეს საფარიც მისთვის ზედგამოჭრილი გამოდგა.

გულშემატკივრების დიდი მადლობელი ვართ. ჩვენი მოგება გარკვეულწილად მათმა ქომაგობამ განაპირობა. ალბათ, უკეთაც შეიძლებოდა თამაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ფინელთა მსგავსი ცვლილებების საშუალება არ გვაქვს. ლიტველებთან გამკლავებაც, უთუოდ, ისევ ბასილაშვილითა და ცივაძით მოგვიწევს.

- 8 თებერვლიდან ტალინში კიდევ ერთი სანერვიულო გექნებათ...
- ფედერაციის თასზე საქართველოს ქალთა ნაკრები A ჯგუფში მოხვდა პოლონეთისა და ავსტრიის გუნდებთან. ძლიერი ჯგუფია. ჩვენი გოგონები ოთხი დღეა, ტალინში არიან კაპიტან მარგალიტა ჩახნაშვილთან ერთად, დღეში ორჯერადი ვარჯიშები აქვთ.

ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს: გუნდის ლიდერია სოფიო შაფათავა. ერთეულებში თამაშის შანსი აქვთ ეკატერინე გორგოძესა და მარიამ ბოლქვაძეს, რომელსაც შარშან კარგი სეზონი ჰქონდა. წყვილებში ასეულის მოთამაშე გვყავს - ოქსანა კალაშნიკოვა.

მოტივაცია არ გვაკლია, დანარჩენს კი უშუალოდ ორთაბრძოლები გვიჩვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული