უიმბლდონი - როჯერ ფედერერის სამფლობელო

AutoSharing Option
ესპანელი გარბინ მუგურუსა და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი 2017 წლის უიმბლდონის ჩემპიონები გახდნენ. მამაკაცთა და ქალთა პროფესიულ ტურში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ორივე შედეგი კანონზომიერი გახდა - გარბინი და როჯერი აშკარად აღემატებოდნენ დანარჩენ მონაწილეებს...

გარბინ მუგურუსა ფინალში ამერიკელ ვეტერანს ვინუს უილიამსს ხვდებოდა. ეს იყო ამ ჩოგბურთელთა რიგის მეოთხე შეხვედრა. წინა ოთხი მატჩის შემდეგ წინ უილიამსი იყო - 3:1, მაგრამ მათი ბოლო შეხვედრა (წლევანდელ სეზონში რომის ტურნირზე) ესპანელის გამარჯვებით დასრულდა.

23 წლის მუგურუსასთვის ეს იყო მესამე ფინალი "დიდი სლემის" ტურნირებზე: 2015 წელს, უიმბლდონზე
მან სერენა უილიამსთან წააგო, თუმცა, 2016 წელს რევანში აუღო როლან გაროსის გადამწყვეტ მატჩში. ახლა, მას უწევდა ტიტულისთვის ბრძოლა 37 წლის ვინუს უილიამსთან, რომელსაც "დიდ სლემზე" 7 ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის, ხუთი - უიმბლდონზე.

ფინალამდე ორივე ჩოგბურთელი შესანიშნავად გამოიყურებოდა. ამერიკელს მხოლოდ ჩინელ ციან ვანგთან შეექმნა პრობლემები, თუმცა მესამე სეტი ძალიან დამაჯერებლად აიღო. ესპანელს ყველაზე რთული ბრძოლა ანჟელიკ კერბერთან ჰქონდა, სადაც გერმანელმა წარმატების არა ერთი შანსი გაუშვა ხელიდან.

37 წლის ვინუს უილიამსი 1994 წლის შემდეგ, უიმბლდონის ყველაზე ასაკოვანი ფინალისტი გახდა. მაშინ ამ ასაკში გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა მარტინა ნავრატილოვამ. ამერიკელმა ესპანელ კონჩიტა მარტინესთან წააგო. 23 წლის შემდეგაც ასეთი აფიშა მივიღეთ - ახალგაზრდა ესპანელი ასაკოვან ამერიკელს ეთამაშებოდა. მაგრამ ამით მაშინდელ ფინალთან კავშირი არ სრულდებოდა, რადგან ამ უიმბლდონზე კონჩიტა მუგურუსას მწვრთნელი იყო.

* * *
ქალთა ფინალის დღეს, უიმბლდონზე წვიმდა, მაგრამ ეს პრობლემა არ იყო, რადგან ცენტრალურ კორტს სახურავი აქვს. ჩოგბურთელებს გარკვეული დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ ერთმანეთის მოწოდებებს შეჩვეოდნენ. ამიტომაც, საწყის გეიმებში მომწოდებლებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ. მხოლოდ სეტის შუაში დაიწყო ბრძოლა გეიმებში. შანსი ორივეს ჰქონდა, მაგრამ არც ისე წარმატებით თამაშობდნენ ბრეიკ-პოინტებზე. მე-10 გეიმში, 5:4-ზე ვინუსმა პარტიის მოგების რეალური შანსი მიიღო - მიღებაზე ორმაგი სეტბოლი ჰქონდა. პირველზე გრძელი გათამაშება იყო (19 დარტყმა), რომელიც ამერიკელის შეცდომით დასრულდა. სწორედ ეს აღმოჩნდა მთელი ფინალის გადამწყვეტი მომენტი. ვინუსი ძალიან გაანაწყენა ამ ქულის წაგებამ და მეორე სეტბოლზე მიღებისთანავე შეცდა.

თუ სასტარტო სეტის პირველ ნახევარში შეტევაში უფრო ხშირად ვინუსი იყო, ხოლო მუგურუსა დაცვაში თამაშს ამჯობინებდა, მეორე ნახევარში ესპანელი ახერხებდა ინიციატივის მოპოვებას, მათ შორის, მეტოქის მოწოდებაზე. ეს დაეხმარა მას მე-11 გეიმში ბრეიკის შესრულებაში, რის შემდეგაც, გარბინმა სეტზე წარმატებით ჩააწოდა - 7:5.

თანაბარ ბრძოლაში წაგებული პირველი სეტი და ორმაგი სეტბოლის მოგერიება - გამანადგურებელი ფსიქოლოგიური დარტყმა აღმოჩნდა უილიამსისთვის. ამერიკელი ისე თამაშობდა მეორე სეტს, თითქოს მთელი ენერგია პირველ პარტიაში დატოვა. ესპანელი კი დიდი ნაბიჯებით უახლოვდებოდა ტრიუმფს. მუგურუსა შესანიშნავად მოქმედებდა უკანა ხაზზე და ბადესთან, უილიამსმა კი ყველა კომპონენტში უკლო. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ პირველ სეტში გამოუყენებელი სეტბოლების შემდეგ, უილიამსმა ზედიზედ ცხრა გეიმი წააგო - 5:7, 0:6!

ჩვეულებრივ, მშვიდმა და გაწონასწორებულმა მუგურუსამ მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა. 23 წლის ესპანელმა კარიერაში მეორედ მოიგო "დიდი სლემის" ტურნირი და კლასიფიკაციაში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლებს.

"ბავშვობიდან ვუყურებდი ვინუსის თამაშს, ჩემთვის ის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო. ძალიან გახარებული ვარ, რადგან ეს მართლაც დიდი მოვლენაა. პირველი სეტი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, რადგან თანაბარი თამაში მიდიოდა და, რა თქმა უნდა, მისი მოგება ძალიან პრინციპული იყო. ვულოცავ ვინუსს კარგი ტურნირის ჩატარებას და მინდა ჩემს გუნდს მადლობა გადავუხადო დახმარებისთვის", - განაცხადა ესპანელმა ტრიუმფის შემდეგ.

* * *
გუშინ, უიმბლდონზე ახალი ისტორია უნდა დაწერილიყო. როჯერ ფედერერი უიმბლდონზე მერვე ტიტულისთვის იბრძოდა. აქამდე მას, პიტ სამპრასსა და უილმ რენშოუს ჰქონდათ შვიდ-შვიდჯერ მოგებული ეს ტურნირი, ასე რომ, შვეიცარიელი ლეგენდა აბსოლუტურ რეკორდსმენობას უმიზნებდა.

ფედერერს მარინ ჩილიჩი უპირისპირდებოდა. მათ შორის კლასში სხვაობა ძალიან დიდია. ეს ამ ჩოგბურთელთა რიგით მერვე შეხვედრა იყო და როჯერს აშკარა უპირატესობა ჰქონდა ხორვატზე - 6:1. სხვათა შორის, შარშან, ეს მეტოქეები უიმბლდონზე მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ, ფედერერი სეტებში 1:2-ს აგებდა, სამი მატჩბოლი მოიგერია და დიდი გაჭირვებით გაიმარჯვა. ჩილიჩმა შვეიცარიელს ერთადერთხელ 2014 წელს, აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში აჯობა და შემდეგ ტურნირზეც გაიმარჯვა. ეს იყო "დიდი სლემის" ტურნირზე ერთადერთი მოგება ხორვატი ჩოგბურთელისთვის, როჯერ ფედერერს კი 18 მოგება ჰქონდა "დიდ სლემზე".

პირად შეხვედრებში უპირატესობის გარდა, ფედერერი იმითაც სჯობდა მეტოქეს, რომ წინა ეტაპებზე უფრო ძლიერად გამოიყურებოდა. ფინალამდე მან ერთი სეტიც არ დათმო, თან მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში იოლად გაუსწორდა მილოშ რაონიჩსა და ტომაშ ბერდიხს, რომლებიც ჩილიჩს თამაშის სტილით ჰგავდნენ. თავად ხორვატმა პირველი ოთხი მატჩი ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა, თუმცა შემდეგ ცხრა სეტი დასჭირდა ჟილ მიულერისა და სემ კუერის დასამარცხებლად.

Sportall.Ge

* * *
თამაშის დასაწყისმა მცდარი წარმოდგენა შექმნა იმაზე, რომ ფინალი შეიძლებოდა დაძაბული გამოსულიყო. ჩილიჩმა ორი თავისი მოწოდება დამაჯერებლად აიღო და მეოთხე გეიმში ბრეიკ-პოინტიც გამოიმუშავა, რომელიც ვერ გამოიყენა. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო ხორვატის ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ფინალში - ამგვარი შანსი მას აღარ ჰქონია. 2:2-დან მარინს ჩავარდნა დაეწყო. მან რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ფედერერს ბრეიკით წინ გასვლის საშუალება მისცა. შვეიცარიელს მეტი აღარ სჭირდებოდა - ორი თავისი გეიმი "მშრალი" ანგარიშით მოიგო, პარტიის ბოლოს კი მეორე ბრეიკი შეასრულა.

ჩილიჩი აშკარად თავის შესაძლებლობებზე დაბლა მოქმედებდა, ცუდად აწვდიდა, ბევრ შეცდომას უშვებდა და საერთოდ არ მისდიოდა დარტყმა მარჯვნიდან. ძალიან მალე, ხორვატი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა - ფედერერმა 6:3, 3:0 წაიყვანა ანგარიში. მარინმა ექიმი გამოიძახა და ცრემლები ვერ შეიკავა. როგორც შემდეგ გაირკვა, მას მარცხენა ფეხის ტრავმა აწუხებდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ის კორტზე დაეცა, მაგრამ მაშინ ამ მომენტს ყურადღება არავინ მიაქცია.

ასეა თუ ისე, ხორვატს სრული ძალით თამაში არ შეეძლო. ფედერერმა უმცირეს დროში აიღო მეორე სეტი - 6:1. როჯერი ყველა კომპონენტში აღემატებოდა მეტოქეს, სწრაფად მოქმედებდა, წინ მიდიოდა და აშკარად, დიდ სიამოვნებას იღებდა თამაშისგან. ეს რომ ფინალი არ ყოფილიყო, ჩილიჩი, ალბათ, ვადაზე ადრე დაასრულებდა მატჩს, მაგრამ უიმბლდონის გადამწყვეტ მატჩში ასეთი რამ არ ხდება. ხორვატის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან შეძლო მომატება, უკეთ მოძრაობდა, დარტყმის ძალამაც მოიმატა. მესამე სეტში 3:3-მდე თანაბარი თამაში მიდიოდა, მაგრამ შემდეგ, ჩილიჩმა ისევ რამდენიმე შეცდომა დაუშვა ფორჰენდის შესრულებისას და ფედერერმა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა მატჩი - 6:3, 6:1, 6:4.

35 წლის ასაკში როჯერმა მერვე ტიტული მოიგო უიმბლდონზე და მე-19 - "დიდი სლემის" ტურნირებზე. ის არის ამ ტურნირის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული. გარდა ამისა, მეორე მოთამაშეა ბიორნ ბორგის შემდეგ, ვინც უიმბლდონის მთავარი პრიზი სეტის წაუგებლად აიღო. და კიდევ, 2009 წლის შემდეგ პირველად, როჯერმა სეზონში "დიდი სლემის" ორი ტურნირი მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული