ანა ტატიშვილი შვედეთის ტურნირზე წყვილებშიც წარმატებით ასპარეზობს

AutoSharing Option
შვედეთის ქალაქ ბაშტადში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი), როგორც გაუწყეთ, თბილისელმა ანა ტატიშვილმა ერთეულთა თანრიგის სტარტზე 16 წლის შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი დაამარცხა (2:6, 6:4, 6:4) და 18 ივლისს ასპარეზობის რეიტინგფავორიტ სერენა უილიამსს (აშშ) დაუპირისპირდება.

17 ივლისს ანამ წარმატებით ითამაშა წყვილებშიც: უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან ერთად დიანა მარცინკევიცას (ლატვია) და ნიკოლა სეუიტერის (დიდი ბრიტანეთი) დუეტს იოლად აჯობა - 6:1, 6:3. მეორე წრეში ალექსანდრა დულჩერუსა (რუმინეთი) და ფლავია პენეტას (იტალია) შეხვდება.

რუმინულ-იტალიურმა ტანდემმა 17 ივლისს რიჩელ ჰოგენკამპსა და ლესლი კერჰოვეს
(ორივე - ჰოლანდია) სძლია - 7:6, 6:2.

გერმანიის ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მონაწილეობენ სოფიო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე.

მთავარი ბადის სტარტზე ქვაცაბაია იანა სიზიკოვას (რუსეთი), გორგოძე კი მე-2 ნომრად განთესილ ალიაქსანდრა სასნოვიჩს (ბელორუსი) შეხვდება.

წყვილებში ქართველი ჩოგბურთელები, რომლებიც მე-4 ნომრად არიან განთესილნი, მეორე წრეში გავიდნენ.

17 ივლისს ისინი კინდი ბერგერსა (ჰოლანდია) და ლენა-მარი ჰოფმანს (გერმანია) ეთამაშებოდნენ.

პირველი სეტი 4:6 წააგეს. მეორეში, როცა ანგარიში იყო 3:3, მეტოქეთაგან ერთ-ერთმა ტრავმა მიიღო და პაექრობის გაგრძელება ვერ შეძლო. ჩვენებურები მეორე წრეში სინა ჰაას/ჩარიტე კლანსენსა (გერმანია) და ვივიენ ჰეისენ (გერმანია)/ანია პრისლანს (სლოვენია) შორის უძლიერესს შეხვდებიან.

საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) გამოეთიშა სოფიო შაფათავა. ერთეულთა თანრიგში ესპანელ ბეატრის გარსია ვიდაგანთან მარცხის შემდეგ რუს იულია კალაბინასთან შეამხანაგებულმა ქართველმა ჩოგბურთელმა 17 ივლისს წყვილებში კაროლინ დანიელსენისა და ანა კლასენის (ორივე - გერმანია) დუეტთან 1:6, 2:6 წააგო.

თურქეთის 10.000-იანი ტურნირის მე-2 წრეში მიხეილ ხმიადაშვილი რობერტ კომანთან (რუმინეთი) დამარცხდა - 6:1, 6:7, 4:6. ალექსანდრე მეტრეველი ჯორჯო პორტალურის (იტალია) გაუწევს მეტოქეობას.

წყვილთა შეჯიბრებებს ჩვენებურთა ორივე დუეტი სტარტზევე გამოეთიშა: ალექსანდრე მეტრეველისა და გიორგი ცივაძის ტანდემმა ტუნა ალტუნასა (თურქეთი) და კოსტინ პავალთან (რუმინეთი) წააგო - 7:6, 3:6, 4:10, ხოლო გიორგი ჯავახიშვილი და მიხეილ ხმიადაშვილი მეორე ნომრად განთესილ იტალიელებს - მატეო მარფიას და ჯორჯო პორტალურის დანებდნენ - 1:6, 0:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული