მან უიმბლდონის პირველ წრეში თვით რაფაელ ნადალი გამოთიშა ბრძოლას და ამ მატჩის დასრულებიდან ორი საათის თავზე დარცისის "ტვიტერზე" დაახლოებით ორი ათასი შეტყობინება იყო დატოვებული. ასეთი დიდი წარმატების შემდეგ სავსებით ლოგიკურია ამ ჩოგბურთელის უფრო ახლოს გაცნობა.
დარცისი პატარა ბიჭი აღარ არის - ის 1984 წლის 13 მარტს დაიბადა ბელგიის ქალაქ ლიეჟში. სტივი სპორტულ ოჯახში იზრდებოდა. მამამისი - ალენ დარცისი ჩოგბურთის პროფესიონალი მწვრთნელია,
უკვე ექვსი წლის ასაკში უმცროს დარცისზე მეურვეობა იკისრეს ბელგიის ჩოგბურთის ფედერაციის სპეციალისტებმა. ბიჭიც ძალიან მონდომებით მუშაობდა. რვა წლის ასაკში არჩევანის წინაშე დადგა - სპორტის რომელ სახეობას გაყოლოდა. საქმე ისაა, რომ სტივს ფეხბურთიც ძალიან მოსწონდა. საბოლოოდ, ჩოგბურთი აირჩია, თუმცა დღემდე ბრიუსელის "ანდერლეხტის" ერთგული გულშემატკივარია.
11 წლის ასაკში დარცისი ქალაქ მონსში მდებარე საწვრთნელ ცენტრში ჟუსტინ ანენთან და ოლივიე როხუსთან ერთად ცხოვრობდა და ვარჯიშობდა. ამ ტრიომ ბელგიის ნაკრების ეგიდით დაიწყო მოგზაურობა მთელ მსოფლიოში - აშშ-დან დაწყებული, ნიგერიით დამთავრებული. იუნიორთა ასაკიდან სტივ დარცისი პროფესიონალ სპორტსმენობას აპირებდა და სხვანაირად ცხოვრობდა, ვიდრე მისი თანატოლები. ბავშვობაში მის კერპი ამერიკელი პიტ სამპრასი იყო.
როცა დარცისი 15 წლის გახდა, მან საბოლოო არჩევანი გააკეთა და პროფესიონალებში წავიდა. მისი პროფესიონალიზმის ამაღლება საკუთარ თავზე აიღეს ბელგიის ჩოგბურთის ფედერაციის სპეციალისტებმა - რეჯინალდ ვილემსმა, პატრიკ მუარმა და მენეჯერმა ჟაკ ლერიშმა. ერთი წლის შემდეგ ახალგაზრდა სპორტსმენმა სამი სხვადასხვა ტურნირი მოიგო თავის ასაკობრივ ჯგუფში, 2001 წელს კი დებიუტი ჰქონდა ამერიკის ღია პირველობაზე - ის იქ ბელგიის ერთადერთი წარმომადგენელი იყო.
შემდეგ ითამაშა ავსტრალიის ღია პირველობაზე იუნიორებს შორის, შარლერუას ტურნირის ფინალში მიიღო მონაწილეობა, მესამე რაუნდში გავიდა იუნიორთა როლან გაროსზე (2002)... იუნიორების ასაკში დარცისის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება იყო უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლა. ამის შემდეგ, 2002 წლის სექტემბერში, სტივი პროფესიონალი გახდა, დეკემბერში კი ახალ ამპლუაში თავისი პირველი ქულა მოიპოვა და ATP-ის რეიტინგში 1052-ე ჩოგანის სტატუსი მიიღო.
2005 წელს დარცისი დევისის თასზე აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ ბელგიის გუნდში გამოიძახეს. ის წელი კი მან 226-ე პოზიციაზე დაასრულა. ჩოგბურთელი მუდმივად უმატებდა თამაშს, რეიტინგშიც ზემოთ მიდიოდა, მაგრამ სწორედ ამ მომენტში ვერ აიცილა თავიდან გარდაუვალი - სტივს ტრავმები მოეძალა.
თუმცა მოთამაშე და მისი გუნდი ბრწყინვალედ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას. დარცისმა არა მხოლოდ დაიბრუნა თავისი ძველი კონდიციები, არამედ შესამჩნევად გააუმჯობესა თამაში. თავად ჩოგბურთელს მიაჩნია, რომ მისი მწვრთნელების მონდომება ძალიან დაეხმარა აღდგენაში და პროგრესის გაგრძელებაში.
კლასიფიკაციაში 200 პოზიციის დაკარგვის შემდეგ, 2007 წელს, 23 წლის ბელგიელმა დიდი პროგრესი განიცადა და სეზონი 86-ე ადგილზე დაასრულა. იმ სეზონში მან კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა - გრუნტის ტურნირის გამარჯვებული გახდა ჰოლანდიის პატარა ქალაქ ამერსფორტში. ერთი წლის შემდეგ დარცისმა ეს ტიტული ვერ დაიცვა, როცა ფინალში წააგო ალბერტ მონტანიესთან, სამაგიეროდ, გაიმარჯვა მემფისში, ჰარდის კორტზე.
დარცისის მთავარი წარმატება ბალახზე - შარშანდელი გამარჯვებაა ლონდონის ოლიმპიადის პირველ წრეში ტომაშ ბერდიხზე (თუმცა მაშინ ბელგიელმა მესამე რაუნდში დაასრულა გამოსვლა). 2012 წელი სტივმა პირველ ასეულში დაასრულა, რაც მის კარიერაში მეოთხედ მოხდა. თუმცა 2013 წელს ის TOP100-ის მიღმა აღმოჩნდა - ATP-ის კალენდარში შემავალ ტურნირებზე ჩატარებული რვა მატჩიდან მხოლოდ ორი გამარჯვება მოიპოვა.
ნადალზე მოგება სტივისთვის მხოლოდ მესამე იყო მიმდინარე სეზონში.
ფეხბურთის გარდა, დარცისს კიდევ ერთი ჰობი აქვს - თევზაობა. სწორედ ამიტომაც მიიღო მეტსახელი - "ზვიგენი". აი, ასეთმა ბელგიელმა "მტაცებელმა" დაამარცხა უიმბლდონის პირველ წრეში რაფაელ ნადალი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: მშვიდობით, რაფა!