ოქსანა კალაშნიკოვამ უიმბლდონზე წყვილებში პირველი ბარიერი გადალახა

AutoSharing Option
თბილისელი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა რეიტინგში 1314 ქულით 73-ე ადგილზეა.

უიმბლდონის ტურნირზე იგი სლოვაკ იანა ჩეპელოვასთან არის შეამხანაგებული და 26 ივნისს, პირველ წრეში ირინა ფალკონისა (აშშ) და ტატიანა მარიას (გერმანია) დუეტს დაუპირისპირდა.

იანამ და ოქსანამ პირველი ხელი 4:6 დათმეს, მაგრამ მეორე და მესამე სეტებში მათი უპირატესობა აშკარა იყო, რაც ანგარიშშიც აისახა: 6:1, 6:1.

ამ გამარჯვებით ოქსანამ 160 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. მეთექვსმეტედფინალში ქართულ-სლოვაკური ტანდემი ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ ანდრეა ჰლავაჩკოვას და ლუსი ჰრადეცკას (ორივე - ჩეხეთი) გაუწევს მეტოქეობას.

ჩეხებმა 26 ივნისს
ალინა კუდრიავცევას (რუსეთი) და ანასტასია როდონოვას (ავსტრალია) დააყრევინეს ფარ-ხმალი - 7:5, 6:2.

უკვე გაუწყეთ, რომ 23 წლის ანა ტატიშვილმა ერთეულთა თანრიგის სტარტზე დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა 26 ივნისს კორტზე რუმინელ სიმონა ჰალეპთან ერთად იმ იმედით გავიდა, რომ დანაკარგს წყვილებში აინაზღაურებდა.

მართლაც, ჩვენებურმა პირველი ხელი თითქმის ძალების დაუძაბავად მოიგო - 6:2 და მიზანთანაც ახლოს იყო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი სეტი დათმო (3:6, 3:6) და უიმბლდონის ტურნირს დაემშვიდობა.

* * *

საფრანგეთში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მონაწილეობს მაკა ჩახნაშვილი.

იგი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება შეჯიბრებაში. ძირითადი ბადის სტარტზე, როგორც გაუწყეთ, მესამე ნომრად განთესილი დიანა მარცინკევიცა (ლატვია) დაამარცხა, 26 ივნისს კი მასპინძელი ირინა პამიალისონი ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 3:6, 6:4.

მეოთხედფინალში ჩვენებური მერვე ნომერ იტალიელს - ალბერტა ბრიანტისთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა მეორე წრეში ესპანელ ინეს ფერერ-სუარესს სძლია - 6:0, 6:2.

* * *

შეგახსენებთ, რომ შტუტგარტ-ვაიჩინგენის (გერმანია) 25.000-იან ტურნირში სცდის ძალებს სოფიო შაფათავა.

სტარტზე მან დალილა იაკუპოვიჩი (სლოვენია) დაამარცხა, მეორე წრეში კი მისი მეტოქეა დანიელა ჰარმსენი.

წყვილებში თბილისელი ჩოგბურთელი გერმანელ კრისტინა შაკოვეცთან ერთად კრისტინა ბაროშსა და ლაურა სიგემუნდს (გერმანია) დაუპირისპირდება.

* * *

თურქეთის 10.000-იან ტურნირში ჩაება ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ასპარეზობის რეიტინგფავორიტი იყო.

პირველი წრეც იოლად გადალახა, მაგრამ 26 ივნისს, მეორეში, "უაილდ ქარდით" მიწვეულ კრის კოოპრიდერთან (აშშ) დამარცხდა - 4:6, 4:6 და შეჯიბრებას დაემშვიდობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული