გიბსონების ოჯახი თავს სწორედ ბამბის შეგროვებით ირჩენდა და შემოსავლის დიდ ნაწილს მიწის მეპატრონეს უტოვებდა. საუკეთესო წლებშიც კი ოჯახს უჭირდა, ხოლო კრიზისმა და გვალვამ უაზრობად აქცია თუნდაც ერთი დღით სამხრეთ კაროლინაში დარჩენა. გიბსონებმა თან წაიყვანეს სამი წლის ალთეა და ნიუ იორკში გადასახლდნენ, სადაც მამა ავტომექანიკოსად მოეწყო.
მომავალი ჩემპიონი მძიმე და საშიშ ჰარლემში იზრდებოდა. სკოლა დიდად არ ხიბლავდა ალთეას. თანატოლებთან ურთიერთობა
* * *
საეჭვო მომავლისგან ალთეა სპორტულმა მოედანმა იხსნა. იმ დროს ამერიკული პოლიცია მიხვდა, რომ გაცილების მარტივია და სასარგებლოა იზრუნოს ღარიბი რაიონებიდან გამოსულ ბავშვებზე, ვიდრე ორი წლის შემდეგ, ისინი ნარკოტიკების მოხმარებისთვის და შენახვისთვის დაიჭიროს. ამიტომაც აამოქმედა "პოლიციური სპორტული ლიგა". ამ ორგანიზაციის მოხალისეებმა მთელს შტატებში მოიზიდეს ბავშვები სპორტში.ერთხელ დილით, სკოლისკენ მიმავალმა ცხრა წლის გიბსონმა სქვოშის კორტი შეამჩნია. იმავე დღეს, მოხალისეებმა ჩოგანი მისცეს და რამდენიმე წუთის შემდეგ, გაკვირვებულნი იყვნენ დარტყმების ძალითა და თამაშის ათვისების ტემპით. ბურთის დარტყმა მომავალ ჩემპიონს ისე მოეწონა, რომ სამი წლის შემდეგ, სქვოშში ქალაქის ჩემპიონატი მოიგო.
ჩემპიონობისკენ გზა შეუძლებელია ბედის განმსაზღვრელი შეხვედრების გარეშე. ტურნირზე ალთეა შეამჩნია ბადი უოკერმა - მუსიკოსმა და პარკებისა და დასვენების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. ჩემპიონს გამარჯვება მიულოცა, გვერდზე გაიყვანა, ძველი ჩოგანი აჩუქა და ჩოგბურთში ძალების მოსინჯვა შესთავაზა. სანამ ახალი ნაცნობი წინადადებას დაასრულებდა, ენერგიულ ალთეას თანხმობა უკვე მიცემული ჰქონდა. მომდევნო დღეს, უოკერმა გოგონა ჰარლემის კოსმოპოლიტური კლუბის კორტზე წაიყვანა და თამაშის წესები აუხსნა. ბადის ახალი მოწაფის პროგრესი ყველამ შეამჩნია. უკვე ორი დღის შემდეგ, დებიუტანტმა ორი სეტი გაძლო პროფესიონალი ფრედ ჯონსონის წინააღმდეგ. პარტიის დასრულების შემდეგ, ფრედმა ინდივიდუალური ვარჯიშები შესთავაზა გოგონას.
რჩებოდა ერთი პრობლემა - გიბსონების ოჯახს არ შეეძლო საწევროს გადახდა, რომელიც სიმბოლურ თანხას შეადგენდა. და აქ კლუბის სხვა მოთამაშეები დაეხმარნენ - ჯონსონთან ერთად ისინი იხდიდნენ საწევროსაც და გაკვეთილების ფულსაც. განსაკუთრებით შეუყვარდა გოგონა მისის როდა სმიტს, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე ქალიშვილი დაკარგა უბედური შემთხვევის გამო. ის აღზრდას მოკლებულ გოგონას ეტიკეტის ნორმებს ასწავლიდა და მისთვის საჩოგბურთო ფორმას იძენდა.
* * *
დებიუტანტის თვალებში მრისხანება და შემართება აშინებდათ მეტოქეებს - ალთეას თითქოს ჩხუბი სურდა და არა ჩოგბურთის თამაში. გოგონას ბოლომდე არ ესმოდა, როგორ ეკონტროლებინა მრისხანება, მაგრამ ყოველ მატჩთან ერთად სწავლობდა აგრესიის კორტზე დატოვებას და უფრო მშვიდი ხდებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. 1941 წელს, მან მოიგო ნიუ იორკის ჩემპიონატი ფერადკანიანი მოთამაშეებისთვის, ამას მოჰყვა გამარჯვებები ჩრდილო-დასავლეთის უმსხვილეს ტურნირებზე. ხუთი წლის შემდეგ, 19 წლის ჩემპიონი ვირჯინიაში საწვრთნელ ბანაკში გადავიდა, როგორც იქნა დაასრულა სკოლა და მიიღო ფლორიდას უნივერსიტეტის სპორტული სტიპენდია. იმ დროისთვის ის უკვე დომინირებდა არათეთრი მოთამაშეებისთვის განკუთვნილ ყველა საჩოგბურთო ტურნირზე.თეთრებისთვის განკუთვნილ ტურნირებზე კარი დაკეტილი იყო. აშშ-ის საჩოგბურთო ასოციაციას თავის წესდებაში ეწერა, რომ შავკანიანებს ეკრძალებოდათ ტურნირებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, დიდმა საჩოგბურთო სამყარომ იცოდა აფროამერიკელის წარმატებების შესახებ, მაგრამ ასოციაცია მის ყველა განაცხადზე უარს ამბობდა.
მაგრამ მოპირდაპირე მხარეს ყველა არ ყოფილა წინააღმდეგი. გარდამტეხი მომენტი 1950 წელს მოხდა, როცა ამერიკის ღია პირველობის ოთხგზის ჩემპიონმა ელის მარბლმა სტატია გამოაქვეყნა American Lawn Tennis Magazine-ში:
"თუ ჩვენ ვლაპარაკობთ თამაშზე კეთილშობილი ქალბატონებისთვის და ჯენტლმენებისთვის, დროა შესაბამისად მოვიქცეთ და არა ისე, როგორც იქცევიან თვითკმაყოფილი პირფერები. თუ ალთეა გიბსონი წარმოადგენს გამოწვევას ამჟამინდელი ჩოგბურთელებისთვის, მაშინ სამართლიანი იქნება ამ გამოწვევასთან კორტზე შეხვედრა. ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ ასეთი დონის მოთამაშეებზე".
* * *
იმ წელს, ასოციაციამ დაუშვა ალთეა ამერიკის ღია პირველობაზე, ერთი წლის შემდეგ კი მან მოიგო პირველი საერთაშორისო ტურნირი კარიბებზე და აშშ-ის 10 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის მოხვდა. ალთეამ შეინარჩუნა გიჟური ხასიათი. აშშ-ში ათეულობით ტურნირის მოგების შემდეგ, მან კინაღამ მიატოვა ჩოგბურთი არმიის გამო. ფუნქციონერები მიხვდნენ, რომ მათი ახალი კოზირისთვის ცხოვრებაზე ფიქრის დრო არ უნდა მიეცათ, ამის ნაცვლად, საჭირო იყო ახალი გამოწვევები. ალთეა გაუშვეს ინდოეთში, პაკისტანსა და ბირმაში: ის ყველგან გამორჩეული იყო 180 სანტიმეტრი სიმაღლით, ბადესთან აგრესიული თამაშითა და მძლავრი მოწოდებით.1955 წელს მოიგო პირველი "სლემი" - როლან გაროსი, მაგრამ მისთვის ყველაზე წარმატებული სეზონი გახდა 1957 წელი: ყველა გაანადგურა უიმბლდონზე ერთეულებსა და წყვილებში, შემდეგ კი მშობლიური აშშ-ის ღია პირველობა დაიპყრო. ნიუ იორკში მის საპატივცემულოდ საზეიმო აღლუმი გაიმართა, რის შემდეგაც ალთეა დააჯილდოვეს ქალაქის ბრინჯაოს მედლით მათ ახალი კოზირისთვის.
ერთი წლის შემდეგ, მან ერთეულებში ორივე ტიტული შეინარჩუნა, პრესის ასოციაციამ კი პირველად აირჩია აფროამერიკელი წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად - 1957 და 1958 წლებში. 1959 წელს კი დიადმა შავკანიანმა ჩემპიონმა 31 წლის ასაკში დაასრულა კარიერა ბანალური მიზეზით - არ ეყო ფული. "ღია ერამდე" ტურნირებისგან ფინანსური დივიდენდები არ არსებობდა: ალთეა საჩვენებელ მატჩებს ატარებდა 20 დოლარის სანაცვლოდ და ამას მსხვერპლად სწირავდა ვარჯიშებსა და ტურნირებს.
* * *
ნიჭიერმა გიბსონმა გადადო ჩოგანი და სხვა სფეროებში სცადა ბედი: ჯერ ჩაწერა მუსიკალური ალბომი "ალთეა გიბსონი მღერის", მოგვიანებით ფულს შოულობდა რადიოში საჩოგბურთო ტრანსლიაციების კომენტირებით, გამოუშვა ავტობიოგრაფია - "ყოველთვის მინდოდა ვინმე გამოვსულიყავი", 1964 წელს კი ქალ გოლფისტთა პროფესიული ასოციაციის პირველი შავკანიანი მონაწილე გახდა.გიბსონი შეჩვეული იყო მოგებას, გოლფში კი ისეთი წარმატებით ვერ გამოსდიოდა, როგორც ჩოგბურთში. "ღია ერის" დაწყებასთან ერთად, დაუბრუნდა ჩოგბურთს საპრიზო თანხების მოგების იმედად, მაგრამ ფინალებამდეც ვერ აღწევდა. 41 წლის ალთეა გაოგნებული იყო ახალი ჩოგბურთით - მეტოქეები გაცილებით სწრაფად დარბოდნენ.
70-იანი წლების დასაწყისში, კარიერის მეორედ დასრულებისა და ჩოგბურთის დიდების დარბაზში მოხვედრის შემდეგ, უიმბლდონის პირველი შავკანიანი ჩემპიონი სპორტში მმართველ პოზიციებზე დარჩა, 1975 წელს კი მუშაობდა სპორტის წარმომადგენლად ნიუ ჯერსის შტატიდან. ცხოვრების ბოლო წლები, ისევე როგორც ადრეული, ძალიან მძიმე გამოდგა მისთვის: ყოფილი ჩოგბურთელი თითქმის გაკოტრდა და მხოლოდ ბილი ჯინ კინგისა და სხვა ჩოგბურთელების დახმარებით არსებობდა.
ალთეას მთავარი მიღწევაა - არა ტიტულები, არამედ აღმაფრენა ათასობით აფროამერიკელი სპორტსმენისთვის - დებ უილიამსებს არა ერთხელ უწოდებიათ მისთვის კერპი. გიბსონი რთულ დროში დაიბადა, მაგრამ ჩოგბურთის წყალობით სასტიკი სპორტული სამყარო მოარჯულა და სპორტი მავნე ფიქრებზე მაღლა დააყენა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"