აშშ-ის ღია პირველობა: ასეთი ნადალი ძნელი გასაჩერებელია

AutoSharing Option
სწრაფი ტემპებით უახლოვდებიან ერთმანეთს შორის ფინალს ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი. ჯოკოვიჩს ჯერ სეტი არ წაუგია და სამი მატჩი ისე მოიგო, რომ ხუთზე მეტი გეიმი არ დაუთმო მოწინააღმდეგეებს. რაც შეეხება ნადალს, ის საკუთარი გეიმის წაუგებლად მიიწევს წინ.

რაფა ხვდებოდა მეოთხედფინალში თანამემამულე ტომი რობრედოს, რომელმაც მანამდე როჯერ ფედერერი გამოთიშა ბრძოლას. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებაში ანგარიში იყო 6:0 ნადალის სასარგებლოდ, თან ამ ექვს მატჩში მხოლოდ ერთი სეტი ჰქონდა წაგებული.

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ამჯერადაც გაანადგურა მეტოქე. ნადალის ანგარიშზე შვიდი ბრეიკი იყო, იმ დროს, როცა
რობრედოს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მიუღია. ამ მატჩის ხასიათზე კარგად მეტყველებს პირველი სეტის სტატისტიკა - რაფამ 22 წუთში აიღო პარტია ისე, რომ მხოლოდ ხუთი ქულა დაუთმო ტომის. მატჩის საბოლოო ანგარიშია - 6:0, 6:2, 6:2. ბოლოს, აშშ-ის ღიას მეოთხედფინალში ასე ცოტა გეიმი 1988 წელს გათამაშდა, როცა ივან ლენდლმა დერიკ როსტანიო დაამარცხა - 6:2, 6:2, 6:0.

ნადალმა ბადესთან 14-ივე გასვლა წარმატებით დაასრულა და პირველი მოწოდებით ქულების 88 პროცენტი აიღო. რაფას ჰარდზე ზედიზედ 20 მოგება აქვს. ასევე აიღო საკუთარ მოწოდებაზე ზედიზედ 67 გეიმი. ბოლოს ნადალს მიღებაზე გეიმი ტომაშ ბერდიხმა მოუგო - ცინცინატის მასტერსის ნახევარფინალში.

მეორე მეოთხედფინალი სულ სხვა სცენარით განვითარდა. ფრანგი რიშარ გასკე ამ ტურნირზე ძალიან კარგ ფიზიკურ მომზადებას აჩვენებს. წინა ეტაპზე მან ურთულეს მარათონს გაუძლო მილოშ რაონიჩთან. მიუხედავად ამისა, ზედიზედ მეორე ხუთსეტიან მატჩში შესანიშნავი ჩოგბურთი აჩვენა დავიდ ფერერის წინააღმდეგ.

ამ ჩოგბურთელთა ბოლო მატჩი შარშან, ამერიკის ღიაზე გაიმართა და ფერერმა სამ სეტში მოიგო. საერთოდ, ცხრა მატჩში გასკემ მხოლოდ ერთხელ დაამარცხა ფერერი, თანაც ყველა წაგებულ შეხვედრაში სეტიც არ აუღია.

ესპანელმა უკეთ დაიწყო და პირველივე გეიმში სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, თუმცა გასკე დროზე მოვიდა გონს და თავად დაწინაურდა ბრეიკით - 3:1. ფრანგმა აჯობა მეტოქეს "ვინერსებით" (15-3) და უპირატესობა სეტის ბოლომდე შეინარჩუნა.

მეორე პარტიის სტარტიც ფერერისა იყო და მან ბრეიკით წინ გასვლა შეძლო, მაგრამ ამას მოჰყვა გასკეს მხრიდან ზედიზედ ექვსი გეიმის აღება და სეტებში 2:0 დაწინაურება. ფერერმა ნაადრევად დანებება არ ისურვა და ამჯერად შეინარჩუნა მესამე და მეოთხე სეტებში მოპოვებული სასტარტო უპირატესობა. შესაბამისად, გასკეს კვლავ მოუწია მეხუთე სეტის თამაში.

ისე ჩანდა, რომ ფრანგი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად გამოფიტული იყო. მთელ რიგ ეპიზოდებში ის ძლივს გადაადგილდებოდა კორტზე. მიუხედავად ამისა, ის ყოველი ბურთისთვის იბრძოდა, რამდენიმე რთული გეიმი გადაარჩინა, ბოლოს კი მეტოქის ჩავარდნით ისარგებლა და გადამწყვეტი ბრეიკი გააკეთა.

ფრანგი კარიერაში მეორედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში. პირველად ეს 2007 წელს, უიმბლდონზე მოხდა, როცა როჯერ ფედერერთან დამარცხდა.

¼-ფინალი
რიშარ გასკე (საფ, 8)-დავიდ ფერერი (ესპ, 4) 6:3, 6:1, 4:6, 2:6, 6:3; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ტომი რობრედო (ესპ, 19) 6:0, 6:2, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აშშ-ის ღია პირველობა: ძალიან დამაჯერებელი ნოვაკ ჯოკოვიჩი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული