რაფაელ ნადალისთვის ჰარდიც გრუნტია

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში რაფაელ ნადალი მე-11 ტურნირში მონაწილეობს და მეათედ გავიდა ფინალში. ამისთვის მას მონრეალის მასტერსის ნახევარფინალში თანამედროვე ჩოგბურთის კლასიკური დაპირისპირების მოგება დასჭირდა მსოფლიოს პირველი ჩოგანის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ.

მონრეალის მასტერსი ნადალისთვის მეორე ტურნირია 2013 წელს ჰარდის საფარიან კორტებზე. პირველი ინდიან უელსის მასტერსი იყო მარტში, სადაც ესპანელმა მთავარი პრიზი მოიპოვა. ასე რომ, კანადური ტურნირის ფინალს რაფა ჰარდზე 9-მატჩიანი მოგებათა სერიით ხვდება. ნადალისთვის ეს არის მასტერსის სერიის ტურნირებში რიგით 36-ე ფინალი და ის 25-ედ შეეცდება ამ სერიაში გამარჯვების მოპოვებას. წელს, რაფაელმა
ხუთ მასტერსში მიიღო მონაწილეობა, ხუთივეში ფინალში გავიდა და მოიგო ტიტული ინდიან უელსში, მადრიდსა და რომში.

ნადალი და ჯოკოვიჩი წელს მესამედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. მონტე კარლოს ფინალში სერბმა შეწყვიტა ამ ტურნირზე ესპანელის რვაწლიანი ჰეგემონია, სამაგიეროდ, როლან გაროსის ფინალში ნადალმა ხუთსეტიან თრილერში რევანში აუღო მსოფლიოს პირველ ჩოგანს. ეს ორი მატჩი გრუნტზე გაიმართა, ჰარდზე კი ეს ჩოგბურთელები 2012 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ლეგენდარული ფინალის შემდეგ პირველად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.

პირველი სეტი ნადალის უპირატესობით მიმდინარეობდა, რაშიც მას ჯოკოვიჩის შეცდომები დაეხმარა. ესპანელმა პარტიაში ორი ბრეიკი გააკეთა და ორივე შემთხვევაში გეიმი ნოვაკის ორმაგი შეცდომით დასრულდა (სულ მატჩში სერბს 7 ასეთი შეცდომა დაუგროვდა). ნადალმა 44 წუთში 6:4 გაიმარჯვა.

მეორე პარტიაში ყველაფერი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ჯოკოვიჩმა შეასრულა და 6:3 მოიგო. ამის შემდეგ, მეტოქეები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს და ყველაფერი მესამე სეტის ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც ნადალის უპირატესობა აშკარა იყო. ესპანელი რამდენიმე მინი-ბრეიკით 6:0 წაიყვანა ანგარიში და მესამე მატჩბოლზე დაასრულა საქმე - 2 საათსა და 28 წუთში 6:4, 3:6, 7:6(2) გაიმარჯვა და ახლა, ჯოკოვიჩთან ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 21:15 გახდა ესპანელის სასარგებლოდ.

ნადალისთვის ეს იყო 50-ე მატჩი სეზონში და მას მოგება/წაგების ბრწყინვალე ბალანსი აქვს - 47:3.

* * *
ადგილობრივი პუბლიკის გასახარად, ნადალის მეტოქე ფინალში კანადელი მილოშ რაონიჩი იქნება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ფინალში რომელიმე კანადელი აუცილებლად ითამაშებდა, რადგან მეორე ნახევარფინალში რაონიჩი თანამემამულე ვაშეკ პოსპიშილს ხვდებოდა, რომელიც ამ ტურნირის ნამდვილი სენსაცია გახდა. ახალგაზრდა ჩოგბურთელმა ნახევარფინალამდე ჯონ ისნერისა და ტომაშ ბერდიხის დამარცხება შეძლო.

ეს იყო პირველი შემთხვევა 1990 წლის შემდეგ, როცა ამ ტურნირზე კანადური ნახევარფინალი თამაშდებოდა. ეს მატჩიც საკმაოდ დრამატული გამოდგა და მისი ბედიც მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე გაირკვა.

პირველ სეტში რაონიჩმა მეხუთე გეიმში გააკეთა ბრეიკი და ბოლომდე შეინარჩუნა ეს უპირატესობა, თუმცა მეორე სეტი მთლიანად ჩააგდო და მხოლოდ ერთი გეიმი აართვა თანამემამულეს. მესამე პარტიის მე-10 და მე-11 გეიმებში მილოშს ორი ქულა აკლდა გამარჯვებამდე, მაგრამ პოსპიშილი ორივეჯერ კარგად გამოვიდა რთული სიტუაციიდან და თამაში ტაი-ბრეიკზე გაგრძელდა. იქ კი გადამწყვეტი აღმოჩნდა მინი-ბრეიკი, რომელიც რაონიჩმა შეასრულა. ის 6:4 დაწინაურდა და პირველივე მატჩბოლის გამოყენებით, ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა - 6:4, 1:6, 7:6(4).

რაონიჩს აქვს შანსი გახდეს პირველი კანადელი 1958 წლის შემდეგ, ვინც საშინაო ტურნირს მოიგებს. ბოლოს ეს 55 წლის წინ რობერ ბედარმა გააკეთა.

Rogers Cup

მონრეალი (კანადა). ჰარდი
საპრიზო ფონდი: 2 887 085

1/4 ფინალი
ვაშეკ პოსპიშილი (კან)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 3:0, უარი; მილოშ რაონიჩი (კან, 11)-ერნესტ გულბისი (ლატ) 7:6(3), 4:6, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რიშარ გასკე (საფ, 7) 6:1, 6:2; რაფაელ ნადალი (ესპ, 4)-მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა) 6:2, 6:4.

1/2 ფინალი
მილოშ რაონიჩი (კან, 11)-ვაშეკ პოსპიშილი (კან) 6:4, 1:6, 7:6(4); რაფაელ ნადალი (ესპ, 4)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) 6:4, 3:6, 7:6(2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უიმბლდონის ჩემპიონებმა Rogers Cup-ზე ვერ ივარგეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული