მარია შარაპოვა: ჩოგბურთში მეგობარი არ მყავს

AutoSharing Option
მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, რუსმა მარია შარაპოვამ ამერიკული ჟურნალის Du Jour-ის საინტერესო კითხვებს უპასუხა.

- დაასახელეთ თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო დღე?
- როგორც ჩანს, უკეთ უნდა მოვმზადებულიყავი ამ ინტერვიუსთვის. ვფიქრობ, ეს არის დღე, როცა უიმბლდონი მოვიგე.

- უარესი დღე?
- ეს იყო პერიოდი, როცა ახალი გადასული ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში. დედა რამდენიმე წელი არ მყავდა ნანახი. ამ სირთულის გადატანა გამიადვილა იმან, რომ ბავშვი ვიყავი. უფრო დიდ ასაკში გამიჭირდებოდა. ახალ ქვეყანაში აღმოვჩნდი, ახალ პირობებთან შეგუება მომიწია. აკადემიაში ჩემი ასაკის ბევრი ბავშვი იყო. მაგრამ
მაინც მენატრებოდა დედა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრ დროს მამასთან ატარებ.

- ერთ დღეს სხვა ადამიანად გადაქცევა რომ შეგეძლოთ, ვინ გახდებოდით?
- ოდრი ჰეპბერნი. საინტერესოა, როგორ ცხოვრობდა, როგორი ადამიანი იყო. ეს შესანიშნავი გამოცდილება იქნებოდა ჩემთვის.

- რომელია თქვენთვის დღე-ღამის საყვარელი მონაკვეთი?
- დაახლოებით საღამოს ხუთი საათი. ამ დროს, ჩვეულებრივ, შინ ვბრუნდები ვარჯიშის შემდეგ და დაახლოებით საათი მაქვს მხოლოდ საკუთარი თავისთვის. შემიძლია საკუთარ საქმეებს მივხედო, ფოსტას გავეცნო, უბრალოდ დრო გავატარო ჩემს ოთახში.

- ისტორიის ერთ რომელიმე დღეს ცხოვრების საშუალება რომ გქონდეთ, რომელს აირჩევდით?
- ალბათ, ვისურვებდი მოვხვედრილიყავი უიმბლდონის პირველ მატჩზე. ეს უნიკალური მოვლენა იქნებოდა.

- როგორ გაატარებდით ბოლო დღეს დედამიწაზე?
- დაუსახლებელ კუნძულზე. გავატარებდი ერთ დღეს იქ, სადაც არის პლაჟი, სითბო. მე მგონი შესანიშნავი არჩევანია.

- გყავთ მეგობრები ჩოგბურთში?
- არა

- რატომ?
- ჩოგბურთი სპორტის მკაცრი ინდივიდუალური სახეობაა. მე რთულად წარმომიდგენია მეგობრული ურთიერთობა იმასთან, ვის წინააღმდეგაც ხვალ კორტზე გასვლა მომიწევს. ჩემი აზრით, ეს არ არის სამართლიანი.

- გამოდის, რომ არ გიყვართ თქვენი მეტოქეები?
- ასე არ ვიტყოდი. მესმის, რომ თითოეულ მათგანს თავისი სამყარო და მიდრეკილებები აქვს. ჩვენ ყველანი ჩოგბურთელები ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას ერთი ინტერესი გაგვაჩნია.

- რატომ დაშორდით მწვრთნელ ჯიმი კონორსს?
- ახლა არ არის საჭირო მომენტი ამ საკითხზე სასაუბროდ. ამისთვის ჯერ მზად არ ვარ.

- საერთოდ, რაში გჭირდებათ მწვრთნელი?
- ბევრი მისვამს ამ შეკითხვას. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ვიცით, მაგრამ არის ბევრი რამ, რაც შეიძლება მხოლოდ გარეშე თვალმა შეამჩნიოს. ხანდახან, გამარჯვების შემდეგ გეჩვენება, რომ კარგად თამაშობ, მაგრამ მწვრთნელმა შეიძლება საპირისპირო გითხრას და შეცდომებზე მიგითითოს.

P. S. ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შარაპოვა და მისი ბოიფრენდი, ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი დაინიშნენ, თუმცა მარიამ მეორე დღესვე უარყო ეს ინფორმაცია.

"არა, გათხოვებას არ ვაპირებ, ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ არაფერი ვიცი", - განაცხადა რუსმა ამერიკულ პრესასთან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარია შარაპოვა ზღვაში ზვიგენს გადაეყარა
მკითხველის კომენტარები / 1 /
შარაპოვას სიფათზე და ტიპაჟზე ეტყობა რომ მარტო ჩოგბურთში კი არა ჩოგბურთის გარეთაც არ ყავს მეგობრები! - ყავს მხოლოდ მოკლევადიანი ბოიფრენდები!
brola
21:50 14-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული