სათამაშო დღის მთავარი მოვლენა კი WTA-ის რეიტინგის TOP10-ის მეორე წარმომადგენლის გავარდნა იყო. გერმანელი ანჟელიკ კერბერის ბედი გაიზიარა დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ, თუმცა უკვე დიდი ხანია ამ ჩოგბურთელის წაგებები არავის უკვირს.
ვოზნიაცკი ვალდებული იყო თავის სასარგებლოდ დაესრულებინა შეხვედრა რუმინელ სორანა კირსტეას წინააღმდეგ. დანიელი 7:6, 6:5 იყო
რუმინელს კიდევ ერთი კრიტიკული მომენტი მესამე სეტში, 4:4-ზე ჰქონდა, როცა ვოზნიაცკიმ ბრეიკ-პოინტი მიიღო, თუმცა ამის შემდეგ, რუმინელმა ზედიზედ შვიდი ქულა აიღო და საბოლოოდ, საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა - 5:7, 7:6(0), 6:4. თამაში ზუსტად სამი საათი გაგრძელდა. ეს იყო კირსტეას მეათე გამარჯვება კარიერაში TOP10-ის მოთამაშეების წინააღმდეგ.
პრობლემა არ ჰქონია მსოფლიოს პირველ ჩოგანს სერენა უილიამსს. თავიდან ის 2:3 ჩამორჩა ფრანჩესკა სკიავონეს, მაგრამ ზედიზედ რვა გეიმი აიღო და მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 6:3, 6:2. მერვედფინალში უილიამსს საინტერესო შეხვედრა ელის უიმბლდონის ნახევარფინალისტ კირსტენ ფლიპკენსთან, რომელმაც სამ სეტში მოუგო ჰოლანდიელ კიკი ბერტენსს. სერენას შეუძლია შური იძიოს თავისი უფროსი დისთვის ვინუს უილიამსისთვის, რომელმაც პირველ წრეში სწორედ ფლიპკენსთან წააგო. ეს უკანასკნელი სერენას პირველად შეხვდება ტურში.
რა თქმა უნდა, დიდ ინტერესს იწვევდა მარიონ ბარტოლის გამოსვლა. ფრანგი პირველ მატჩს ატარებდა უიმბლდონის მოგების შემდეგ და საკმაოდ კარგი ფორმაც აჩვენა - ზედიზედ შვიდი გეიმის მოგებით დაიწყო ლორენ დევისთან მატჩი და 6:0, 6:3 გაიმარჯვა.
მოიგეს სხვა განთესილებმა. სარა ერანი 2:4-ს აგებდა მეორე სეტს კლარა ზაკოპალოვასთან, მაგრამ მოახერხა ორ სეტში გამარჯვება - 6:2, 7:6(2). მეორე იტალიელი რობერტა ვინჩი ასევე 2:4 იყო ჩამორჩენილი მეორე სეტში ეკატერინა მაკაროვასთან და მანაც ორ პარტიაში მოაგვარა საქმე - 6:0, 6:4. იტალიელების მსგავსად, მცირე პრობლემები შეექმნა ელენა იანკოვიჩს. სერბს ორი სეტბოლის მოგერიება მოუწია უცნობი კანადელი შერონ ფიშმანის წინააღმდეგ, თუმცა ორ სეტში მანაც შეძლო გამარჯვება - 6:4, 7:6(6).
Rogers Cup
ტორონტო (კანადა). ჰარდი
საპრიზო ფონდი: 2 369 000
II წრე
სლოუნ სტივენსი (აშშ, 14)-მონა ბარტელი (გერ) 6:3, 4:6, 6:3; ნა ლი (ჩინ, 4)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს) 6:1, 6:4; ალიზ კორნე (საფ)-მარია კირილენკო (რუს, 11) 7:5, 7:5; მარიონ ბარტოლი (საფ, 7)-ლორენ დევისი (აშშ) 6:0, 6:3; რობერტა ვინჩი (იტა, 10)-ეკატერინა მაკაროვა (რუს) 6:0, 6:4; ელენა იანკოვიჩი (სერ, 15)-შარონ ფიშმანი (კან) 6:4, 7:6; სარა ერანი (იტა, 5)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ) 6:2, 7:6; კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 13)-კიკი ბერტენსი (ჰოლ) 7:5, 3:6, 6:2; ანა ივანოვიჩი (სერ, 16)-ფლავია პენეტა (იტა) 6:4, 6:4; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა) 6:3, 6:2; სორანა კირსტეა (რუმ)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 9) 5:7, 7:6, 6:4; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 6)-ეჟენი ბუშარი (კან) 6:3, 6:2; სამანტა სტოსური (ავსტრა, 12)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ) 1:6, 6:2, 6:3; მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ) 6:4, 6:2.
1/8 ფინალი
ს. უილიამსი (1)-ფლიპკენსი (13); ბარტოლი (7)-რიბარიკოვა; ა. რადვანსკა (3)-სტივენსი (14); ერანი (5)-კორნე; ვინჩი (10)-ციბულკოვა; ნა ლი (4)-ივანოვიჩი (16); კვიტოვა (6)-სტოსური (12); იანკოვიჩი (15)-კირსტეა.
ენდი დევისის თასს დათანხმდა
უიმბლდონის ჩემპიონმა ენდი მარეიმ გადაწყვიტა ბრიტანეთის ნაკრებს დაეხმაროს დევისის თასზე. ბრიტანელებს მსოფლიოს ჯგუფის პლეი ოფში ხორვატიასთან მატჩი ელოდებათ.
"იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამერიკის ღია პირველობის ფინალში გავალ, ნაკრების რიგებში აუცილებლად ვითამაშებ", - განაცხადა მარეიმ გაზეთ Daily Mail-თან ინტერვიუში.
ბრიტანეთი და ხორვატია ერთმანეთს ქალაქ უმაგში შეხვდებიან. მატჩი 13-15 სექტემბერს, ამერიკის ღია პირველობის დასრულებიდან ერთი კვირის თავზე გაიმართება.
ამავე ინტერვიუში მარეიმ ვარჯიშების მნიშვნელობაზე ილაპარაკა და ერთი სახალისო ისტორია მოუყვა ჟურნალისტებს. ბრიტანელის სიტყვებით, მან ერთხელ სპარინგის დროს, 6:0 დაამარცხა რაფაელ ნადალი.
"ვარჯიშებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩოგბურთელისთვის, - ამბობს ენდი. - იქ შეიძლება ცოტა ეგოისტურად იმოქმედო, დაამუშავო მხოლოდ ის ილეთები, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია. პრინციპული არ არის, როგორ იმოქმედებს ეს სპარინგ-მატჩის საბოლოო შედეგზე. ერთხელ, მადრიდში ვარჯიშის დროს, გრუნტზე რაფაელ ნადალი 6:0 დავამარცხე. რა თქმა უნდა, ოფიციალურ მატჩში ასეთი რამ არასოდეს მოხდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მარია შარაპოვა: ყველაზე მდიდარი ქალებში