ჯაბა ხოსიტაშვილმა ბელორუსის ტურნირი მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
36 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი იბრძოლებს ჯილდოებისთვის ბელორუსის დედაქალაქში, სადაც პირველ ივნისს დაიწყო მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი.

საგულისხმოა, რომ მინსკმა 1998 წელსაც უმასპინძლა მსგავს შეჯიბრებას. მაშინ ქართველთაგან კობა გოგოლაძემ (60 კგ) ვერცხლის, ხოლო რამაზ გაბაშვილმა (51) ბრინჯაოს მედალი მოპოვეს. ამჯერად საქართველოს ნაკრები 8 სპორტსმენით გაემგზავრა ჩემპიონატზე.

2 ივნისს პირველი შეხვედრა გამართა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამეპრიზიორმა ჯაბა ხოსიტაშვილმა (75 კგ).

ქართველმა მოკრივემ სამივე რაუნდი დამაჯერებლად მოუგო პატრიკ ჰეილს (ჩეხეთი) და მეორე წრეში გავიდა, სადაც 4 ივნისს მასპინძელ ვიტალი ბანდარენკას დაუპირისპირდება.

ჩვენს გუნდს
წარმომადგენლები არ ჰყავს 60 და 64 კილოგრამ წონით კატეგორიებში. დანარჩენ წონებში ქართველთა შეხვედრების განრიგი ასეთია: 3 ივნისს ავთანდილ ჭუბაბრია (52 კგ) დენის შკარუბოს (უკრაინა) შეხვდება.

ამავე დღეს რინგზე გავლენ იაგო კიზირია (81) და ბურაკ აქშინი (თურქეთი), რომელმაც პირველი წრეში მარტინ როსენდალ პედერსენი (დანია) დაამარცხა (3:0). მძიმე წონაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი მიხეილ ბახტიძე კორნელიუს შიხანს (ირლანდია) გაუწევს მეტოქეობას.

4 ივნისს იბრძოლებენ: დათო ნანავა (49 კგ) - ვაძიმ კირილენკა (ბელორუსი), გიორგი გოგატიშვილი (56) - ძიმიტრი საპუნი (ბელორუსი). ევროპის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი ზაალ კვაჭატაძე (69 კგ) მეორე ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში თავისუფალია.

მეორეში იგი მაქსიმ ვილდესს (ესტონეთი) და ბორნ კატალინიჩს (ხორვატია) შორის უძლიერესს შეხვდება 4 ივნისს. ამავე დღეს ლევან გულედანი (91 კგ) ფოტიოს არაპოღლუსა (საბერძნეთი) და სტეფან ლაველს (შოტლანდია) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული