ჩოგბურთი, ქრისტიანობა და პაციფიზმი - ენდი მარეიმ უიმბლდონის ბრიტანული წყევლა განდევნა

AutoSharing Option
ენდი მარეი გახდა პირველი ბრიტანელი ჩოგბურთელი, რომელმაც უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირზე ბოლო 77 წლის განმავლობაში გაიმარჯვა.

წინა ბრიტანელი, რომელმაც მთავარი საჩოგბურთო ტურნირი მოიგო, ფრედ პერი იყო, რომლის ქანდაკება დგას უიმბლდონის სტადიონზე. მან აქ მთავარი პრიზი 1936 წელს მოიგო და მართალია, მას შემდეგ ინგლისსა და შოტლანდიაში ბევრი ძლიერი ჩოგბურთელი დაიბადა, მაგრამ მწვერვალს ვერც ერთმა მიაღწია.

დღეს გავიხსენებთ გზას, რომლითაც ბრიტანული ჩოგბურთი უიმბლდონზე ნანატრი გამარჯვებისკენ მიდიოდა.

ლონდონურ კორტებზე ზედიზედ მესამე გამარჯვების შემდეგ (სწორედ 1936 წელს) პერიმ დაასრულა სამოყვარულო კარიერა და პროფესიონალებში გადავიდა. მაშინ
უიმბლდონი სამოყვარულო ტურნირი იყო, ასე რომ, პერის მასში მონაწილეობა აღარ მიუღია. მისი წასვლის შემდეგ ბრიტანეთის წამყვანი ჩოგბურთელი გახდა ბარი ოსტინი, რომელიც იმით არის ცნობილი, რომ მამაკაცებს შორის პირველმა ჩაიცვა მოკლე შარვალი (ადრე მამაკაცები გრძელი შარვლებით თამაშობდნენ).

1938 წელს ოსტინმა უიმბლდონის ფინალამდე მიაღწია და განადგურდა ამერიკელ დონ ბაჯისგან. ერთი წლის შემდეგ პროფესიონალებში წავიდა ბაჯი და ოსტინმა უიმბლდონზე განთესვის პირველი ნომერი მიიღო, წააგო მეოთხედფინალი, დაასრულა სპორტული კარიერა და აშშ-ში გაემგზავრა ქრისტიანობისა და პაციფიზმის მქადაგებლად. მომდევნო ჯერზე ბრიტანელი უიმბლდონის ფინალში მხოლოდ 74 წლის შემდეგ გავიდა.

გასული საუკუნის 40-50-იან წლებში საუკეთესო ბრიტანელი ჩოგბურთელი იყო ტონი მოტრემი, მაგრამ უიმბლდონზე მეოთხედფინალზე შორს არ გასულა (და სხვა ტურნირებზეც ვერ ბრწყინავდა). მაიკ სანგსტერმა უფრო ბევრს მიაღწია. 1961 წელს ეს ჩოგბურთელი (მაშინ მხოლოდ 20 წლის იყო) ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც წააგო ამერიკელ ჩაკ მაკინლისთან. თავის მხრივ, მაკინლი ფინალში დამარცხდა ავსტრალიელ როდ ლეივერთან. მაშინ ავსტრალიელები დომინირებდნენ ჩოგბურთში და ხშირად უიმბლდონის ფინალებში ამ ქვეყნის წარმომადგენლები ხვდებოდნენ.

1964 წელს გარდაიცვალა სანგსტერის მწვრთნელი (სხვათა შორის, ავსტრალიელი) და ამის შემდეგ ჩოგბურთელი ძველ დონეზე ვეღარ დაბრუნდა. ბრიტანული ჩოგბურთის ახალი იმედი გახდა როჯერ ტეილორი – 70-იანი წლების დასაწყისის ვარსკვლავი. უიმბლდონზე მან სამჯერ მიაღწია ნახევარფინალამდე, მაგრამ მოგებამდე კიდევ ორი ნაბიჯის გადადგმა ვერაფრით მოახერხა.

ტეილორის წასვლის შემდეგ ბრიტანელ გულშემატკივრებს დიდხანს მოუწიათ ახალი კერპის ლოდინი. ჯონ ლოიდი, რომელმაც 1977 წელს ავსტრალიის ღიას ფინალამდე მივიდა, უიმბლდონზე ვერ ბრწყინავდა. ჯერემი ბეიტსმა 1987 წელს თანამემამულე ჯო დიურისთან ერთად მოიგო უიმბლდონი მიქსტში, მაგრამ ერთეულებში გამარჯვებაზე ბეიტსი ვერც კი იოცნებებდა.

ბრიტანული ჩოგბურთის მორიგ პროგრესს 90-იანი წლების შუაში ჰქონდა ადგილი, როცა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების დონეზე გავიდნენ გრეგ რუსედსკი და ტიმ ჰენმანი. 1997 წელს ორივემ უიმბლდონის მეოთხედფინალამდე მიაღწია, მაგრამ ორივემ წააგო. რუსედკსიმ მალე დათმო პოზიციები – ცხადი გახდა, რომ ბრიტანულმა პრესამ აშკარად გადააფასა ამ მოთამაშის შესაძლებლობები. სამაგიეროდ, ჰენმანს შეეძლო მოეხსნა უიმბლდონზე ბრიტანული წყევლა – ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდნენ მის სამშობლოში.

ჰენმანი ოთხჯერ თამაშობდა უიმბლდონის ნახევარფინალში (ოთხივე წააგო). ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო გამოდგა 2001 წლის შეხვედრა, რომელშიც ჰენმანი გორან ივანიშევიჩს ხვდებოდა. თამაში პარასკევს დაიწყო. ჰენმანმა მოიგო სამიდან ორი სეტი და ახლოს იყო იმასთან, რომ ოთხ პარტიაში დაესრულებინა ყველაფერი, მაგრამ ლონდონში გაწვიმდა და მატჩი შაბათისთვის გადაიტანეს. ამ პაუზამ ივანიშევიჩს ძალები დაუბრუნა და მატჩის განახლების შემდეგ მეოთხე სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო.

მეხუთე სეტს ჩოგბურთელები უკვე კვირას ასრულებდნენ (ისევ ამინდი ჩაერია საქმეში). ივანიშევიჩმა მაინც გატეხა ბრიტანელის წინააღმდეგობა და შემდეგ ფინალიც მოიგო. “ღმერთმა წვიმა გამომიგზავნა”, - ასეთი კომენტარი გააკეთა მატჩის შემდეგ ხორვატმა ჩოგბურთელმა.

დიდი ბრიტანული იმედიდან ჰენმანი დიდ იმედგაცრუებად გადაიქცა. ის კიდევ რამდენიმე წელი ცდილობდა უიმბლდონის დაპყრობას, მაგრამ ამ დროს დადგა როჯერ ფედერერის ეპოქა და ვერც ჰენმანი და ვერც სხვა ჩოგბურთელი შვეიცარიელს ხელს ვერ უშლიდა.

მარეის აღმასვლა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ფედერერი აღარ მიიჩნეოდა წაუგებლად. შვეიცარიელთან თანაბრად თამაში ჯერ რაფაელ ნადალმა დაიწყო, შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ბოლოს ენდი მარეიმ. ამ უკანასკნელმა სამჯერ წააგო უიმბლდონი ნადალთან (მათ შორის, ორჯერ ნახევარფინალში), ერთხელ – ამერიკელ ენდი როდიკთან.

2012 წელს ნადალი ადრე გამოეთიშა ბრძოლას და მარეის გზა გაუნთავისუფლა. ბრიტანელი ერთიმეორის მიყოლებით უგებდა მეტოქეებს, ფინალში კი პირველი სეტი მოუგო ფედერერს, მაგრამ შემდეგ საქმეები უკან წავიდა და შვეიცარიელმა მორიგი უიმბლდონი მოიგო.

წლევანდელ უიმბლდონზე მარეიმ ისევ მიიღო საჩუქარი: ნადალი პირველ წრეში გამოეთიშა ბრძოლას, ფედერერი - მეორე რაუნდში. ფინალამდე ბრიტანელს იოლი მეტოქეები ხვდებოდა, თუმცა ერთ-ერთმა - ესპანელმა ფერნანდო ვერდასკომ მოულოდნელად პირველი ორი სეტი მოუგო ენდის, მაგრამ მარეიმ მოახერხა გადარჩენა.

გარკვეულწილად, ბრიტანელს ფინალშიც გაუმართლა იმ მხრივ, რომ ჯოკოვიჩი თავის თავს არ ჰგავდა და სამ სეტში წააგო. ასე შეძლო ენდი მარეიმ 1936 წლის შემდეგ ბრიტანეთისთვის უიმბლდონის ტიტულის დაბრუნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინტერვიუ უიმბლდონის ტრიუმფატორ ენდი მარეისთან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული