რაფაელ ნადალი გადარჩა და პირველ ადგილს მიუახლოვდა

AutoSharing Option
პეკინში მიმდინარე ქალთა და მამაკაცთა ტურნირებზე მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. რაფაელ ნადალი, რომელსაც ფინალში გასვლა სჭირდება მსოფლიოს რეიტინგში ლიდერობის დასაბრუნებლად, იტალიელ ფაბიო ფონინის ხვდებოდა. წელს, ეს ჩოგბურთელები ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ორივეჯერ გრუნტზე და ნადალმა შანსი არ დაუტოვა აპენინელს. ამჯერად, ჰარდის საფარზე, ფონინიმ გვარიანად ანერვიულა მსოფლიოს მეორე ჩოგანი და ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან.

ფაბიომ ძალიან ძლიერად დაიწყო თამაში და რაფაელის პირველივე მოწოდებაზე ბრეიკი გააკეთა. მალე იტალიელმა კიდევ ერთი ბრწყინვალე გეიმი ჩაატარა მიღებაზე
და 5:1-ზე სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ნადალმა ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა და მატჩში პირველი ბრეიკი გააკეთა. თითქოს ეს მატჩში გარდატეხა უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ გეიმში მან ისევ წააგო თავისი მოწოდება. ასე რომ, ფონინიმ სამი ბრეიკი გააკეთა და კარიერაში პირველად მოუგო სეტი ნადალს.

თუმცა იტალიელი ამაზე გაჩერებას არ აპირებდა. მეორე პარტია მისი გაქცევით დაიწყო - 3:0 და 4:1! სწორედ ამ დროს, ნადალმა უფრო აქტიური თამაში გადაწყვიტა, ბევრს უტევდა და ამან თამაშში გარდატეხის შეტანის საშუალება მისცა. მეშვიდე გეიმში რაფამ უმნიშვნელოვანესი ბრეიკი გააკეთა, შემდეგ კი რამდენიმე გადამწყვეტი გათამაშება მოიგო და ანგარიში გაათანაბრა. იტალიელი ანერვიულდა და მნიშვნელოვან მომენტში საკუთარი მოწოდება წააგო. ნადალს ისღა დარჩენოდა, დამაჯერებლად ჩაეწოდებინა სეტზე - 6:4.

ამის შემდეგ, ფონინის საბრძოლო განწყობა საერთოდ გაქრა. იტალიელმა მესამე სეტში მხოლოდ სასტარტო გეიმი აიღო და მთლიანად ჩააგდო გადამწყვეტი პარტიის ბოლო ნაწილი - 2:6, 6:4, 6:1 ესპანელის სასარგებლოდ.

იმისთვის, რომ ფინალში გავიდეს და რეიტინგში ლიდერობა მოიპოვოს, ნადალს ნახევარფინალში ტომაშ ბერდიხის დამარცხება სჭირდება. ჩეხმა გუშინ ორ სეტში სძლია ჯონ ისნერს - 7:5, 6:2. რაც შეეხება ნადალისა და ბერდიხის ურთიერთშეხვედრებს, ტომაშს მომავალი მეტოქე ბოლოს 2006 წელს ჰყავს დამარცხებული, იქედან მოყოლებული კი ნადალმა ზედიზედ 14 (!) მატჩი მოიგო. წელს მათ სამჯერ მოასწრეს შეხვედრა და რაფამ ერთი სეტიც არ გაიმეტა ბერდიხისთვის.

მეორე ნახევარფინალური წყვილი შეადგინეს ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რიშარ გასკემ. ჯერ კიდევ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა დიდი ენერგია არ დახარჯა ამერიკელი სემ კუერის დასამარცხებლად. ნოვაკმა 5:0 სპურტით დაიწყო, თუმცა ამერიკელმა თავიდან აიცილა "მშრალი" ანგარიშით მარცხი, მეორე სეტში კი ის მოახერხა, რომ ერთით მეტი გეიმის მოგება შეძლო - 1:6, 2:6.

რაც შეეხება გასკეს, მან ამერიკის ღია პირველობაზე შეწყვიტა ესპანელ დავიდ ფერერთან საშინელი სერია, რომელიც ზედიზედ რვა მარცხს ითვლიდა, ახლა კი ზედიზედ მეორედ დაამარცხა პირენეელი, თანაც ორ პარტიაში - 6:3, 6:4. შეხვედრა მხოლოდ საათი და 23 წუთი გრძელდებოდა. ფრანგმა სეზონის ბოლოს კარგი ფორმა აკრიფა და რეალურად შეუძლია წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვედრა. თეორიულად, პირველ რვა ჩოგბურთელს შორის შესვლას ის პეკინის შემდეგაც შეძლებს, ოღონდ, ამისთვის, მან დღეს ჯოკოვიჩი უნდა დაამარცხოს, რაც 2007 წლის შემდეგ არ გაუკეთებია.

China Open
1/4 ფინალი
რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ფაბიო ფონინი (იტა) 2:6, 6:4, 6:1; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 4)-ჯონ ისნერი (აშშ, 8) 7:5, 6:2; რიშარ გასკე (საფ, 5)-დავიდ ფერერი (ესპ, 3) 6:3, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-სემ კუერი (აშშ) 6:1, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩოგბურთის ლეგენდები დღევანდელ ვარსკვლავებს აქებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული