როჯერ ფედერერმა პირველი წრე გაიარა

AutoSharing Option
ცინცინატის მასტერსზე მეორე რაუნდის დრო დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპიდან ბრძოლაში ებმებიან განთესილი ჩოგბურთელები. 14 აგვისტოს ორი მათგანი ვიხილეთ კორტზე და ერთ-ერთი როჯერ ფედერერი იყო, რომელმაც ზურგის ტრავმის გამო გამოტოვა მონრეალის მასტერსი. ლეგენდარული შვეიცარიელი ცინცინატის მოქმედი ჩემპიონია, ჯამში კი ხუთჯერ გაუმარჯვია ამ ტურნირზე.

როჯერის პირველი მეტოქე გახდა გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი. ფედერერმა პირველი სეტი 32 წუთში მოიგო, მეორეში კი სერიოზული პრობლემები შეექმნა. მისმა ორმაგმა შეცდომამ კოლშრაიბერს ბრეიკი მოუტანა და გერმანელი 4:2 დაწინაურდა, თუმცა როჯერმა მომდევნო გეიმში დაიბრუნა დაკარგული მოწოდება.

შემდეგ იყო ტაი-ბრეიკი, რომელშიც ფედერერს ერთი სეტბოლის მოგერიება მოუწია და საბოლოოდ, 9:7 მოიგო საჩოგბურთო ლატარია. აღსანიშნავია, რომ ფედერერი ურთიერთშეხვედრებში 7:0-ს უგებს კოლშრაიბერს. როჯერის შემდეგი მეტოქე ტომი ჰაასისა და მარსელ გრანოლერსის შეხვედრაში გაირკვევა.

მეორე განთესილი, რომელსაც ამ დღეს კორტზე გასვლა მოუწია, ესპანელი დავიდ ფერერი იყო. შეგახსენებთ, რომ მან ჩააგდო გასულ კვირას მონრეალის მასტერსი, როცა პირველივე მატჩი წააგო (დამარცხდა ალექს ბოგომოლოვთან). ფერერს ამჯერადაც გაუჭირდა, თუმცა ორ საათსა და 42 წუთში დაძლია სამხრეთაფრიკელი რაიან ჰარისონის ბარიერი - 7:6(5), 3:6, 6:4.

ბოლო სეტში ესპანელმა პირველივე გეიმი წააგო თავის მოწოდებაზე, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და აღარ გასჭირვებია მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა. აღსანიშნავია, რომ ჰარისონმა 19-დან 16 ბრეიკ-პოინტი მოიგერია, ფერერმა - 10-დან შვიდი.

კანადელმა მილოშ რაონიჩმა TOP 10-ის მოთამაშის რანგში პირველი მატჩი ჩაატარა. მონრეალის მასტერსის ფინალისტს გაუჭირდა 20 წლის ამერიკელი ჯეკ სოკის დამარცხება. პირველი სეტის წაგების შემდეგ, მომდევნო ორ პარტიაში რაონიჩმა ორი ბრეიკი გამოიყენა და საათსა და 54 წუთში გაიფორმა მეორე წრის საგზური - 3:6, 6:4, 6:3. მისი შემდეგი მეტოქე სერბი იანკო ტიპსარევიჩი იქნება.

ადგილობრივი პუბლიკის გასახარად, მოიგო პირველი წრის მატჩი ამერიკელმა ჯონ ისნერმა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მან ატლანტას ტურნირში გაიმარჯვა, ვაშინგტონში ფინალამდე გააღწია, მაგრამ გასულ კვირას, მოულოდნელად წააგო მონრეალის მასტერსის პირველი წრე ვაშეკ პოსპიშილთან.

ამჯერად, ისნერმა კარგად გამოიყენა თავისი საფირმო იარაღი - მოწოდება. ამერიკელმა 17 ეისი ჩააწოდა გერმანელი ფლორიან მაიერის წინააღმდეგ, საკუთარ გეიმებში მხოლოდ 10 ქულა წააგო და 6:3, 6:4 გაიმარჯვა.

ტომი ჰაასმა თითო სეტში თითო ბრეიკი გააკეთა და 6:4, 6:4 მოუგო კევინ ანდერსონს. ეს 35 წლის გერმანელის 38-ე გამარჯვებაა სეზონში. ბოლოს მან სეზონი 40 ან მეტი მოგებით 2006 წელს მოიგო, როცა 49 მოგება და 21 წაგება დააფიქსირა.

Western & Southern Open

ცინცინატი (აშშ). ჰარდი
საპრიზო ფონდი: $3 720 000

I წრე
მილოშ რაონიჩი (კან, 12)-ჯეკ სოკი (აშშ) 3:6, 6:4, 6:3; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 9)-ანდრეას სეპი (იტა) 6:3, 6:4; ტომი ჰაასი (გერ, 11)-კევინ ანდერსონი (აშშ) 6:4, 6:4; ტომი რობრედო (ესპ)-ტომაშ ბელუჩი (ბრა) 6:7(6), 7:6(7), 6:2; ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-ბენუა პერი (საფ) 7:6(8), 6:3; ჯონ ისნერი (აშშ)-ფლორიან მაიერი (გერ) 6:3, 6:4; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-კეი ნიშიკორი (იაპ, 10) 6:4, 7:6(4); ბენჯამინ ბეკერი (გერ)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 6:1, 6:4; მიხაილ იუჟნი (რუს)-ერნესტ გულბისი (ლატ) 7:5, 6:3; ვაშეკ პოსპიშილი (კან)-ჟილ სიმონი (საფ, 15) 6:3, 1:1 უარი; იარკო ნიემინენი (ფინ)-ედუარდ როჟე-ვასელენი (საფ) 6:3, 6:4.

II წრე
გრიგორ დიმიტროვი (ბულ)-ბრაიან ბეიკერი (აშშ) 6:3, 6:2; ჟულიან ბენეტო (საფ)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 6:2, 5:7, 7:6(4); როჯერ ფედერერი (შვეიც, 5)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) 6:3, 7:6(7); დავიდ ფერერი (ესპ, 3)-რაიან ჰარისონი (ს. აფრ) 7:6(5), 3:6, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფოტო-NEWS: მაიკლ ჯორდანს ჩატენვა არ დავიწყებია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული