შოთა მეფარიძე საავსტრალიო ნიშნულს უახლოვდება

AutoSharing Option
შოთა მეფარიძე ცნობილი ქართველი ჩოგბურთელისა და სპორტის ამ სახეობის დიდი ენთუზიასტის - გურამ თოხაძის შვილიშვილია.

სწორედ სახელოვანი ბაბუის მეშვეობით ეზიარა ჩოგბურთს. რამდენიმე წელიწადია, დეიდა - ეკა თოხაძე ავარჯიშებს.

17 წლის ყმაწვილმა წლეულს 18-წლამდელთა შეჯიბრებებში იყოჩაღა: ერთეულთა თანრიგში თანატოლთა შორის ეგვიპტის საერთაშორისო ტურნირი მოიგო და 60 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

იქვე ალექსანდრე ბაკშისთან ერთად წყვილებშიც ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაშიც პირველი იყო როგორც ერთეულებში, ისე წყვილებში (იქაც ბაკშისთან შეამხანაგებული).

მართალია, ავსტრიაში პირველი კატეგორიის ასპარეზობაში მხოლოდ მეოთხედფინალს უწია, მაგრამ 60 ქულა
მაინც ერგო.

და აი, მორიგი წარმატება: 11 აგვისტოს ერევანში დამთავრდა 18-წლამდელ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი.

მეფარიძემ ზედიზედ ხუთ მეტოქეს სძლია, მათ შორის, ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოთამაშე სვიატოსლავ შაჰინიანს - 6:1, 6:1, ხოლო გადამწყვეტ პაექრობაში გერმანელ ფონინ ბროსკას აჯობა - 6:0, 6:4.

- შვილიშვილის წარმატება ერევნიდან პირველმა სვიატოსლავის მამამ - ბორის შაჰინიანმა მომილოცა. ის წარმოშობით თბილისელია.

წლების განმავლობაში მე ვავარჯიშებდი ჩოგბურთში, - გვითხრა გურამ თოხაძემ. - ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს, მცირე ბიზნესი აქვს და რითაც შეეძლება, ქართველ დევნილებს ეხმარება.

ძალიან გამახარა შოთას გამარჯვებამ. იგი ამჟამად თანატოლთა შორის მსოფლიო რეიტინგით 72-ეა. ერევანში აღებული 20 ქულა რამდენიმე ადგილით წინ წასწევს. ისევ სომხეთის დედაქალაქში დარჩა და 18-წლამდელთა ახალ ტურნირში ჩაებმება.

ქულები გვინდა, რათა წლის ბოლომდე რეიტინგით 64 საუკეთესოში შევიდეს და გაისად ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე 18-წლამდელთა ძირითად ბადეში მოხვდეს.

- პროფესიონალებში გადასვლას არ ფიქრობთ?
- უფროსების უკვე რამდენიმე შეჯიბრებაში მოსინჯა ძალები. გაზაფხულზე დევისის თასზე იყო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. 4 სექტემბრიდან თბილისის ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი) ჩაებმება.

თანატოლებში რამდენიმე შეჯიბრებაში გამოვა, საამისოდ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციაც ხელს გვიწყობს. 2014 წელს ავსტრალიის ღია პირველობის გარდა, შოთა ზაფხულში, ალბათ, 18-წლამდელ ჩოგბურთელთა ოლიმპიადაზეც იასპარეზებს პეკინში როგორც ერთეულებში, ისე წყვილებში ბაკშისთან ერთად. ამ შეჯიბრების შემდეგ კი პროფესიონალებში გადაინაცვლებს.

ერევნის ახალ საერთაშორისო ტურნირში შოთა მეფარიძე 12 აგვისტოს ჩაებმება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული