უიმბლდონი 2013: უცნაურ უიმბლდონს ლოგიკური ფინალი ექნება

AutoSharing Option
უიმბლდონზე სათამაშო დღის მთავარი ნაწილი კაცების ნახევარფინალური ეტაპი იყო. პირველები კორტზე ნოვაკ ჯოკოვიჩი და ხუან მარტინ დელ პოტრო გავიდნენ. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებაში სერბს სოლიდური უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ბალახზე მათი ბოლო შეხვედრა (ლონდონის ოლიმპიადის მე-3 ადგილისთვის მატჩი) არგენტინელმა მოიგო.

გულგრილი არ დარჩებოდა ის, ვინც გუშინდელი შეხვედრა იხილა, რადგან ეს იყო უიმბლდონის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო და დრამატული შეხვედრა, რომელიც სეტების მიხედვით უნდა გავარჩიოთ.

პირველი სეტი
დელ პოტროს გულშემატკივრები ნერვიულობდნენ არგენტინელის მარცხენა მუხლის ტრავმის გამო, რომელიც მან ამ უიმბლდონის მსვლელობისას მიიღო. მაგრამ, თავდაპირველად,
დელ პოტროს, ამ მხრივ, სერიოზული პრობლემები არ ჰქონდა, სამაგიეროდ, სამხრეთამერიკელს სირთულეები შეექმნა მეექვსე გეიმში, როცა 2:3-ზე ჯოკოვიჩმა ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ დელ პოტრომ გადაარჩინა გეიმი, რომელშიც ხუთჯერ დაფიქსირდა ანგარიში "თანაბარი".

ნოვაკი, შესაძლოა, საუკეთესო სეტს არ თამაშობდა, 12 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მაგრამ 5:4-ზე 0:30-დან შეძლო სიტუაციის გამოსწორება, შემდეგ კი მეტოქის მოწოდებაზე ზედიზედ ოთხი ქულა აიღო და 7:5 მოიგო სეტი, რომელიც 55 წუთი გაგრძელდა.

მეორე სეტი
თანაბარი დასაწყისის შემდეგ, დელ პოტრო მეექვსე გეიმში საკუთარი მოწოდების წაგებასთან ძალიან ახლოს იყო - არგენტინელს ოთხი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. მერვე გეიმშიც რთული ბრძოლა იყო, როცა დელ პოტრომ სამი გეიმბოლი ვერ გამოიყენა, თუმცა აქაც გადარჩა. ჯოკოვიჩისგან განსხვავებით, არგენტინელმა თავისი შანსი არ გაანიავა, პირველივე ცდაზე გააკეთა ბრეიკი, შემდეგ კი სეტზე "მშრალი" ანგარიშით ჩაწოდება შეძლო.

დელ პოტრომ 44-წუთიან სეტში, პირველი მოწოდებისას 11 "ვინერსი" მიითვალა, აქედან 10 ბადესთან წარმატებული გასვლით აიღო. არგენტინელს მხოლოდ სამი უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ჯოკოვიჩმა კი მეორე მოწოდებით ქულების მხოლოდ 33 პროცენტი აიღო.

მესამე სეტი
პარტიის მოგებამ დელ პოტროს დამაჯერებლობა შესძინა და ჯოკოვიჩს ორჯერ კრიზისული პერიოდი დაუდგა - 2:2-ზე და 3:3-ზე სამი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. ასევე კარგი შანსი ჰქონდა არგენტინელს მაშინ, როცა 4:4-ზე ბადესთან გავიდა და ასპროცენტიანი მომენტი გააფუჭა, არადა, ამ ქულას შეეძლო ხუან მარტინისთვის ბრეიკი მოეტანა.

შემდეგ უკვე დელ პოტროს მოუწია რთული სიტუაციიდან სეტის გადარჩენა, როცა 5:6-ზე საკუთარ გეიმში 0:40 ჩამორჩა, მაგრამ სამივე სეტბოლი მოიგერია და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. იქ კი არგენტინელის თამაში მთლიანად მოიშალა მაშინ, როცა ბადესთან გასულმა უმარტივესი "სმეში" ვერ ჩააგდო და სერბმა 7:2 მოიგო "საჩოგბურთო ლატარია". ჯოკოვიჩმა ამ სეტში 19 "ვინერსი" შეასრულა.

მეოთხე სეტი
მეოთხე პარტიის სტარტზე დელ პოტროს აშკარად დაღლილობა ეტყობოდა და დიდი გაჭირვებით იღებდა საკუთარ გეიმებს. 3:3-ზე, მეშვიდე გეიმში დელ პოტრომ ერთი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, მაგრამ მეორე ჯერზე ფორჰენდი გააფუჭა და ჯოკოვიჩი ბრეიკით დაწინაურდა. ისე ჩანდა, რომ არგენტინელი მატჩის გადამრჩენი აღარ იყო, მაგრამ, მოულოდნელად, მეორე სუნთქვა გაეხსნა, მომდევნო გეიმში ერთი ბრეიკ-პოინტი მიიღო და შანსი ხელიდან არ გაუშვა - 4:4.

გათამაშდა მეორე ტაი-ბრეიკი, რომელიც მატჩის მშვენება აღმოჩნდა. ჯოკოვიჩი თავიდანვე დაწინაურდა და ორი მატჩბოლიც მიიღო - 6:4. არგენტინელმა პირველი საფრთხე ხანგრძლივი გათამაშებისას მოიგერია, მეორე - მარჯვნიდან გაკეთებული "ვინერსით". შემდეგ საკუთარი ჩაწოდებით აიღო ქულა, რამაც სეტბოლი მოუტანა და ეს შანსი პირველივე ცდიდან გამოიყენა.

მეხუთე სეტი
სეტის დასაწყისში ორივე ჩოგბურთელს მოუწია ბრეიკ-პოინტების მოგერიება. არგენტინელს დაღლაც ეტყობოდა და მუხლის ტკივილმაც შეახსენა თავი, რის გამოც უჭირდა ჯოკოვიჩის მიერ დარტყმული ბურთების დევნა. 3:4-ზე დელ პოტრო 15:40 ჩამორჩა. ერთი ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა, მაგრამ მეორე ცდაზე მაინც წააგო თავისი მოწოდება, რაც საბედისწერო აღმოჩნდა.

მართალია, არგენტინელი არ დანებდა, ბოლომდე იბრძოლა და მეცხრე გეიმში ბრეიკ-პოინტიც მოიპოვა, მაგრამ ჯოკოვიჩმა ზედიზედ სამი ქულა აიღო და მესამე მატჩბოლიდან მოიგო ეს დრამატული შეხვედრა. მან თამაში "ვინერსით" დაასრულა, რომელიც მე-80 იყო მატჩში. გარდა ამისა, სერბმა 22 ეისის ჩაწოდება შეძლო.

საინტერესოა, რომ ეს იყო უიმბლდონის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ნახევარფინალი, რომელიც 4 საათი და 43 წუთი გაგრძელდა. წინა რეკორდი ბორის ბეკერისა და ივან ლენდლის 1989 წლის ნახევარფინალს ეკუთვნოდა - 4 საათი და ერთი წუთი.

* * *
მეორე ნახევარფინალი ისეთი დაძაბული არ გამოვიდა, როგორიც პირველი, მაგრამ დრამატული მომენტები აქაც მრავლად იყო. ალბათ, არავის ჰქონდა ილუზია, რომ ენდი მარეი იოლად მოუგებდა ახალგაზრდა პოლონელს იერჟი იანოვიჩს, რაც დადასტურდა პირველ სეტში, როცა უბრეიკო პარტიაში ტაი-ბრეიკი გათამაშდა, სადაც იანოვიჩმა 7:2 გაანადგურა მეტოქე.

მაგრამ, მეორე სეტის სტარტზე პოლონელმა კონცენტრაცია დაკარგა, პირველივე გეიმში ბრეიკის საშუალება მისცა მეტოქეს და ბრიტანელმა ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. როგორც გაირკვა, მარეის მხრიდან საბოლოოდ ინიციატივის მოპოვებაზე ლაპარაკი არ ყოფილა. მესამე პარტიაში ენდი ახლოს იყო კატასტროფასთან - ის 1:4 ჩამორჩა. მაგრამ მაყურებლების მხარდაჭერისა და მეტოქის გამოუცდელობის წყალობით, ბრიტანელმა პატარა სასწაული მოახდინა, როცა ზედიზედ ხუთი გეიმის აღებით სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:4.

ამასობაში, ლონდონში ჩამობნელდა, რის გამოც მსაჯებმა ცენტრალური კორტის გადახურვა და თამაშის ხელოვნური განათების ქვეშ გაგრძელება გადაწყვიტეს. ჩოგბურთელებმა სულის მოსათქმელად დაახლოებით 30 წუთი მიიღეს. ამ პაუზამ მარეის კონცენტრაცია არ დააკარგვინა, იანოვიჩს კი თამაშში გარდატეხის შეტანაში ვერ დაეხმარა. მატჩის განახლების შემდეგ, ენდი აშკარად უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მან ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა მეტოქეს, თავად კი ჯერ მესამე გეიმში გააკეთა ბრეიკი, ბოლოს კი მეტოქის მოწოდების აღებით დაუსვა წერტილი შეხვედრას.

მარეიმ სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა, რაზეც მატჩის სტატისტიკაც მეტყველებს. მან თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა პოლონელს. მაგალითად, ეისების შეფარდება იყო - 20:9 ბრიტანელის სასარგებლოდ; იერჟიმ 11 ორმაგი და 43 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მარეიმ - 1 და 15; მასპინძელი უკეთესი იყო "ვინერსების" რაოდენობითაც - 49:43...

ასე რომ, სენსაციურად დაწყებულ უიმბლდონზე ლოგიკური ფინალი მივიღეთ - კვირას, გადამწყვეტ მატჩში ტურნირის ორ საუკეთესო მოთამაშეს ვიხილავთ: ნოვაკ ჯოკოვიჩი ენდი მარეის წინააღმდეგ.

1/2 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 8) 7:5, 4:6, 7:6(2), 6:7(6), 6:3; ენდი მარეი (ბრიტ, 2)-იერჟი იანოვიჩი (პოლ, 24) 6:7(2), 6:4, 6:4, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: უცნაურ უიმბლდონს უცნაური ფინალი ექნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული