პირველები კორტზე უილიამსი და კვიტოვა გავიდნენ. მათ ურთიერთშეხვედრებში ანგარიში თანაბარი იყო - 1:1. წინა დღე მათთვის ურთულესი გამოდგა
ვეტერანი ამერიკელი ნახევარფინალის სტარტზე უფრო მხნედ გამოიყურებოდა. მან მაშინვე მოახერხა ბრეიკით დაწინაურება. ჩეხმა მეტოქე შორს არ გაუშვა და მალე გაათანაბრა სიტუაცია, თუმცა ამისთვის ბევრი ენერგიის დახარჯვა მოუწია. სათამაშო უპირატესობას მაინც ამერიკელი ფლობდა - მან პირველ სეტში ცხრა ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, აქედან შვიდი ჩეხმა მოიგერია, მაგრამ დანარჩენ ორზე შეცდომა დაუშვა. საბოლოოდ, ვინუსმა საკმაოდ სწრაფად გაიფორმა მოგება პირველ პარტიაში.
მეორე სეტის სტარტზე კვიტოვამ მოახერხა თამაშის მომატება. მიღებაზე მისმა რამდენიმე დარტყმამ მიზანს მიაღწია და ის პირველად გავიდა წინ ბრეიკით. პირველი პარტიისგან განსხვავებით, ამჯერად უილიამსს მიღებაზე თამაში არ გამოსდიოდა და საპასუხო ბრეიკი არ შედგა, რითაც გამარჯვებულის გამოსავლენად მესამე სეტის თამაში გახდა საჭირო.
გადამწყვეტ პარტიაში თანაბარი თამაში გაჩაღდა. იყო ბევრი დაძაბული გეიმი, რომლებშიც ჩოგბურთელებს ბრეიკ-პოინტების მოგერიება უწევდათ. უფრო მეტი სირთულის გადატანა კვიტოვას მოუწია - მან ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიგერია. საერთოდ, ორი დღის განმავლობაში ჩეხმა 22 ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა და მხოლოდ ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება - ორივე უილიამსთან მატჩის პირველ სეტში.
ყველაფერი მე-13 გეიმში გადაწყდა, სადაც კვიტოვა უკვე აღარ ცდებოდა, ვინუსი კი, პირიქით, მეტოქეს ეხმარებოდა. ამან ის გამოწვია, რომ პეტრამ ექვსმაგი მატჩბოლი მოიპოვა და მესამე ცდაზე მიაღწია მიზანს - 3:6, 6:3, 7:6(2).
* * *
მეორე ნახევარფინალის მეტოქეები - კაროლინ ვოზნიაცკი და ანჟელიკ კერბერი კარგად იცნობენ ერთმანეთს. სხვათა შორის, წელს ისინი მეორე თამაშობდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ დიდი ტურნირის ნახევარფინალში - ინდიან უელსში დაძაბული სამსეტიანი მატჩი დანიელმა მოიგო.
ამჯერად, კერბერმა უკეთ დაიწყო მატჩი და ძალიან სწრაფად სოლიდური უპირატესობა მოიპოვა - 5:1. მაგრამ, სულ მალე ვოზნიაცკიმ მეტოქეს დაანახა, რომ ასე იოლად არ დათმობდა ფინალის საგზურს. მან მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა, თუმცა გერმანელმა მოახერხა მეორე ცდიდან სეტზე ჩაწოდება.
მეორე სეტი უფრო შინაარსიანი აღმოჩნდა. პირველმა ბრეიკით წინ გასვლა ვოზნიაცკიმ მოახერხა, მაგრამ კერბერმა მაშინვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. ამის შემდეგ, კაროლინს ორი დაფარული სეტბოლი ჰქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაში ანჟელიკმა შესანიშნავად მოიგერია საფრთხე. პარტია კანონზომიერად ტაი-ბრეიკამდე მივიდა. იქ გერმანელს რამდენიმე შესანიშნავი შეტევა ჰქონდა, რითაც ოთხმაგი მატჩბოლი მიიღო. ვოზნიაცკი დანებებას არ აპირებდა და აქტიური თამაშის ხარჯზე სამი მატჩბოლი მოიგერია. რჩებოდა კიდევ ერთი ბურთი მის მოწოდებაზე, მაგრამ ამ დროს სკანდინავიელი ბექჰენდმა დააღალატა - 4:6, 6:7)5).
საინტერესოა, რომ ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან ცაცია მოთამაშეები. ასეთი რამ ქალთა ჩოგბურთში ბოლოს 2009 წელს მოხდა, როცა კვებეკის ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს მელინდა ჩინკი და ლუსი საფაროვა შეხვდნენ.
Pan Pacific Open
ტოკიო (იაპონია). ჰარდი
1/2 ფინალი
პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 7)-ვინუს უილიამსი (აშშ) 3:6, 6:3, 7:6(2); ანჟელიკ კერბერი (გერ, 5)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 4) 6:4, 7:6(5).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტოკიოში ვიქტორია აზარენკას აგნიეშკა რადვანსკაც მიჰყვა