მეოთხედფინალში პეტრა კვიტოვას წაგების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ამ უიმბლდონზე გაიმარჯვებს ჩოგბურთელი, რომელსაც აქამდე არ ჰქონია ტრიუმფი "დიდი სლემის" ტურნირებზე. ეს საკმაოდ იშვიათი სიტუაციაა. 2001 წლიდან მოყოლებული, "მეიჯორებზე" მხოლოდ 15 ჩოგბურთელს გაუმარჯვია.
პირველ ნახევარფინალში მარიონ ბარტოლი და კირსტენ ფლიპკენსი შეხვდნენ ერთმანეთს. სხვათა შორის, ეს მათ შორის პირველი მატჩი იყო. ბელგიელმა ბოლო ერთ წელიწადში უდიდეს პროგრესს მიაღწია. წინა უიმბლდონზე ის რეიტინგის მიხედვით ვერ მოხვდა - მაშინ კირსტენი ახალი
მოგვიანებით ბელგიელმა აღიარა, რომ ტრავმის მკურნალობის დროს არავინ ეხმარებოდა და ფედერაციისთვის ზედმეტი აღმოჩნდა. 2012 წლის სექტემბერში მან მოიგო კვებეკში და აქედან დაიწყო მისი აღმასვლა. წლევანდელი უიმბლდონის სტარტისთვის, ფლიპკენსი უკვე ტოპ-ოცეულის წევრი იყო.
ბარტოლისთვის ეს სეზონი არც ისე წარმატებით ვითარდებოდა - მან დატოვა პირველი ათეული, უიმბლდონამდე კი ვერც ერთ ტურნირში ვერ მოიგო ზედიზედ ორი მატჩი.
პირველივე გეიმებიდან მარიონმა შესანიშნავი განწყობა და ბრწყინვალე თამაში აჩვენა. ფრანგმა მრავალფეროვანი თამაში შესთავაზა თავის მეტოქეს და ფლიპკენსი მომენტებში სავსებით უმწეოდ გამოიყურებოდა. საბოლოოდ, პირველ სეტში მან მხოლოდ ერთი გეიმი მოიგო.
მეორე სეტში კირსტენმა რაღაცის შეცვლა სცადა, მაგრამ მიღებაზე საერთოდ არ გამოსდიოდა თამაში. ბელგიელმა ბადესთან გასვლებით სცადა თამაშში გარდატეხის შეტანა, მაგრამ არც ამ ტაქტიკამ გაამართლა. სეტის შუაში ფლიპკენსმა სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო და ამის შემდეგ ოდნავ გამოცოცხლდა, ერთი ბრეიკიც გააკეთა, თუმცა გლობალურად მატჩში არაფერი შეცვლილა. ბარტოლიმ შეინარჩუნა ინიციატივა და 62 წუთში გაიფორმა ფინალში გასვლა - 6:1, 6:2.
ფრანგმა შვიდი ბრეიკ-პოინტიდან ხუთი გამოიყენა და ხუთი ეისი ჩააწოდა. მოგებით ბარტოლიმ დაიბევა რეიტინგში მერვე ადგილი.
ეს ფინალი უნდა ყოფილიყო
მეორე ნახევარფინალი რადიკალურად განსხვავებული იყო პირველისგან. შარშანდელი ფინალისტი აგნიეშკა რადვანსკა ერთადერთი ჩოგბურთელია, რომლის ხილვა ნახევარფინალში არავის გაკვირვებია. საერთო ჯამში, პოლონელი შარშანდელზე სუსტ სეზონს ატარებს. 2012 წელს, ამ პერიოდში რადვანსკა რეიტინგში პირველობაზე აცხადებდა პრეტენზიას. მიუხედავად ამისა, უიმბლდონს პოლონელი კარგ ფორმაში შეხვდა.
საბინ ლისიცკისთვის კი უიმბლდონი ყველაზე წარმატებული ტურნირია. ბოლო ხუთ გათამაშებაში ის ოთხჯერ გავიდა მეოთხედფინალში. გერმანელის აქტიური თამაში კარგად ერგება ბალახის საფარს. წელს მას საკმაოდ რთული ბადე შეხვდა - ფრანჩესკა სკიავონე, ელენა ვესნინა, სამანტა სტოსური, სერენა უილიამსი და კაია კანეპი. მან გამოთიშა ბრძოლას ჩემპიონი სერენა უილიამსი და 4 ივლისს ფინალისტთან უწევდა შეხვედრა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ლისიცკიმ მაშინვე მოიპოვა ინიციატივა, თუმცა მეტოქის მოწოდებაზე გაბრძოლება მეშვიდე გეიმში მოახერხა. რადვანსკამ სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, მაგრამ მეოთხეზე არ გაუმართლა, როცა ბადეს მოხვედრილი ბურთი ჩავარდა მის მოედანზე. პოლონელს შეეძლო სეტის გადარჩენა - ბოლო გეიმში ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ რთულ მომენტში ლისიცკის მშველელად მოწოდება მოევლინა.
მეორე სეტის პირველივე გეიმში აგნიეშკას მოწოდებაზე გერმანელმა "მშრალი" ანგარიშით მოიგო, მაგრამ პოლონელი არ ანერვიულებულა და არც თავისი სტილისთვის გადაუხვევია. ის ცდილობდა, ჩაეხშო მეტოქის აქტიურობა და თავად პერიოდულად გაემწვავებინა თამაში. ამან შედეგი გამოიღო.
რადვანსკამ ზედიზედ სამი გეიმი აიღო და პირველად გავიდა წინ ბრეიკით. არც ლისიცკი დაბნეულა და საპასუხო ბრეიკი გააკეთა, მაგრამ აგნიეშკა უკვე ფლობდა ინიციატივას და მისი შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. 3:2-ზე მან ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო, მოიგო სეტი - 6:2 (ამ პარტიაში ლისიცკიმ ვერც ერთი საკუთარი გეიმი ვერ აიღო) და 3:0 დაწინაურდა მესამეში.
გაგახსენებთ, რომ ასეთი ანგარიშით აგებდა ლისიცკი მესამე სეტს სერენა უილიამსის წინააღმდეგ და ამჯერადაც გერმანელმა მოახერხა თამაშში დაბრუნება და ანგარიშის გათანაბრება. ამის შემდეგ დაიწყო ბრძოლა ყოველი გეიმისთვის და რაც მთავარია, ბოლოსკენ თამაშის ხარისხი უფრო იზრდებოდა. საბინმა მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო, რადვანსკამ ბოლომდე იბრძოლა, იღბალიც დაეხმარა და მეოთხე ცდაზე გამოიყენა ბრეიკ-პოინტი - 5:5.
ბრძოლა გაგრძელდა. გერმანელს უფრო რთული მდგომარება ჰქონდა, რადგან ორჯერ მდევრის როლში იყო და საკუთარ მოწოდებაზე წაფორხილების უფლება არ ჰქონდა. ორ ბურთზე ახლოს რადვანსკა გამარჯვებას არ მიახლოებია. და მაინც, შეტევითი თამაში გერმანელს ძალიან დაეხმარა. მთელი შეხვედრის განმავლობაში მან "ვინერსების" რაოდენობით აჯობა მეტოქეს - 60 21-ის წინააღმდეგ.
ლისიცკი მეორედ გავიდა მატჩზე ჩასაწოდებლად და ეს ძალიან კარგად გააკეთა - მნიშვნელოვან გეიმში მხოლოდ ერთი ქულა დათმო - 6:4, 2:6, 9:7. თამაში ორი საათი და 18 წუთი გაგრძელდა. ლისიცკიმ 2:1 წაიყვანა ანგარიში აგნიეშკა რადვანსკასთან ურთიერთშეხვედრებში.
პირველად 2007 წლის შემდეგ, უიმბლდონის ფინალში ითამაშებს ორი ჩოგბურთელი, რომელიც არ იმყოფება WTA-ს რეიტინგის ტოპ-ათეულში. გარდა ამისა, ლისიცკი პირველი გერმანელია "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში 1999 წლის შემდეგ. მაშინ როლან გაროსი შტეფი გრაფმა მოიგო.
მიმდინარე ტურნირი ყველაზე სენსაციურია "დიდი სლემის" ჩემპიონატებს შორის. ფინალი მსოფლიოს მე-15 და 24-ე ნომრებს შორის ლოგიკურად ასრულებს 2013 წლის "არეულ" უიმბლდონს.
1/2-ფინალი
საბინ ლისიცკი (გერ, 23)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4) 6:4, 2:6, 9:7; მარიონ ბარტოლი (საფ, 15)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 20) 6:1, 6:2.