ქართველ ჩოგბურთელთა დუეტი გერმანიის ტურნირის ფინალშია

AutoSharing Option
ჩეხი რენატა ვორაკოვა ჩოგბურთელ ქალთა რეიტინგში ამჟამად 208-ე ადგილზეა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ 78-ე საფეხურზე მყოფი ანა ტატიშვილისთვის 4 ივლისს ფარ-ხმალი დაეყრევინებინა.

არადა, ქართველი სპორტსმენი ასპარეზობის რეიტინგფავორიტი იყო. ეს გერმანულ ვერსმოლდში 50.000-იან საერთაშორისო ტურნირის მეორე წრეში მოხდა.

მართალია, ჩვენებურმა ერთი სეტი 6:4 მოიგო, მაგრამ ორი ხელი ერთნაირი ანგარიშით (3:6) დათმო და ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა.

სამაგიეროდ, ანას რევანშის შანსი წყვილებში ეძლევა: 4 ივლისს ტატიშვილმა, სოფიო შაფათავასთან (ისინი მე-2 ნომრად არიან განთესილნი) ერთად, ნახევარფინალში ანა ვრლიჩისა (ხორვატია) და მარინა
ზანევსკას (უკრაინა) დუეტს აჯობა - 5:7, 6:1, 10:7.

ქართველები გადამწყვეტ პაექრობაში სანდრა კლემენშიტსისა (ავსტრია) და ანდრეა კლეპაჩის (სლოვენია) მძლეველ (6:4, 6:3) კლეირ ფეუერშტეინისა (საფრანგეთი) და რენატა ვორაკოვას დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული