მეოთხედფინალის ბოლო საგზური დრამატულ ბრძოლაში გაითამაშეს ვიქტორია აზარენკამ და ანა ივანოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ წინა წრეში აზარენკა სერიოზულ პრობლემებს წააწყდა ფრანგ ალიზ კორნესთან მატჩში და წააგო მასთან ერთი სეტი. იგივე მოხდა ამჯერადაც. სერბმა აქტიურად დაიწყო შეხვედრა და 3:0 დაწინაურდა, სეტი კი 6:4 მოიგო. პირველ პარტიაში ანას სტატისტიკა ფანტასტიკური იყო - 17 “ვინერსი” და მხოლოდ ოთხი უნებლიე შეცდომა.
მაგრამ მეორე პარტიაში ივანოვიჩი ანერვიულდა, აზარენკა კი კვლავაც შორს იყო თავისი
თითქოს ივანოვიჩის თამაში საბოლოოდ მოიშალა, რადგან ის 0:2 ჩამორჩა მესამე სეტში. და მაინც, სერბმა გამონახა ძალები ბრძოლის გასაგრძელებლად და ანგარიში გაათანაბრა - 3:3, მაგრამ, როგორც გაირკვა, ეს მისი ბოლო გაბრძოლება იყო. მართალია, 3:5-ზე მან ორი მატჩბოლი გადაარჩინა და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ მეოთხე ცდაზე აზარენკამ შეძლო მძიმე გამარჯვების გაფორმება.
* * *
მოგვიანებით ქალთა ბადეში პირველი ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა.
უცნაური მატჩი მოიგო ამერიკელმა სერენა უილიამსმა. მისგან მეტოქეთა განადგურება არავის უკვირს, მაგრამ მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ “დიდი სლემის” ტურნირის ამ ეტაპზე ამერიკელი 6:0, 6:0-ს მოუგებდა ესპანელ კარლა სუარეს ნავაროს. სხვა თუ არაფერი, ამერიკელს ოდნავი გულმოწყალება უნდა გამოეჩინა, რადგან ესპანელს დაბადების დღე ჰქონდა.
თამაში 52 წუთი გაგრძელდა, რომლის დროსაც სერენამ 20 “ვინერსი” შეასრულა, მისმა მეტოქემ კი აქტიური მოქმედებით მხოლოდ სამი ქულა აიღო. თუ აზარენკას პრობლემებს გავითვალისწინებთ, უილიამსი აშშ-ის ღიას აშკარა ფავორიტად რჩება - ოთხ მატჩში სერენამ მხოლოდ 13 გეიმი დაუთმო მეტოქეებს.
უმცროსი უილიამსი კარიერაში 24-ედ გავიდა “დიდი სლემის” ტურნირების ნახევარფინალში. წინა 23 ნახევარფინალიდან მას მხოლოდ სამი აქვს წაგებული: 2000 წელს უიმბლდონზე (ვინუს უილიამსთან), 2003 წელს როლან გაროსზე (ჟუსტინ ანენთან) და 2009 წელს აშშ-ის ღიაზე (კიმ კლაისტერსთან).
სერენას მეტოქე უნდა გარკვეულიყო ჩინელი ნა ლისა და რუსი ეკატერინა მაკაროვას შეხვედრაში. ლის ამ მატჩის მოგებით ისტორიაში შესვლა შეეძლო - ის იქნებოდა პირველი ჩინელი, ვინც აშშ-ის ღიას ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებდა. ჩინელებს უთამაშიათ “დიდი სლემის” სხვა ტურნირების ნახევარფინალებში: ლისა და ჟიე ჟენგს ავსტრალიაში, ლის როლან გაროსზე, ჟენგს - უიმბლდონზე.
ნა ლიმ შეძლო სამსეტიანი მატჩის მოგებით ამ ამოცანის შესრულება, თუმცა ორ სეტში გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდა.
მაკაროვა დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მოთამაშეა რუსებს შორის. ერთ-ერთი წინა ეტაპზე მან აგნიეშკა რადვანსკა დაამარცხა. ასე რომ, ჩინელის ბარიერის გავლის იმედი ჰქონდა.
პირველ სეტში მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, ბოლოსკენ კი უფრო აქტიურად ჩინელმა ითამაშა და დაწინაურება მოახერხა.
ლი აგრძელებდა მეორე სეტში აქტიურად და ეფექტურად თამაშს და სოლიდური უპირატესობაც მოიპოვა - ჯერ 3:1, შემდეგ 4:2. მაკაროვას თავისი საბრძოლო თვისებების გამოვლენა დასჭირდა მატჩის გადასარჩენად და გამოუვიდა კიდეც. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა და ნა ლი ისევ დაწინაურდა (3:0, 4:2). რუსმა აქაც შეძლო სიტუაციის გამოსწორება და მატჩის მესამე სეტში გადაყვანა.
თუმცა გადამწყვეტ პარტიაში ბრძოლა არ შედგა და მაკაროვამ მხოლოდ ორი გეიმის აღება შეძლო. რუსი დააღალატა 33-მა უნებლიე შეცდომამ. გარდა ამისა, ნა ლის 44 “ვინერსი” დაუგროვდა.
ახლა წინ გველის ნახევარფინალი უილიამსსა და ლის შორის. აქამდე ეს ჩოგბურთელები ცხრაჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ამერიკელი წინ არის: 8-1.
1/8-ფინალი
ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2)-ანა ივანოვიჩი (სერ, 13) 4:6, 6:3, 6:4.
1/4-ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 18) 6:0, 6:0; ნა ლი (ჩინ, 5)-ეკატერინა მაკაროვა (რუს, 24) 6:4, 6:7(5), 6:2.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აშშ-ის ღია პირველობა: ამერიკას ერთი ამერიკელი შემორჩა