ვიქტორია აზარენკას ხანმოკლე მოგზაურობა ტოკიოში

AutoSharing Option
ორი დღეა, რაც ტოკიოში პრემიერ-კატეგორიის ტურნირი მიმდინარეობს ქალებს შორის.

სატურნირო ბადე შეიძლებოდა უფრო ძლიერი ყოფილიყო, მაგრამ იაპონიის დედაქალაქში ჩასვლაზე უარი განაცხადეს სერენა უილიამსმა და მარია შარაპოვამ. ასე რომ, WTA-ს ტოპ-სამეულიდან ტოკიოში მხოლოდ ბელორუსი ვიქტორია აზარენკა ვიხილეთ, რომელიც 24 სექტემბერს მეორე წრიდან ჩაება ბრძოლაში.

აზარენკას წილისყრის მხრივ არ გაუმართლა, რადგან პირველივე მატჩში მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანთან, ამერიკელ ვენუს უილიამსთან მოუწია შეხვედრა. რა თქმა უნდა, ვენუსი დღეს ისეთი ძლიერი არ არის, როგორც თავის საუკეთესო წლებში, მაგრამ სასტარტო მატჩისთვის მაინც არასასურველ მეტოქედ უნდა
ჩაითვალოს.

საინტერესოა, რომ ვიქტორიას არასოდეს დაუმარცხებია ვენუსი - ამერიკელმა 2008 წლის ოლიმპიადაზე და 2010 წელს, დუბაის ტურნირის ფინალში დაამარცხა ბელორუსი.

აზარენკასთან ეს იყო პირველი ოფიციალური მატჩი აშშ-ის ღიას ფინალის შემდეგ. ვიქტორიას სერიოზული პრობლემები შეექმნა კორტზე გადაადგილების მხრივ. გარდა ამისა, მას არც მოწოდება შველოდა - პირველ სეტში მხოლოდ ერთხელ აიღო საკუთარი გეიმი. ვენუსი კი საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა. შეცდომები მასაც ბევრი ჰქონდა, მაგრამ უფრო მეტ ქულას იღებდა თავისი დარტყმებით და უკეთ აწვდიდა.

მეორე სეტში, როცა აზარენკამ ისევ წააგო საკუთარი მოწოდება, მან თანდათან დაალაგა თამაში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის დამაჯერებლად ინარჩუნებდა საკუთარ მოწოდებას და მიღებაზეც იბრძოდა. საბოლოოდ, მან გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ მალე მორიგი ჩავარდნა დაეწყო, რითაც უილიამსმა მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო და ბოლო გეიმი "მშრალად" მოიგო - 6:2, 6:4.

ამ მატჩის შედეგი იმას ნიშნავს, რომ პირველად ამ სეზონში "პრემიერის" კატეგორიის ტურნირს მოიგებს არა ტოპ-სამეულის წევრი. აქამდე ამ კატეგორიის ტურნირებს მხოლოდ სერენა უილიამსი, აზარენკა და შარაპოვა იგებდნენ.

* * *
ტოკიო ერთ-ერთია კალენდარში დარჩენილი ორი უმსხვილესი ტურნირიდან, სადაც შეიძლება რაიმე შეიცვალოს WTA-ს შემაჯამებელ ტურნირზე გასვლის მხრივ. სტამბულში გასამგზავრებელი საგზურები უკვე მოპოვებული აქვთ სერენას უილიამსს, აზარენკას, შარაპოვასა და აგნიეშკა რადვანსკას. დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ მათ დაემატებიან ნა ლი და სარა ერანი. დანარჩენ ორ ვაკანსიაზე კი ბევრი ჩოგბურთელი აცხადებს პრეტენზიას.

WTA-ს საჩემპიონო რბოლაში მეშვიდეა პეტრა კვიტოვა, მაგრამ ის მხოლოდ 214 ქულით უსწრებს სლოუნ სტივენსს, რომელიც მე-11 პოზიციაზე იმყოფებდა. მათ შორის არიან ელენა იანკოვიჩი, რობერტა ვინჩი და მარიონ ბარტოლი, თუმცა ამ უკანასკნელმა უკვე დაასრულა კარიერა.

ამ ბრძოლაში თავისი მდგომარეობა გაიუარესა სტივენსმა. ამერიკელმა დაძაბულ მატჩში წააგო კანადელ ეჟენი ბუშართან. არადა, სლოუნმა პირველი პარტია 0:5-დან მოიგო, მეორეში კი მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ბუშარი იგებდა ტაი-ბრეიკს 5:1, გაანიავა ეს უპირატესობა, თუმცა მაინც მოიგო მე-13 გეიმი (9:7).

მესამე სეტში კანადელმა კარგად ითამაშა თავის მოწოდებაზე და სამ სეტში გაიმარჯვა - 5:7, 7:6(7), 6:3.

* * *
ეს იყო ერთადერთი სამსეტიანი მატჩი, დანარჩენ შეხვედრებში კი ყველაფერი ორ სეტში გაირკვა. მაგალითად, ელენა იანკოვიჩმა ძალიან დამაჯერებლად მოუგო მასპინძელ აიუმი მორიტას - 6:4, 6:1. წარმატებული სტარტი აიღეს აგნიეშკა რადვანსკამ და კაროლინ ვოზნიაცკიმ. აგნიეშკას რთული პირველი სეტი ჰქონდა კანადელი ალექსანდრა ვოზნიაკის წინააღმდეგ, სამაგიეროდ, მეორე პარტია ნულზე მოიგო. ორ პარტიაში მოიგეს თავიანთი შეხვედრები ანა ივანოვიჩმა და სამანტა სტოსურმა.

ავსტრალიელმა დაამარცხა კიმიკო დატე, რომელიც ამ კვირის ბოლოს 43 წლის გახდება. გამოცდილი იაპონელი საათნახევრის განმავლობაში თითქმის თანაბრად ებრძოდა სტოსურს - 3:6, 6:7(2). კირსტენ ფლიპკენსმა კი მორიგი წარუმატებელი ტურნირი ჩაატარა - ბელგიელმა უიმბლდონის ნახევარფინალის შემდეგ მხოლოდ სამი მატჩი მოიგო.

Pan Pacific Open
ტოკიო (იაპონია). ჰარდი

II წრე
სვეტლანა კუზნეცოვა (რუს)-სარა ერანი (იტა, 3) 6:4, 6:4; სორანა კირსტეა (რუმ, 15)-მისაკი დოი (იაპ) 6:1, 6:2; ეჟენი ბუშარი (კან)-სლოუნ სტივენსი (აშშ, 9) 5:7, 7:6(7), 6:3; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 16)-კეისი დელაკუა (ავსტრა) 7:5, 6:3; ანა ივანოვიჩი (სერ, 11)-ელინა სვიტოლინა (უკრ) 6:3, 6:0; მედისონ კისი (აშშ)-შუაი პენგი (ჩინ) 7:5, 6:2; ელენა იანკოვიჩი (სერ, 6)-აიუმი მორიტა (იაპ) 6:4, 6:1; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 4)-ფლავია პენეტა (იტა) 6:2, 6:3; მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 14) 6:2, 6:3; სამანტა სტოსური (ავსტრა, 12)-კიმიკო დატე (იაპ) 6:3, 7:6(2); აგნიეშკა რადვანსკა (ბრიტ, 2)-ალექსანდრა ვოზნიაკი (კან) 7:6(5), 6:0; სიმონა ჰალეპი (რუმ, 13)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 7:6(4), 6:3; ვენუს უილიამსი (აშშ)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1) 6:2, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შარაპოვა და რადვანსკა სტამბულში მიდიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული