2008 წლის 29 ივნისს ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებმა ტრიუმფალურად მოიგო ევროპის ჩემპიონატი. ესპანეთის ქალაქებში კარნავალი რამდენიმე დღე გრძელდებოდა, მაგრამ გულშემატკივრებმა თანდათან გააცნობიერეს, რომ ისინი ახლოს იყვნენ ორმაგ საზაფხულო ტრიუმფთან - იმდენად ბრწყინვალე იყო მათი თანამემამულე პარალელურად მიმდინარე უიმბლდონზე.
იმ წელს მსოფლიოს პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი საბოლოოდ უნდა შესულიყო ლეგენდებში. მან უკვე გაიმეორა ბიორნ ბორგის სახელობის "ღია ერის" რეკორდი (ზედიზედ ხუთი მოგება) და ახლა უილიამ
არადა, არაოფიციალურად აღიარებულ ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელს ნადალთან კატასტროფული პირადი სტატისტიკა ჰქონდა. თუმცა ესპანელთან წაგებების ძირითადი წილი გრუნტის საფარზე მოდიოდა, ბალახზე კი როჯერს ორიდან ორი თამაში ჰქონდა მოგებული რაფასთვის. მართალია, ფედერერმა ერთი თვით ადრე როლან გაროსის მორიგი ფინალი წააგო, თანაც სამ სეტში, მაგრამ იქვე განაცხადა, რომ "ნადალის კომპლექსი" წარსულს ჩაბარდა.
რაფაელი ლონდონში ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობდა. მან კორტებთან ახლოს იქირავა სახლი და ფეხით დადიოდა მატჩებზე. სეირნობდა ქალაქში, ესალმებოდა გამვლელებს, გულშემატკივრობდა ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს, რომელმაც არ დააღალატა. მოსინჯა ძალები ჟურნალისტიკაში - საკუთარი ბლოგი ჰქონდა The Times of London-ში, კითხულობდა მარიო პიუზოს...
პარალელურად, ნადალი თავის ცხოვრებაში საუკეთესო ჩოგბურთს თამაშობდა. ერთადერთი პარტია ფინალამდე ლატვიელ ერნესტ გულბისთან წააგო. მეოთხედფინალში მთელ ბრიტანეთს ენდი მიურეის იმედი ჰქონდა, რომელიც უსასტიკესად დაამარცხა ესპანელმა. შესაძლოა, მატჩი ცხრა პარტიისგან რომ შემდგარიყო, ბრიტანელს მართლაც გაემარჯვა - ყოველ სეტში ენდი ერთით მეტ გეიმს იღებდა - 2:6, 3:6, 4:6. ნახევარფინალში გერმანელ რაინერ შუტლერზე გამარჯვებამ ყველას მოაგონა ევრო 2008-ის ფინალი, რომელშიც ესპანეთის ნაკრებმა გერმანია დაამარცხა. რაფამ სამი სეტი აიღო და ფინალში გავიდა.
* * *
არ ღირს ამ მატჩის დეტალების დაწვრილებით აღწერა. ის სულ რაღაც სამი წლის წინ ჩატარდა და ყველას ნანახი ექნება. ვისაც არ უნახავს, სჯობს ჩაუჯდეს, რადგან ერთხელ ნანახი სჯობს მოყოლილს.
ბუნება სუპერმატჩის სრულფასოვანი მონაწილე გახდა. ფინალის დაწყება წვიმის გამო ნახევარი საათით გადაიდო. შეხვედრის სტარტი ნადალის ზეწოლით მიმდინარეობდა - პირველი ორი სეტი მან ერთნაირი ანგარიშით - 6:4 მოიგო. თავიდან ფედერერმა უკვე მესამე გეიმში დაკარგა მოწოდება, შემდეგ კი ბრეიკ-პოინტის რეალიზება ვერ შეძლო. მეორე პარტიაში, როგორც იქნა, ამუშავდა როჯერის ფორჰენდი. ამან თავისი შედეგი გამოიღო - 1:0-ზე ფედერერმა ბრეიკი გააკეთა. ის მეშვიდე გეიმამდე ლიდერობდა, მაგრამ 30:40-ზე ნადალის მოჭრილმა დარტყმამ იმუშავა - ბადესთან გასულმა შვეიცარიელმა მას ვერაფერი მოუხერხა და ბურთი აუტში გაუშვა. ყველაფერი თავიდან დაიწყო.
საინტერესო მომენტი მოხდა მერვე გეიმში - "თანაბარზე" ნადალის მოწოდებისას შვეიცარიელი ბადესთან გავიდა, მაგრამ ჰაერიდან დარტყმისას შეცდა. მანამდე წამით ადრე ტრიბუნაზე ვიღაცამ ვერ მოითმინა და ხმამაღლა დაიყვირა. ყოველთვის თავშეკავებული და კორექტული როჯერი იმ მომენტში განრისხებულ ლომს ჰგავდა. ასეა თუ ისე, ესპანელმა გადაარჩინა გეიმი და მოიგო მეორე სეტი. თუმცა ფედერერის განრისხების შემდეგ ნერვიულობის საბაბი ნადალსაც მიეცა - ბოლო გეიმში 30:30-ზე ფრანგმა მსაჯმა ესპანელს მოწოდებისას დროის გაყვანისთვის გაფრთხილება მისცა. ეს იყო უნიკალური შემთხვევა უიმბლდონის ფინალების ისტორიაში. თუმცა შვეიცარიელი ამაზე ნაკლებად ფიქრობდა - გავიდა საათნახევარი, ის კი უიმედოდ აგებდა მატჩს, რომელიც მისი ტრიუმფის უმაღლესი წერტილი უნდა გამხდარიყო.
მომდევნო პარტიის მესამე გეიმში სველ კორტზე რაფას ფეხი დაუცდა და კინაღამ დაიზიანა ისედაც ტრავმირებული მარჯვენა მუხლი. შესაძლოა, ამან იმოქმედა ფედერერზე დადებითად, ან კიდევ იმან, რომ შვეიცარიელმა, როგორც იქნა, გაიხსენა, ვინ იყო სინამდვილეში. ასეა თუ ისე, ესპანელმა უფრო ფრთხილად დაიწყო თამაში. და უცნობია, რა იქნებოდა შემდეგ, ბუნებას ნადალისთვის ბოდიშის მოხდა რომ არ გადაეწყვიტა - ისევ გაწვიმდა და 5:4-ზე ფედერერის სასარგებლოდ მეტოქეები იძულებულ შესვენებაზე გავიდნენ.
ეს პაუზა ზუსტად 100 წუთი გაგრძელდა. ფედერერი კიდევ უფრო ძლიერად ათამაშდა, მაგრამ რაფამ მაინც მიიყვანა საქმე ტაი-ბრეიკამდე. თუმცა იქ უკვე როჯერმა გამოავლინა გადამწყვეტ გათამაშებებში მისთვის დამახასიათებელი დიადი ხელოვნება. 6:5-ზე მან ეისი ჩააწოდა და სეტი მოიგო.
იმ მომენტისთვის მეტოქეები პრაქტიკულად გრუნტზე თამაშობდნენ - წვიმით გაფუჭებული და გათელილი ბალახი როლან გაროსის საუკეთესო ტრადიციებით მოქმედებდა. მეოთხე სეტის მეათე გეიმში როჯერი 0:30-ს აგებდა, მაგრამ გადაარჩინა თამაში და მაყურებელს კვლავ ტაი-ბრეიკის ხილვა მოუწია.
იქ ფედერერმა ისევ წარმოაჩინა თავისი სიდიადე. მინი-პარტია 2:5-დან გადაარჩინა, როცა ბრწყინვალე სტილში მოიგერია ესპანელის ორი მატჩბოლი, შემდეგ კი მეორე მოწოდებიდან აიძულა რაფას, მიღებისას კორტისთვის აეცილებინა ბურთი. 10:8 და სტატუს-კვო აღდგა. თამაშის დაწყებიდან სამ საათზე მეტი იყო გასული.
უკვე ყველა ხვდებოდა, რომ ლეგენდის დაბადებას ესწრებოდა. და ისევ ჩაერია საქმეში ინგლისური ამინდი. ფედერერის მოწოდებისას 2:2-ზე და "თანაბარზე" მეტოქეები მეორედ გავიდნენ გასახდელში. შესვენება ნახევარი საათი გაგრძელდა და როცა ჩოგბურთელებმა მატჩი განაახლეს, ადგილობრივი დროით უკვე ცხრის ნახევარი იყო. ჩამოწოლილ ბინდთან ერთად ჩოგბურთელებს დაღლილობა შეეპარათ. პირველ რიგში, ეს შვეიცარიელზე ითქმის. მე-11 და მე-13 გეიმებში ის ნადალს ბრეიკ-პოინტებს აძლევდა, მაგრამ საკუთარი ოსტატობისა და იღბლის წყალობით ახერხებდა მატჩის გადარჩენას. მაგრამ სულ ასე ვერ გაგრძელდებოდა. 7:7-ზე ფედერერის მოწოდებისას ესპანელმა ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო, როჯერმა ორივე საფრთხე მოიგერია, შემდეგ მესამეც, მაგრამ მეოთხეზე ძალა აღარ ეყო - მოედნის ცენტრიდან შვეიცარიელმა ფორჰენდით ბურთი უკანა ხაზს გადააცილა.
გადამწყვეტი გეიმი ნადალმა თითქმის იდეალურად ითამაშა. პირველი ქულის წაგების შემდეგ, ორ მომდევნო გათამაშებაში მოწოდების ხარჯზე კორტს მიღმა უშვებდა ფედერერს და ჰაერიდან იღებდა ქულას. საინტერესოა, რომ სწორედ ამ მომენტში გამოიყენა რაფამ ქულის მოსაგებად serve-and-volley-ს სტილი. ფედერერმა 40:40-მდე მიიყვანა ანგარიში - მოიგერია რიგით მესამე მატჩბოლი. მაგრამ საკმარისი იყო, მისი გამომეტყველებისთვის შეგეხედათ, მაშინვე მიხვდებოდით, რომ ის მხოლოდ ინსტინქტებით მუშაობდა და არ სჯეროდა საკუთარი გამარჯვების. ესპანელმა იდეალურად შეასრულა პირველი მოწოდება - როჯერი მისწვდა ბურთს, მაგრამ სადღაც შორს გაუშვა. ესპანელმა მეოთხე მატჩბოლი მიიღო და მოკლე გათამაშების შემდეგ ფედერერმა ბურთი ბადეს მოარტყა. ჩამავალი მზის სხივების ფონზე ექსტაზში მყოფი რაფა ბალახზე ეცემა. უიმბლდონის ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი მატჩი დასრულდა!
ერთი თვის შემდეგ ნადალმა ბოლო მოუღო ფედერერის სარეკორდო, 237-თვიან ბატონობას მსოფლიოს რეიტინგში. მატჩი, რომელიც ბევრი ექსპერტის მიერ ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესოდ არის აღიარებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"