შანხაის მასტერსი: ჩინეთი ჯოკოვიჩისაა

AutoSharing Option
შესანიშნავ ფორმაში შევიდა სეზონის ბოლოს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელმაც ბოლო ორ კვირაში ორი ტიტული მოიგო, თუმცა ის მაინც რეიტინგის მეორე ნომრად რჩება.

შაბათს, შანხაის მასტერსზე ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. პირველები კორტზე ნოვაკ ჯოკოვიჩი და ჟო-ვილფრიდ ცონგა გავიდნენ. მართალია, ადრე ფრანგი ხშირად ამარცხებდა სერბს, მაგრამ ამ მატჩამდე ნოვაკის ჟოსთან მოგებათა სერია რვა მატჩს აღწევდა.

შეხვედრის დასაწყისში ცონგას ტემპი აკლდა და ფეხებით ცუდად მუშაობდა, რაც ძალიან მალე აისახა შესაბამის ანგარიშში - 3:0 ჯოკოვიჩის სასარგებლოდ, მაგრამ შემდეგ ფრანგმა თავის მოწოდებაზე ურთულესი გეიმი აიღო და
იქვე დაკარგული ბრეიკი დაიბრუნა. თუმცა ჟოს წარმატებები ამით ამოიწურა და ზედიზედ სამი გეიმი დაუთმო ცონგას.

მეორე სეტში უფრო დაძაბული ბრძოლა გაიმართა. ფრანგის დარტყმები უფრო ხშირად აღწევდა მიზანს და დიდი ხანი რთული იყო რომელიმე ჩოგბურთელისთვის უპირატესობის მინიჭება. სეტის შუაში იყო მომენტი, როცა ჯოკოვიჩი დიდი ხანი ეკამათებოდა არბიტრს ორი მომენტისთვის, როცა მან ქულა ფრანგს მიანიჭა. არადა, მსაჯი ორივე ეპიზოდში მართალი იყო. ამის გამო, ნოვაკი გარკვეული ხანი გაბრაზებული ჩანდა, მაგრამ დროულად მოვიდა გონს და თავიდან აიცილა ტაი-ბრეიკის თამაში - 6:2, 7:5.

ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია მეორე ნახევარფინალში არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ. ჯერერთი, ამ მოგებით მან ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირში თამაშის უფლება მოიპოვა, გარდა ამისა, 2009 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა რაფაელ ნადალი.

სასტარტო გეიმებში დელ პოტრომ უძლიერესი შეტევებით შტორმივით გადაუარა მეტოქეს. მართალია, ნადალს ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ის სამხრეთამერიკელმა დამაჯერებლად მოიგერია, თავად კი ორი ბრეიკი გააკეთა. ხუან მარტინი 4:0 დაწინაურდა და სეტის გადარჩენის არანაირი შანსი არ დაუტოვა ესპანელს.

მეორე სეტში რაფამ მეტ-ნაკლებად ალღო აუღო მეტოქის თამაშს, თან დელ პოტრომ შეცდომებს უმატა. თუმცა მთავარი ამოცანა არგენტინელმა შეასრულა - ორმაგი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და დაძაბულ ბრძოლაში თავად გააკეთა ბრეიკი - 2:1. ამის შემდეგ, ხუან მარტინის ყველა გეიმში ბრძოლა იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში უკეთ სწორედ არგენტინელი თამაშობდა და არა ესპანელი. ხოლო მატჩზე ჩაწოდებისას, დელ პოტრომ მეტოქეს მხოლოდ ერთი ქულა დაანება.

* * *
ასე რომ, დელ პოტრომ შეწყვიტა ნადალთან წარუმატებელი სერია, ფინალში კი კიდევ ერთი ნავსი უნდა გაეტეხა: იმ დროს, როცა ჯოკოვიჩი გუშინ მასტერსის მე-15 ტიტულის იბრძოდა, დელ პოტროს ამ სერიაში ჯერ გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული.

მაგრამ ფინალი ისე დაიწყო, რომ დელ პოტროს ამ ნაკლის გამოსწორების არანაირი შანსი არ უნდა ჰქონოდა. ჯოკოვიჩმა 13 "ვინერსი" მიითვალა, ბადესთან ხუთივე გასვლა წარმატებით დაასრულა და რაც მთავარია, მეორე და მეოთხე გეიმებში ბრეიკები შეასრულა და 6:1 მოიგო. პირველ პარტია მხოლოდ 34 წუთი გაგრძელდა.

თუმცა მეორე სეტში დელ პოტრომ გაიხსენა ის თამაში, რომლითაც წინა დღეს ნადალი გაანადგურა. არგენტინელმა უკვე მეორე გეიმში გააკეთა ბრეიკი და კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. თუმცა ხუან მარტინს ერთი რთული მომენტის გადატანა მოუწია: 2:4-ზე ნოვაკმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და სწორედ ამ უმნიშველოვანეს გეიმში დელ პოტრომ შეძლო ზედიზედ ხუთი ქულის აღება. საბოლოოდ, სეტი მან 44 წუთში მოიგო - 6:3. არგენტინელმა ამ პარტიაში პირველი მოწოდებით ქულების 83 პროცენტი აიღო.

მესამე სეტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მეხუთე გეიმში დელ პოტრომ ვერ გამოიყენა ერთი ბრეიკ-პოინტი, მეექვსე გეიმში კი თავად გადაარჩინა საკუთარი მოწოდება 15:40-დან. იგივე შანსი ჰქონდა სერბს 5:4-ზე, მაგრამ ორმაგი მატბოლი ვერ გამოიყენა და ყველაფერი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა.

მე-13 გეიმში ჯოკოვიჩი თავიდანვე დაწინაურდა (2:0, 4:2) და იოლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. სერბმა ჩინური მასტერსი მეოთხედ მოიგო და აქ მოგებათა სერია 20 მატჩამდე აიყვანა, სულ კი სეზონში მეშვიდე ტიტული მოიგო. თუმცა რეიტინგის პირველი საფეხურისთვის ბრძოლაში სერბისთვის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით, შანხაიში ტიტულის დაცვით მას ქულა არ დამატებია, ნადალმა კი ნახევარფინალში გასვლით თავისი მარაგი 360 ქულით შეავსო.

1/2 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 7) 6:2, 7:5; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 6)-რაფაელ ნადალი (ესპ, 2) 6:2, 6:4.

ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 6) 6:1, 3:6, 7:6(3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ისევ ნადალი-ჯოკოვიჩი გველოდება?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული