ფულისთვის არასოდეს მითამაშია

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობის მოგების შემდეგ სერენა უილიამსმა "დიდი სლემის" ტურნირებზე 17 გამარჯვებას მოუყარა თავი. ამერიკელმა ჩოგბურთელმა ESPN-თან ინტერვიუში ილაპარაკა ვიქტორია აზარენკასთან ფინალზე, ამ სეზონის მიმდინარეობაზე, უფროსი დის - ვინუსის როლზე მის წარმატებებში და ა. შ.

- "დიდი სლემის" ტურნირებზე ყოველი გამარჯვება განსაკუთრებულია, მაგრამ რას ნიშნავს მოგება იმ დროს, როცა გადალახავ კრიზისსა და სულელურ შეცდომებს მეორე პარტიაში?
- დიახ, ასეთი რთული მატჩის შემდეგ ტიტულის მოპოვება ორმაგად სასიხარულოა. რა თქმა უნდა, მერჩივნა, ორ სეტში მომეგო, მაგრამ, როცა ვიქტორიას წინააღმდეგ თამაშობ, ყველაფრისთვის უნდა
იყო მზად.

- რას ფიქრობთ თქვენი ტიტულების რაოდენობაზე? შტეფი გრაფს 22 მოგება ჰქონდა "დიდი სლემის" ტურნირებზე. თქვენ 17 ტიტული მოიგეთ, მაგრამ უკვე 32 წლის ხართ...
- ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ჩემს ასაკთან შედარებით, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ. ფორმაში ვარ, შემიძლია გრძელი ტურნირების თამაში, თანაც, არა მხოლოდ ერთეულებში, არამედ წყვილებში.

- თქვენ დომინირებდით მთელი სეზონის განმავლობაში, მაგრამ "დიდი სლემის" პირველი სამი ტურნირიდან მხოლოდ ერთი მოიგეთ. ნიუ იორკში მოგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა?
- ძალიან დიდი. თუ სიმართლე გაინტერესებთ, დიდ იმედგაცრუებას ვგრძნობდი. პარიზში შევძელი გამარჯვება, მაგრამ წავაგე ავსტრალიასა და უიმბლდონზე, თანაც ამ ტურნირებზე მეოთხედფინალამდეც ვერ მივაღწიე. ამიტომაც, ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა ამერიკის ღიას მოგებას.

- თქვენ გაუთანაბრდით "დიდ სლემზე" ტიტულების რაოდენობით როჯერ ფედერერს. რამ ნიშნავს ეს თქვენთვის?
- ჩემთვის დიდი პატივია როჯერის გვერდით დგომა. ის დიადი ჩემპიონი იყო მრავალი წლის განმავლობაში და გულწრფელად მიმაჩნია, რომ მას კიდევ შეუძლია ასეთი დონის ტურნირის მოგება.

- პირველად ნიუ იორკში 1999 წელს გაიმარჯვეთ. მაშინ 17 წლის იყავით. რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში?
- არ ვიცი. ახლა ვიხსენებ, როგორ ვთამაშობდი შტეფი გრაფის წინააღმდეგ ინდიან უელსის ტურნირზე. მაშინ 17 წლის ვიყავი! დაუვიწყარი შეგრძნება იყო. კარგად გამოვიყურებოდი. ბადესთან გავდიოდი, "სმეშებს" ვასრულებდი და თან ვფიქრობდი: "ნუთუ ამას მე ვაკეთებ?" არ ვიცი, ვინ მოიგებდა დღეს – 17 წლის სერენა თუ დღევანდელი. შემიძლია ვთქვა, რომ ორივენი მებრძოლები ვიყავით. მე არასოდეს ვნებდებოდი.

- რას ფიქრობდით მაშინ, როცა კორტზე მრავალმილიონიანი ჩეკი გადმოგცეს?
- ალბათ, იმაზე, რომ ფულის გამო არასოდეს ვთამაშობდი. უბრალოდ, მიყვარს თამაში და მიყვარს "დიდი სლემები". როცა კომპტონში (შავი გეტო ლოს ანჯელესის გარეუბანში) ვთამაშობდი, არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ ჩოგბურთისგან ფულის მიღება შეიძლებოდა. სავარაუდოდ, ამაზე მამაჩემი ფიქრობდა, როცა ჩოგბურთზე მიმიყვანა, მაგრამ პირადად მე ამ საკითხებში ძალიან გულუბრყვილო და სულელიც კი ვიყავი. მე მინდოდა მოგება, მინდოდა ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ვინუსი იყო.

- მაგრამ იმაზე წარმოდგენა თუ გაქვთ, რამდენი გამოიმუშავეთ კარიერის განმავლობაში?
- დღეს მითხრა ვიღაცამ, რომ ამ რიცხვმა 50 მილიონ დოლარს გადააჭარბა, მაგრამ ვიცი, რომ ამ თანხის ნახევარი ბიძია სემთან მიდის. მე ის მიყვარს. ყოველთვის ვაძლევ მას ნახევარს (იცინის).

- უკვე ხუთ-ხუთჯერ გაქვთ მოგებული ავსტრალია, უიმბლდონი და აშშ-ის ღია.
- დიახ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ავსტრალიაში ხუთჯერ გავიმარჯვებდი. ეს ფანტასტიკაა. უიმბლდონთან დაკავშირებით სულ სხვა ისტორიაა, მაგრამ, საერთო ჯამში, ვამაყობ ამ მიღწევით.

- რა როლი აქვს ამ გამარჯვებაში ვინუსს?
- უდიდესი. ტრიბუნებიდან მისგან ბევრი პოზიტიური ემოცია მოდიოდა. სტადიონზე ყველა ხმიდან მის ხმას ყველაზე კარგად ვარჩევდი. ხანდახან შეიძლება ვიყო უხეში და დავიტვირთო უარყოფითი ემოციებით, ამიტომაც მისი მხარდაჭერა შეუფასებელია. თუ მთლიანობაში ვილაპარაკებთ, ჩემი კარიერა არასოდეს იქნებოდა ასეთი, ჩემს გვერდით ვინუსი რომ არ ყოფილიყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აშშ-ის ღია პირველობა: 17-გზის სერენა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული