ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ბაშტადში შეიკრიბა, სადაც განთესვის პირველი ნომერი ჩეხმა ტომას ბერდიხმა მიიღო. ის ტოპ10-ის ერთადერთი წარმომადგენელი იყო, ვინც გასულ კვირას კორტზე გავიდა. ბადის ქვედა მხარეს კი აშკარა ფავორიტი ესპანელი ნიკოლას ალმაგრო იყო. ასევე, არ შეიძლებოდა გრიგორ დიმიტროვისა და ფერნანდო ვერდასკოს ჩამოწერა. ამ უკანასკნელმა მეოთხედფინალში მოუგო ალმაგროს – 6:4, 4:6, 7:5, ნახევარფინალში კი დიმიტროვს არ მისცა კარიერაში პირველი
ბადის ზედა ნაწილში არგენტინელმა კარლოს ბერლოკმა კარგად გამოიყენა ფავორიტთა ცუდი ფორმა (ტომი რობრედო და ტომაშ ბერდიხი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ბრძოლას) და კარიერაში მეორედ გავიდა ფინალში. გადამწყვეტ მატჩში ბერლოკი გაცილებით ენერგიულად გამოიყურებოდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა – 7:5, 6:1. არგენტინელი 30 წელს გადაცილებული მერვე ჩოგბურთელია, ვინც 2013 წელს ტიტული მოიპოვა.
* * *
შტუტგარტშიც საკმაოდ ღირსეული შემადგენლობა შეიკრიბა. საშინაო ტურნირზე განთესვის პირველი ნომერი მიიღო ტომი ჰაასმა, მაგრამ მან მეოთხედფინალში ვერ შეძლო ფაბიო ფონინის ბარიერის გადალახვა. იტალიელმა მოულოდნელად ძალიან იოლად მოიგო – 6:2, 6:4. ამის შემდეგ კიდევ უფრო დამაჯერებლად დაამარცხა ბაუტისტა-აგუტი 6:1, 6:3. ასე რომ, იტალიელმა სეტის წაუგებლად მიაღწია ფინალამდე. 26 წლის ჩოგბურთელისთვის ეს იყო კარიერაში პირველი ტიტულის მოგების მესამე შანსი და ბოლო ნაბიჯის გადადგმა ყველაზე რთული აღმოჩნდა.
ფონინის ფინალში მეორე ნომრად განთესილი ფილიპ კოლშრაიბერი უპირისპირდებოდა. ძალიან დაძაბული მატჩის ბოლოს უფრო მეტად იტალიელს გაუმართლა – 5:7, 6:4, 6:4. რაც მთავარია, ფაბიო გაუმკლავდა პუბლიკის ზეწოლას, რომელიც მხურვალედ უჭერდა მხარს კოლშრაიბერს. ფონინიმ მოიგო ATP-ის პირველი ტიტული და 74 ათას დოლართან ერთად, ტურნირის სპონსორისგან ახალი “მერსედესი” მიიღო.
* * *
როგორ წესი, ნიუპორტის ბალახის კორტებს წამყვანი ჩოგბურთელები არ სწყალობენ, რადგან არ სურთ ძალების დახარჯვა საფარზე, რომელზეც 11 თვე არ მოუწევთ თამაში. სამაგიეროდ, ადგილობრივი პუბლიკის გასახარად, აქ ამერიკელი ჩოგბურთელები დომინირებენ – ბოლო ოთხი წელია, ნიუპორტში მთავარ პრიზს მასპინძლები იგებენ, ბოლო ორი წლის ტრიუმფატორი კი ჯონ ისნერი იყო. მან წელს განთესვის მეორე ნომერი მიიღო, პირველი კი სემ კუერი იყო.
კუერიმ პირველივე წრეში წააგო კიდევ ერთ მასპინძელ ტიმ შმიჩეკთან – 4:6, 6:7, ისნერმა კი უპრობლემოდ მიაღწია ნახევარფინალამდე, მაგრამ მისი წინსვლა შეაჩერა ვეტერანმა ლეიტონ ჰიუიტმა. ავსტრალიელმა წელს ბალახზე რამდენიმე ძლიერი მოწინააღმდეგე დაამარცხა - ხუან მარტინ დელ პოტრო, სტანისლას ვავრინკა...
რაც შეეხება ისნერთან მატჩს, პირველი სეტი ვეტერანმა 5:7 წააგო, მაგრამ შემდეგ ამერიკელს მოწოდება გაუფუჭდა, ჰიუიტმა კი გადამწყვეტ ბურთებზე კარგად ითამაშა - 6:2, 6:4. ამით ლეიტონმა შარშანდელ ფინალში წაგებისთვის აიღო რევანში.
ფინალში ავსტრალიელის მეტოქე გახდა ნიკოლა მაუ. ფრანგი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. ცოტა ხნის წინ, ჰერტოგენბოშში კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა, ნიუპორტში კი ფინალამდე მიაღწია.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ნიუპორტში წვიმის გამო ნახევარფინალები და ფინალი ერთ დღეს გაიმართა. გადამწყვეტ მატჩში პირველ სეტის ბოლოს აღებული ბრეიკით ჰიუიტი დაწინაურდა – 7:5. მეორეშიც ავსტრალიელმა ბრეიკით წინ გასვლა მოახერხა და 5:4-ზე მატჩზე აწვდიდა. სწორედ ამის შემდეგ მოხდა თამაშში კარდინალური გარდატეხა.
მაუმ აგრესიულად თამაში დაიწყო, ავსტრალიელმა კი ორმაგ შეცდომებს მოუხშირა. ჰიუიტმა ვეღარ მოახერხა თამაშის დალაგება, ფრანგი კი პირიქით, შესანიშნავად აწვდიდა და არ გასჭირვებია მეორე ტურნირის მოგება – 5:7, 7:5, 6:3.
წლევანდელი ბალახის სეზონს თუ შევაფასებთ, მაუმ ყველაზე მეტი მატჩი მოიგო და უიმბლდონის ჩემპიონ ენდი მარეისაც კი გაუსწრო: ფრანგს 13 მოგება აქვს, მარეის – 12. ნიუპორტში ტრიუმფით ნიკოლა ასეულში დაბრუნდა და ახლა 75-ე ნომერია, არადა, ერთი თვის წინ 240-ე ადგილი ეკავა კლასიფიკაციაში.
ამ კვირას გაიმართება ტურნირი ჰამბურგში, სადაც როჯერ ფედერერი გეგმავს თამაშს. გარდა ამისა, ATP-ის ტურში ბრუნდება კოლუმბია. ბოგოტაში მთავარ ფავორიტთა შორისაა იანკო ტიპსარევიჩი და კევინ ანდერსონი.
ტონი ნადალი: დიახ, წესს ვარღვევ!
ესპანელი რაფაელ ნადალის ბიძამ - ტონი ნადალმა აღიარა, რომ არღვევს ATP-ის წესებს მაშინ, როცა საჩოგბურთო მატჩების მსვლელობისას თავის შეგირდს ტრიბუნიდან ელაპარაკება.
"მე ველაპარაკები რაფაელს მატჩების დროს. ვიცი, ეს აკრძალულია, მაგრამ, ვფიქრობ, ჩემს ასაკში დასამალი არაფერი მაქვს", - ამბობს რაფაელ ნადალის ბიძა.
უფროსმა ნადალმა აღნიშნა, რომ დიდ სარგებლობას ვერ ხედავს სპორტული ფსიქოლოგების მოქმედებისგან და დაამატა, რომ ჩოგბურთის სამყაროში ის არის ძლიერი, ვინც მენტალობითა და ტექნიკით აღემატება კონკურენტებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნოვაკ ჯოკოვიჩი და ტრაქტორი