ბაქოს ტურნირზე უკრაინელი ვარსკვლავი დაიბადა

AutoSharing Option
თუ მამაკაცებს კიდევ რჩებოდათ სათამაშო გრუნტის ტურნირები, ქალები, პირიქით, მთლიანად გადაერთვნენ ჰარდის საფარზე. ერთ-ერთი ტურნირი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა, რომელსაც საუკეთესო ჩოგბურთელები არ წყალობენ, ამიტომაც აქ რანგით გაცილებით დაბლა მყოფ მოთამაშეებს ეძლევათ წარმატებით შანსი.

პირველ ნომრად განთესილი იყო შარშანდელი გამარჯვებული, სერბი ბოიანა იოვანოვსკი, მის მთავარ კონკურენტად კი ხორვატი დონა ვეკიჩი მოჩანდა. თუმცა ფავორიტები ტურნირს არც ისე კარგ ფორმაში შეხვდნენ და საბოლოოდ, ნახევარფინალამდეც ვერ მიაღწიეს. ვეკიჩს გზა გადაუღობა უკრაინელმა ელინა სვიტოლინამ, რომელიც არნახულ პროგრესს განიცდის. ერთი კვირით ადრე, მან ბად-გაშტაინის ტურნირში
ნახევარფინალამდე მიაღწია, ბაქოში კი მას ვერავინ გაუწია წინააღმდეგობა. ელინამ იოლად მოუგო ვეკიჩს – 6:2, 6:3, ნახევარფინალში კი პრობლემა არ ჰქონია რუმინელი ალექსანდრა კადანტუს წინააღმდეგ - 6:1, 6:4.

კარიერაში თავის პირველ ფინალში უკრაინელს გამოცდილ ისრაელელ შაარ პეერთან უწევდა თამაში. ეს უკანასკნელი, ხერხემლის მძიმე ტრავმის შემდეგ, პირველად თამაშობდა WTA-ის ტურნირის ფინალში, რომელშიც მას შანსი არ ჰქონდა სვიტოლინას ბრწყინვალე თამაშის გადამკიდე. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ჩოგბურთელს საკუთარ მოწოდებაზე პრობლემები შეექმნა, მაგრამ უკრაინელს ოთხი ბრეიკი ეყო იმისთვის, რომ კარიერაში ჯერჯერობით თავისი მთავარი გამარჯვება მოეპოვებინა. ამის წყალობით, სვიტოლინა ქალთა რეიტინგის TOP50-ში შევიდა.

* * *
რა თქმა უნდა, ქალებს შორის ჩატარებულ ტურნირებში უფრო დიდ ინტერესს სტენფორდი იწვევდა, თუმცა შეიძლებოდა მონაწილეთა შემადგენლობა გაცილებით ძლიერი ყოფილიყო. აქ ახალი მწვრთნელის - ჯიმი კონორსის ხელმძღვანელობით პირველად უნდა ეთამაშა მარია შარაპოვას, მაგრამ ტრავმის გამო ეს არ მოხერხდა. გარდა ამისა, სხვადასხვა მიზეზით სტენფორდში არ ჩავიდნენ გასული უიმბლდონს გმირები - მარიონ ბარტოლი, საბინე ლისიცკი და კირსტენ ფლიპკენსი. საბოლოოდ, TOP10-დან სტენფორდში მხოლოდ პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა ვიხილეთ.

მთლიანად ტურნირმა მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. ნახევარფინალში გავიდნენ განთესვის ტოპ-ხუთეულში მყოფი ჩოგბურთელები. ერთადერთი მოულოდნელობა პირველივე წრეში სამანტა სტოსურის წაგება იყო ოლგა გოვორცოვასთან. ნახევარფინალში სერიოზული ბრძოლა არ გამოვიდა. რადვანსკამ დამაჯერებლად დაამარცხა ჯეიმი ჰემპტონი, ციბულკოვამ კი სორანა კირსტეას მეორე სეტი "მშრალად" მოუგო.

დომინიკასა და აგნიეშკას შორის ფინალს საინტერესო წინაპირობა ჰქონდა. საქმე ისაა, რომ ამ ჩოგბურთელებმა სეზონის სტარტზე, სიდნეის ტურნირის ფინალში ითამაშეს და მაშინ პოლონელმა 6:0, 6:0 გაანადგურა სლოვაკი. ამჯერადაც, გადამწყვეტი მატჩი რადვანსკას კონტროლით დაიწყო და ორმაგი ბრეიკით მან პირველი სეტი მოიგო. პოლონელი მეორე პარტიაშიც ახლოს იყო ბრეიკთან, მაგრამ იმ მომენტში ციბულკოვას წაუვიდა ფორჰენდიდან თამაში. ამან მთლიანად შეცვალა სიტუაცია კორტზე - სლოვაკმა ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და მატჩში მესამე სეტში გადაიყვანა. მართალია, თავიდან ისევ რადვანსკას უპირატესობა იგრძნობოდა, რომელმაც ბრეიკით წაიყვანა ანგარიში, მაგრამ რაღაც მომენტში ციბულკოვამ მოუმატა და ამჯერად, მიჯრით ოთხი გეიმის აღება ეყო მოგების გასაფორმებლად - 3:6, 6:4, 6:4.

ბაქო
ფინალი
ელინა სვიტოლინა (უკრ, 7)-შაარ პეერი (ისრ) 6:4, 6:4.

სტენფორდი
ფინალი
დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 3)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 1) 3:6, 6:4, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
18 წლის შემდეგ ქართველმა WTA-ის ტურნირი მოიგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული