უიმბლდონის 10 დიადი მატჩი: ყველა დროის საუკეთესო ტაიბრეიკი

AutoSharing Option
ვაგრძელებთ უიმბლდონის ისტორიის შესახებ სტატიების ციკლს. დღევანდელი მოთხრობა ტურნირის ისტორიაში საუკეთესოდ აღიარებულ მატჩზეა, სადაც ყველა დროის საუკეთესო ტაიბრეიკი გათამაშდა.

ბიორნ ბორგი 1980 წლის უიმბლდონს ყველა დროის ერთ-ერთი უდიადესი მოთამაშის რანგში შეხვდა. მან ზედიზედ ოთხჯერ დაიპყრო ლონდონის ბალახი და ხუთჯერ როლან გაროსი.

უიმბლდონამდე ორი კვირით ადრე საფრანგეთის ღიას ფინალში შვედს ვერაფერი მოუხერხა ვიტას გერულაიტისმა და ახლა ბორგი ზედიზედ მეხუთე ტიტულის მოსაპოვებლად ემზადებოდა მისი თამაშის სტილისთვის შეუფერებელ ბალახზე.

უიმბლდონის ორმა კვირამ თითქმის გადაუღებელი წვიმების ფონზე ჩაიარა, კორტები ლამის ჭაობად იქცა. ამინდის შესაფერისი
იყო მამაკაცთა ტურნირის მატჩები და იმ წლის გათამაშება, წესით, ყველაზე მოსაწყენი უნდა გამოსულიყო. ერთიმეორის მიყოლებით ეთიშებოდნენ ბრძოლას ყოფილი და მომავალი ლეგენდები - მეორე წრეში წააგო წარსულში დიადმა იან კოდეშმა, მესამეში - მომავალმა ვარსკვლავმა ივან ლენდლმა და ასაკთან მებრძოლმა ილიე ნასტასემ.

ბორგი კი საზეიმო მარშით მიიწევდა წინ და გზად მხოლოდ ორი სეტი დაკარგა. მეორე ნომრად განთესილი ჯონ მაკინროი კი, ტრადიციულად, ყოველ მატჩში შოუს დგამდა, როგორც წესი, ნეგატიური ხასიათის.

თავიდან ჯონმა კინაღამ წააგო მეორე წრეში მსოფლიოს 112-ე ჩოგანთან, ავსტრალიელ ტერი როკავერტთან, შემდეგ ნერვების დემონსტრაცია მოაწყო ნახევარფინალში. ჯიმი კონორსთან ოთხსეტიანი მატჩის დროს მან 14-ჯერ გაარკვია ურთიერთობა არბიტრთან და საბოლოოდ, პერსონალური გაფრთხილება მიიღო - ეს იყო პირველი შემთხვევა უიმბლდონის ისტორიაში. საბოლოოდ, მაკინრომ მოიგო, თუმცა საზოგადოებრივი აზრის მის წინააღმდეგ იყო.

ისევე, როგორც სამი წლის წინ, ცენტრალურ კორტზე შვედის მეტოქის წარდგენისას პუბლიკამ სტვენა ატეხა. მაკინროიმ პირველი სეტი გაფუჭებული მოწოდებით დაიწყო და 6:1-ით (თავის სასარგებლოდ) დაასრულა. ამერიკელმა ორი ბრეიკი გააკეთა - მეორე და მეექვსე გეიმებში და აკურატულად მოჭრა ბურთი ბადესთან სეტბოლის დროს. პირველ პარტიას ნახევარი საათიც არ დასჭირდა. არცერთ მეტოქეს რაიმე განსაკუთრებული არ უჩვენებია. ჩვეულებრივი, უმაღლესი დონის ჩოგბურთი იყო.

მეორე სეტში შვედმა უფრო აქტიურად დაიწყო თამაში და ბადესთან გასვლებსაც მოუხშირა. აღარ შეიმჩნეოდა მაკინროის უპირატესობა სისწრაფეში. თუმცა ამერიკელს რჩებოდა ერთი ერთგული იარაღი - მოწოდება. თუ პირველი მოწოდების მხრივ ყოველთვის ვერ იყო საქმე კარგად (მთელი მატჩის განმავლობაში მისი სიზუსტის მაჩვენებელი 50 პროცენტზე ოდნავ მეტი იყო), მეორე ჯონს საუკეთესო ჰქონდა მსოფლიო ჩოგბურთში. მაკინროის მოწოდებაზე პირველ ცხრა გეიმში შვედმა მხოლოდ 13 ქულის აღება შეძლო.

გასაკვირი არ არის, რომ მეორე სეტში მეტოქეები ერთიმეორის მიყოლებით იღებდნენ საკუთარ გეიმებს, სანამ 6:5-ზე (ბორგის სასარგებლოდ) ამერიკელმა არ გააფუჭა თითქმის ყველა გასვლა ბადესთან. ერთხელ ბორგმა მას მოკლე დარტყმით აჯობა, ერთხელ კარგად ითამაშა მიღებაზე, ორჯერ კი თავად მაკინროიმ გაარტყა ბურთი ბადეს. ცენტრალური კორტი ახმაურდა - ბორგმა სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

ჩემპიონმა თავისი რიტმი იპოვა და მიუხედავად იმისა, რომ მაკინროი აგრძელებდა საკუთარ მოწოდებაზე დომინირებას, შეძლო მეორე გეიმში ბრეიკის გაკეთება. ეს საკმარისი აღმოჩნდა - პარტიის ბოლომდე ჩოგბურთელებს საკუთარი მოწოდება აღარ წაუგიათ და სეტი ბორგმა 6:3 მოიგო. თამაში ჩვეულ კალაპოტში ჩადგა, რასაც ფავორიტის დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოეტანა. ყოველ შემთხევაში, იმ მომენტში ყველა ასე ფიქრობდა, გარდა 21 წლის მაკინროისა.

როცა მეოთხე სეტის მეცხრე გეიმში ბორგმა მორიგი ბრეიკი გააკეთა, ყველა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ საქმე დამთავრებული იყო. თავის მოწოდებაზე შვედი 40:15 დაწინაურდა, ეს კი ორმაგ მატჩბოლს ნიშნავდა. შემდეგი ორი გათამაშება თითქმის ერთნაირად დასრულდა - ბიორნი ბადესთან გადიოდა, ჯონი შემოვლით დარტყმას ასრულებდა.

მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მეორე მატჩბოლი მოიგერია, ტრიბუნებმა პირველად დააჯილდოეს აპლოდისმენტებით მაკინროი. შემდეგ გათამაშებაში ჯონმა ბადესთან გაიტყუა მეტოქე და მორიგი წარმატებული შემოვლითი დარტყმა შეასრულა. პირველი ბრეიკი პარტიაში და ამერიკელის პირველი (და არა უკანასკნელი) სასწაულებრივი გადარჩენა.

საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელიც ამერიკელის ბრწყინვალე "სმეშით" გაიხსნა. მეტოქეები სტაბილურად იღებდნენ ქულებს საკუთარ მოწოდებაზე, სანამ 4:4-ზე შვედმა პირველი მინი-ბრეიკი არ გააკეთა. შემდეგი ქულა მაკინროიმ მოიგო და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ბორგი ისევ წინ გავიდა და მორიგი მატჩბოლი მიიღო.

აქედან დაიწყო შოუ, რომლის გამოც ეს ტაიბრეიკი საუკეთესოდ არის აღიარებული ჩოგბურთის ისტორიაში. ცნობისთვის, ამ მატჩში პირველი სეტი 28 წუთი გრძელდებოდა, მეოთხე სეტის ტაიბრეიკმა კი ექვსი წუთით ნაკლები წაიღო. შვედს ხუთი მატჩბოლი ჰქონდა, ამერიკელს - შვიდი სეტბოლი.

მაყურებელი მიხვდა, რომ ახალი ლეგენდის მოწმე ხდებოდა და ხმას არ იღებდა, მხოლოდ რომელიმე მეტოქის მორიგი გმირობის შემდეგ უკრავდა ტაშს. როცა ჩოგბურთელები 15:15-ის შემდეგ მოედანს ცვლიდნენ, ტრიბუნები ისე ესალმებოდნენ მათ, თითქოს სულ ახლახან ჩემპიონატი მოიგესო. მაკინროიმ მე-16 ქულა ბორგის მოწოდებაზე აიღო - "მკვდარი" ბურთი გადაარჩინა, მაგრამ მომდევნო გათამაშებაში სეტბოლზე სულელური შეცდომა დაუშვა - ბადესთან გასულმა აუტში გაუშვა ბურთი. იქვე ბორგმაც გაუკეთა საჩუქარი მოწინააღმდეგეს და ჯონმა მორიგი სეტბოლი მიიღო.

ბორგი აწვდის, მაკინროი კორტის ცენტრში გზავნის ბურთს, სადაც შვედმა მიირბინა, მაგრამ მაქსიმალურად რთული დარტყმა განიზრახა და ბადეს გაარტყა ბურთი! 18:16 - მაკინროის გამარჯვება ტაიბრეიკზე და სეტში.

მეოთხე პარტიაში რკინის ნერვების მქონე შვედმა შვიდი მატჩბოლი ვერ გამოიყენა. მის მდგომარეობას პანიკური ეთქმოდა. მოგვიანებით ბიორნმა განაცხადა: "მაშინ ერთი წამით გავიფიქრე - ასე ხომ შეიძლება წავაგო?!" ბოლო ჩოგბურთელი, ვისაც ფინალის მსვლელობისას მატჩბოლი ჰქონდა და მაინც წააგო უიმბლდონი, ავსტრალიელი ჯონ ბრომვიჩი იყო. ეს შორეულ 1948 წელს მოხდა. 32 წლის შემდეგ ბორგს არ სურდა ამ სიის შევსება.

გადამწყვეტ სეტში ჩემპიონს რამდენიმე უპირატესობა ჰქონდა. ჯერ ერთი, შვედი პირველი აწვდიდა და რადგან ორივე ჩოგბურთელი საკუთარ გეიმებში თითქმის იდეალურად თამაშობდა, მაკინროი ყოველი თავისი მოწოდების წინ მდევრის როლში იქნებოდა. რა თქმა უნდა, იმ ადამიანისთვის, რომელმაც ერთ სეტში შვიდი მატჩბოლი მოიგერია, ეს უმნიშვნელო დისკომფორტი იყო.

ბორგის მეორე უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ ჯონის ნახევარფინალი კონორსთან წვიმის გამო ორი დღე გაგრძელდა. ასე რომ, შვედს ერთით მეტი დასვენების დღე ჰქონდა. დაბოლოს, ერთეულთა ფინალამდე მაკინროიმ წყვილთა თანრიგის ფინალშიც ითამაშა, სადაც პიტერ ფლემინგთან დუეტში წააგო ავსტრალიელებთან - მაკნამარასთან და მაკნამისთან. დაღლილობა თანდათან გავლენას ახდენდა მაკინროის თამაშზე - მეხუთე სეტში მეტოქეს შვიდი ბრეიკ-პოინტი მისცა, თუმცა ბორგმა ეს უპირატესობა ვერ გამოიყენა. მაყურებელი შოკირებული იყო - ბიორნმა მატჩის განმავლობაში 14 ბრეიკ-პოინტი გაანიავა!

7:6-ზე ბორგის სასარგებლოდ მაკინროი მოსაწოდებლად გავიდა. პირველი გათამაშებისას ბურთი ბადეს მოხვდა, იგივე იყო მეორეში, ოღონდ ამჯერად ბორგმა მიიღო ცუდად ბურთი. შემდეგი ქულა სკანდინავიელმა მიღებიდან იდეალური კროსით მოიგო. როცა ამერიკელმა მოჭრილი დარტყმის შესრულებისას ბადეს გაარტყა ბურთი, ბორგმა მერვე მატჩბოლი მიიღო. ამჯერად ყველაფერი იდეალურად გამოვიდა - მიღება, მაკინროის ბადესთან გასვლა და ბრწყინვალე კროსი მარცხნიდან. შვედი ექსტაზში მუხლებზე დაეცა. უიმბლდონის 103-წლიან ისტორიაში უდიადესი ფინალი დასრულებული იყო.

მატჩის შემდეგ ბორგი უჩვეულო სანახავი იყო. ის სახეს ხელებით იფარავდა, არადამაჯერებლად იღიმებოდა - თითქოს მომხდარის არ სჯეროდა. ის მხოლოდ 24 წლის იყო, მაგრამ იმ დღეს თითქოს მის გონებაში რაღაც შეიცვალა.

"დიდი სლემის" ტურნირების მორიგი სამი ფინალი მაკინროისთან წააგო (ორჯერ აშშ-ის ღია და 1981 წლის უიმბლდონი) და მხოლოდ ივან ლენდლი დაამარცხა პარიზში. კიდევ ერთი წლის შემდეგ სეზონში მხოლოდ ერთი ტურნირი ითამაშა - მონტე კარლოში მეოთხედფინალში წააგო იანიკ ნოასთან. ნახევარი წლის შემდეგ, 1983 წლის იანვარში, 26 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ყველაზე შოკისმომგვრელი ეს განცხადება ჯონ მაკინროისთვის აღმოჩნდა, რომელმაც სცადა შვედის გადარწმუნება, მაგრამ არ გამოუვიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული