კირსტენ ფლიპკენსი: ექიმებმა ჩემს კარიერას ხაზი გადაუსვეს

AutoSharing Option
უიმბლდონის ქალთა ტურნირის ერთ-ერთ სენსაციად მოინათლა ნახევარფინალში ბელგიელი კირსტენ ფლიპკენსის წარმატება. მან მეოთხედფინალში 2011 წლის ჩემპიონი, ჩეხი პეტრა კვიტოვა დაამარცხა (4:6, 6:3, 6:4) და კარიერაში პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში. თავის დროზე ფლიპკენსი იუნიორებს შორის უიმბლდონისა და აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი იყო, მაგრამ აქამდე, პროფესიულ დონეზე "დიდი სლემის" ჩემპიონატებში მერვედფინალზე შორს არ წასულა.

კვიტოვასთან მატჩის შემდეგ ფლიპკენსმა განაცხადა, რომ მსგავსი წარმატების მიღწევა ექიმების ნების საწინააღმდეგოდ მოახერხა.

"კარიერაში ბევრი აღმასვლა და დაცემა მქონია. ბევრი ტრავმაც გადავიტანე, განსაკუთრებით მაშინ, როცა იუნიორებიდან
პროფესიონალებში გადავდიოდი. მე იუნიორებს შორის ჩემპიონი ვიყავი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ზურგის სერიოზული ტრავმა მივიღე. ყველა ექიმი ერთხმად ამბობდა, რომ ნორმალურ კარიერაზე არც უნდა მეოცნება, მაგრამ მე იმ სპორტსმენთა კატეგორიას არ ვეკუთვნი, რომლებიც სწრაფად ყრიან ფარ-ხმალს. ვაგრძელებ ბრძოლას"
, - ამბობს ფლიპკენსი.

მეოთხედფინალში მოგების შემდეგ კირსტენმა მადლობა გადაუხადა თავის ლეგენდარულ თანამემამულეს კიმ კლაისტერსს, რომელიც ეხმარებოდა ფლიპკენსს უიმბლდონისთვის მზადებაში.

ქალების ნახევარფინალები 4 ივლისს გაიმართება და კირსტენ ფლიპკენსი ფინალში გასასვლელად ფრანგ მარიონ ბარტოლის შეხვდება. 2007 წელს სწორედ ბარტოლიმ არ გაუშვა ფინალში ჟუსტინ ანენი. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი იყო ბოლო ბელგიელი უიმბლდონზე, რომელმაც ნახევარფინალში ითამაშა. ახლა მისი შედეგი ფლიპკენსმა გაიმეორა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: შტეფი გრაფის ნაკვალევზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული