მერდი ფიში ავადმყოფი ყოფილა

AutoSharing Option
ცნობილია, რომ როლან გაროსზე არ თამაშობს ამერიკელი მერდი ფიში. საფრანგეთის ღია პირველობის ორგანიზატორებმა ოფიციალურ მიზეზად ამერიკელის დაღლილობა დაასახელეს, მაგრამ სინამდვილეში მერდის გულის არითმიის მხრივ ჰქონდა პრობლემები.

ამან კი ქირურგიული ჩარევა გამოიწვია. მოთამაშემ USA Today-ს აცნობა, რომ გულზე ოპერაცია ლოს ანჯელესში გაიკეთა.

"ერთხელ მეგონა, რომ გული მკერდიდან ამომივარდებოდა, - ყვება ფიში იმ უსიამოვნო ეპიზოდზე, როცა ღამით გახშირებული გულისცემით გაეღვიძა. - დღისით თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ ყოველ ღამე თავში უსიამოვნო ფიქრები მიტრიალებდა. იქნებ ეს დღეს მოხდეს?"

ფიში იხსენებს, რომ გულთან დაკავშირებული
პრობლემები თებერვალში, დევისის თასზე სტანისლას ვავრინკასთან მატჩის წინ დაეწყო.

შემდეგ მსგავსი შეტევები რამდენჯერმე განმეორდა. ყველაზე ძლიერი შეტევა კი მარტში, ინდიან უელსის მეოთხედფინალში ხუან მონაკოსთან წაგების შემდეგ ჰქონდა. იმ საღამოს ჩოგბურთელმა ღამით იმის გამო გაიღვიძა, რომ გული ჩვეულებრივზე სამჯერ უფრო სწრაფად უცემდა.

ამერიკელი საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქ ექიმებმა თავიდან ვერ დააფიქსირეს გულზე პრობლემები.

აქედან გაჩნდა დაღლილობის ვერსია. კიდევ ერთი შეტევის შემდეგ ფიშმა დეტალური გამოკვლევის ჩატარება გადაწყვიტა. ახლა, ოპერაციის შემდეგ, მერდის სრულად გამოჯანმრთელების იმედი აქვს.

"ექიმებს მიაჩნიათ, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. ასე რომ, ყველა სირთულე უკან დარჩა", - აღნიშნა ფიშმა. ამერიკელი ამ კვირას გეგმავს მსუბუქი ვარჯიშების დაწყებას, კარიერის განახლება კი უიმბლდონზე აქვს დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული