მაიამის ტურნირი: მაიამიში სენსაციები არ იციან

AutoSharing Option
მაიამის მასტერსზე დასრულდა მესამე წრე და სრულად დაკომპლექტდა მერვედფინალისტთა შემადგენლობა. ფავორიტთაგან ყველაზე მეტად ტომაშ ბერდიხს გაუჭირდა, რომელსაც ორი საათი და 21 წუთი ბრძოლის გადატანა მოუწია ალეხანდრო ფალას წინააღმდეგ.

ჩეხმა ბეწვის ხიდზე გაიარა, რადგან მეორე სეტში ორი მატჩბოლის მოგერიება დასჭირდა. საბოლოოდ, ბერდიხმა პარტია გადაარჩინა და მესამე სეტში 6:4 გაიმარჯვა. ეს ამ სეზონში ტომაშის მე-20 მოგებაა და ის ზედიზედ ექვსი ტურნირია, გადის მეოთხედფინალში. ახლა ამ სერიის შვიდ ტურნირამდე ასაყვანად ბერდიხს მერვედფინალში ამერიკელი სემ კუერის დამარცხება მოუწევს, რომელმაც უბრძოლველად გაიარა მესამე წრის ბარიერი,
რადგან ტრავმის გამო კორტზე გასვლაზე უარი თქვა კანადელმა მილოშ რაონიჩმა.

დიდი ბრძოლა გაუმართა ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა ტურნირის მეორე ნომერს, ბრიტანელ ენდი მარეის. პირველ სეტში დიმიტროვი 5:2 დაწინაურდა და ორი სეტბოლიც ჰქონდა, მაგრამ ბრიტანელმა ორი საპასუხო ბრეიკი გააკეთა და შემდეგ ტაი-ბრეიკზე მოიგო პარტია – 7:3. მეორე სეტში კი ენდის პრობლემა აღარ შექმნია და ახლა დიმიტროვთან ურთიერთშეხვედრებში 3:0 წაიყვანა ანგარიში.

მარეი მეოთხედფინალის საგზურისთვის იტალიელ ანდრეას სეპის შეხვდება, რომელმაც ორსაათიან ბრძოლაში სამ სეტში მოუგო ბრაზილიელ ტომაშ ბელუჩის. აპენინელმა მთელი მატჩის განმავლობაში 10 ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ოთხი შანსი გამოიყენა.

ტურნირს ჩამოშორდა ბადეს შემორჩენილი ერთადერთი რუსი ჩოგბურთელი მიხაილ იუჟნი. ის ურთიერთშეხვედრებში 4:3-ს უგებდა რიშარ გასკეს, მაგრამ ამჯერად დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ფრანგს. 87 წუთში რიშარმა 6:3, 6:4 მოიგო. გასკეს წელს შესანიშნავი სტატისტიკა აქვს: 19 მოგება, 4 წაგება და ორ ტურნირზე (დოჰა, მონპელიე) ტრიუმფი.

ფრანგი მერვედფინალში ესპანელ ნიკოლას ალმაგროზე გავიდა. ამ უკანასკნელმა, ისევე, როგორც შარშან, ბელგიელი დავიდ გოფენის ბარიერი გაიარა – 6:3, 6:4.

ასევე არ შექმნია პრობლემა კიდევ ერთ ფრანგს ჟო-ვილფრიდ ცონგას. მან ფინელ იარკო ნიემინენთან მატჩში მეტოქეზე 20-ით მეტი ქულა აიღო, სამი ბრეიკი გააკეთა და 65 წუთში იოლად მოიგო – 6:3, 6:3. ჟო მეოთხედფინალის საგზურისთვის მარინ ჩილიჩს შეხვდება. ხორვატმა ორ სეტში დაამარცხა ამერიკელი ჯონ ისნერი, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა 20 ეისი ჩააწოდა.

III წრე
ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 4)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 2:6, 7:6(6), 6:4; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:3, 6:3; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 10)-დავიდ გოფენი (ბელ) 6:3, 6:4; ანდრეას სეპი (იტა, 16)-ტომაშ ბელუჩი (ბრა) 7:5, 4:6, 6:2; ენდი მარეი (ბრიტ, 2)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 29) 7:6(3), 6:3; რიშარ გასკე (საფ, 8)-მიხაილ იუჟნი (რუს, 28) 6:3, 6:4; მარინ ჩილიჩი (ხორ, 9)-ჯონ ისნერი (აშშ, 20) 6:3, 7:6(3); სემ კუერი (აშშ, 17)-მილოშ რაონიჩი (კან, 14) უარი.

1/8-ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-ჰაასი (15); ტიპსარევიჩი (7)-სიმონი (11); ფერერი (3)-ნიშიკორი (13); მელცერი-რამოსი; გასკე (8)-ალმაგრო (10); კუერი (17)-ბერდიხი (4); ცონგა (6)-ჩილიჩი (9); სეპი (16)-მარეი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მაიამი: ნოვაკ ჯოკოვიჩი ტომი ჰაასს გადაეყარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული