აშშ-ის ღია პირველობა: "კლასიკო" არ იქნება

AutoSharing Option
მორიგ სათამაშო დღეს მამაკაცთა ბადეში მთელი ინტრიგა ერთი მოვლენის გარშემო იყო აწყობილი - სავარაუდო მეოთხედფინალი როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს შორის.

ორივენი დამაჯერებლად მიიწევდნენ ერთმანეთთან შეხვედრისკენ და თითქოს სენსაციას არაფერი მოასწავებდა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ როჯერმა წელს სხვადასხვა კალიბრის მოთამაშეებთან წააგო - დანიელ ბრანდსიდან დაწყებული, სერგეი სტახოვსკით დამთავრებული. ამიტომაც ფედერერის ფაქტობრივად ყველა შეხვედრას ინტრიგა ახლავს თან. ისიც აღსანიშნავი იყო, რომ თავის ძველ მეტოქესთან, ესპანელ ტომი რობრედოსთან წინა ათი შეხვედრა შვეიცარიელს მოგებული ჰქონდა.

ფედერერისთვის ეს იყო გამოუყენებელი შანსების მატჩი. მას
16 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და აქედან მხოლოდ ორჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. გარდა ამისა, როჯერი დააღალატა მარცხნიდან დარტყმამ, რომლის დროსაც ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და კიდევ, საერთოდ არ გამოუვიდა ბადესთან თამაში - წინ 52 გასვლიდან მხოლოდ 32 ქულა აიღო.

რობრედო მეთორმეტედ თამაშობს ამერიკის ღიაზე და 31 წლის ასაკში პირველად გავიდა მეოთხედფინალში. როჯერ ფედერერმა კი 2002 წლიდან მოყოლებული, პირველად ვერ შეძლო სეზონში "დიდი სლემის" თუნდაც ერთი ტურნირის ფინალში გასვლა.

* * *
ამასობაში რაფაელ ნადალმა პირველი სეტი წააგო ტურნირზე. ეს მოხდა გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერთან მატჩში, რომელსაც აქამდე ათიდან ერთხელ ჰყავდა დამარცხებული ესპანელი. არადა, ნადალს შეეძლო თანაბარი პირველი სეტიც თავის სასარგებლოდ დაესრულებინა, როცა მე-12 გეიმში სამმაგი სეტბოლი მიიღო, მაგრამ კოლშრაიბერმა გადაარჩინა თავისი გეიმი და შემდეგ ტაი-ბრეიკი აიღო.

მეორე სეტში ნადალი უკეთ ათამაშდა, მაგრამ კარგა ხანი ვერ ახერხებდა მატჩში პირველი ბრეიკის გაკეთებას. საერთოდ, ფედერერის მსგავსად, რაფას ასევე გაუჭირდა შანსების რეალიზაცია. ამ მხრივ, აღსანიშნავია მესამე სეტის პირველი გეიმი, რომელშიც ესპანელმა რვა (!) ბრეიკ-პოინტი გაანიავა.

რაფაელს იმან გაუადვილა საქმე, რომ მეტოქეს თითქმის არ ჰქონდა ბრეიკის შანსი (კოლშრაიბერმა მთელ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა). ამასობაში ნადალმაც ნავსი გატეხა და უკვე ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ესპანელი იოლად მოიპოვებდა მეოთხედფინალის საგზურს.

მართალია, რაფაელმა ამ მატჩში პირველად წააგო სეტი, მაგრამ ჯერ ტურნირზე საკუთარი მოწოდება არავისთვის დაუთმია.

* * *
ნადალისა და კოლშრაიბერის მატჩამდე კიდევ ერთმა ესპანელმა მოიპოვა მეოთხედფინალში თამაშის უფლება. ეს გახლავთ დავიდ ფერერი, რომელიც იანკო ტიპსარევიჩს ხვდებოდა. სერბმა ღირსეული თამაში აჩვენა მსოფლიოს მეოთხე ნომრის წინააღმდეგ. პირველ პარტიაში სეტზე ჩაწოდება ვერ შეძლო, მოიგო მეორე პარტია, თანაბარ მესამე სეტში კი საკუთარ მოწოდებაზე სამმაგი სეტბოლი მოიპოვა, მაგრამ ამ მნიშვნელოვან მომენტში ძალიან ცუდად ითამაშა.

ტიპსარევიჩი გონს მოვიდა ამ ნოკდაუნის შემდეგ და მეოთხე სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, თუმცა ფერერმა შეძლო მატჩში მეორე ლატარიის მოგება. ბოლო ორი სეზონია, ესპანელი მაღალ დონეს ინარჩუნებს - "დიდი სლემის" ზედიზედ რვა ტურნირია, ის მეოთხედფინალზე ადრე არ დამარცხებულა.

ფერერის მეტოქე ამ ტურნირის ყველაზე ხანგრძლივ მატჩში გაირკვა, რომელშიც რიშარ გასკე და მილოშ რაონიჩი ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათ კორტზე 4 საათი და 40 წუთი გაატარეს. ხუთიდან სამი პარტია ტაი-ბრეიკით დასრულდა. ეს არც არის გასაკვირი, თუნდაც იმიტომ, რომ რაონიჩმა 39 ეისი ჩააწოდა, თუმცა ბრეიკებიც მრავლად იყო - ორივე ჩოგბურთელმა ჯამში 11 საკუთარი მოწოდება დათმო.

კანადელი სეტებში 2:1-ს იგებდა და მეოთხე სეტში ბრეიკი შეასრულა, მაგრამ მალე დაკარგა უპირატესობა. ამ პარტიის ხანგრძლივ ტაი-ბრეიკზე ფრანგს ერთი მატჩბოლის მოგერიება მოუწია. გადამწყვეტ სეტში რიშარი ბრეიკით გავიდა წინ, მაგრამ რაონიჩმა იქვე გაათანაბრა ანგარიში. ბოლოსკენ ორივე ძლივს გადაადგილდებოდა კორტზე. უფრო მეტი ძალა გასკეს შერჩა და მან გადამწყვეტი ბრეიკი ნულზე მოიგო.

1/8-ფინალი
რიშარ გასკე (საფ, 8)-მილოშ რაონიჩი (კან, 10) 6:7(4), 7:6(4) 2:6, 7:6(9), 7:5; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 18) 7:6(2), 3:6, 7:5, 7:6(3); ტომი რობრედო (ესპ, 19)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 7) 7:6(3), 6:3, 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 22) 6:7(4), 6:4, 6:3, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აშშ-ის ღია პირველობა: ფავორიტები ფორმაში შედიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული