ტოკიოში ცაციების ბრძოლა პეტრა კვიტოვამ მოიგო

AutoSharing Option
ტოკიოში დასრულდა ამ სეზონში Premier 5 კატეგორიის ბოლო ტურნირი, რომლის ფინალში ორი ცაცია ჩოგბურთელი - ჩეხი პეტრა კვიტოვა და გერმანელი ანჟელიკ კერბერი შეხვდა ერთმანეთს.

ორივე მოთამაშისთვის ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ისინი წელს არც ისე კარგად თამაშობდნენ მსხვილ ტურნირებზე. გარდა ამისა, ორივე მათგანი იბრძვის წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოსახვედრად.

მატჩის საწყის ნაწილში უპირატესობა კვიტოვამ მოიპოვა, რომელმაც მძლავრი თამაში აჩვენა უკანა ხაზიდან. კერბერი თამაშში სერიოზულად 0:3-დან ჩაერთო. მან აქტიურობას უმატა, უფრო მეტად არბენინებდა მეტოქეს კორტზე, რაც ჩეხს ძალიან არ უყვარს.

თამაში
გათანაბრდა, თუმცა კერბერმა ბრეიკის გაკეთების ორი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, 2:5-ზე კი ისევ ცუდად ითამაშა თავის მოწოდებაზე. საერთო ჯამში, კვიტოვამ ბრწყინვალედ ითამაშა პირველ სეტში - მხოლოდ ხუთი უნებლიე შეცდომა ჰქონდა და 17 "ვინერსი" დააგროვა. კერბერის ანალოგიური მაჩვენებელი სამ "ვინერსს" უდრიდა.

კვიტოვას ერთ-ერთი მთავარი ნაკლი არასტაბილური თამაშია. მეორე სეტის სტარტზე ის საკუთარ თავს არ ჰგავდა და მარტივ სიტუაციებში ცდებოდა. კერბერს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია და დაახლოებით იგივე სტატისტიკა ჰქონდა, რაც პირველ სეტში, სამაგიეროდ, კვიტოვამ "ვინერსების" რაოდენობა ექვსამდე ჩამოიყვანა, შეცდომების რიცხვი კი 13-მდე გაზარდა. შედეგად, გერმანელმა 22 წუთში "მშრალად" მოიგო მეორე სეტი.

კვიტოვას გონს მოსვლა სჭირდებოდა, ამიტომაც პაუზა მოითხოვა და გასახდელში გავიდა. შესვენებამ მასზე კარგად იმოქმედა და ისე ათამაშდა, როგორც პირველ სეტში. გარდა იმისა, რომ მას კვლავ გამოსდიოდა უკანა ხაზიდან ზუსტი დარტყმები, ჩეხმა მიღებაზეც უფრო აგრესიულად დაიწყო თამაში.

კერბერი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა და სულ მალე პეტრა 4:0 გავიდა წინ. ამ მომენტში იოლი იყო იმის პროგნოზირება, რომ კიდევ ერთ "მშრალ" ანგარიშს მივიღებდით, ოღონდ საპირისპირო მხარეს.

მაგრამ ამ პროგნოზს არ დაეთანხმა კერბერი, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა. ის ორი გეიმის მანძილზე მიუახლოვდა მეტოქეს, გადაარჩინა ორი მატჩბოლი და ბრეიკ-პოინტი მოიპოვა. მატჩის ბოლოს ორივე ჩოგბურთელმა შესანიშნავი თამაში აჩვენა, მაგრამ კვიტოვა უფრო იღბლიანი აღმოჩნდა და მეცხრე გეიმში დაასრულა მატჩი - 6:2, 0:6, 6:3.

Pan Pacific Open
ტოკიო (იაპონია). ჰარდი

1/2-ფინალი
პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 7)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 5) 6:2, 0:6, 6:3.

კვიტოვას ტიტულები (11)
2013 - ტოკიო, დუბაი
2012 - ნიუ ჰევენი, მონრეალი
2011 - წლის შემაჯამებელი, ლინცი, უიმბლდონი, მადრიდი, პარიზი, ბრისბენი
2009 - ჰობარტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვინუს უილიამსმა ბოლომდე ვერ გაქაჩა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული