სამანტა სტოსური ახალგაზრდებს გაუმკლავდა

AutoSharing Option
გასულ კვირას, შანხაის მასტერსის გარდა, ორი ტურნირი მიმდინარეობდა ქალთა პროფესიულ ტურში. გერმანელმა ანჟელიკ კერბერმა ლინცში მოიპოვა ტიტული და თან გაინაღდა სტამბულში წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობა; ავსტრალიელმა სამანტა სტოსურმა კი ოსაკაში მოიპოვა მთავარი პრიზი.

კერბერმა ლინცის ტურნირში სპეციალური მიწვევით ითამაშა. მას უაილდ-ქარდი სწორედ იმისთვის დასჭირდა, რომ სტამბულის ტურნირის ბოლო ვაკანსია დაებევებინა. საინტერესოა, რომ ავსტრიული ტურნირის ორგანიზატორებმა ეს უაილდ-ქარდი ერთ ადგილობრივ ჩოგბურთელს "წაართვეს" და სატურნირო ბადე ბოლო მომენტში გადააკეთეს.

საბოლოოდ, კერბერმა, რომელმაც განთესვის პირველი ნომერი მიიღო, მეოთხედფინალში ავსტრიელი პატრისია მეირი დაამარცხა და
გაინაღდა ზედიზედ მეორედ წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში. თუმცა გერმანელი ამით არ დაკმაყოფილდა. მან არ მისცა სინანულის საბაბი ორგანიზატორებს მისთვის გამოყოფილი უაილდ-ქარდის გამო და დამაჯერებლად გაიარა მთელი სატურნირო დისტანცია.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პირველი მატჩის პირველი სეტი კერბერმა რუმინელ მონიკა ნიკულესკუსთან 0:6 წააგო, მაგრამ ამის შემდეგ, ფინალამდე არც ერთ სეტში მეტოქისთვის სამზე მეტი გეიმი არ დაუთმია.

ფინალში გერმანელის მეტოქე სერბი ანა ივანოვიჩი იყო. ეს უკანასკნელი 2011 წლის შემდეგ პირველად გავიდა WTA-ს ტურნირის ფინალში. გადამწყვეტ მატჩში ორივე ჩოგბურთელს ჰქონდა ჩავარდნისა და აღმაფრენის მომენტები. კერბერმა 6:4, 5:4 წაიყვანა ანგარიში და თავის მოწოდებაზე სამმაგი მატჩბოლი მიიღო, მაგრამ ვერ შეძლო ამ შანსის გამოყენება.

თავის მხრივ, მოგვიანებით ივანოვიჩმა ვერ გამოიყენა სამი სეტბოლი - ერთი 6:5-ზე და ორი ტაი-ბრეიკზე, როცა 6:4 იყო ანგარიში მის სასარგებლოდ. ბოლო ოთხი ქულა გერმანელმა ჩოგბურთელმა აიღო და 2013 წელს პირველი, კარიერაში კი მესამე ტიტული გაინაღდა.

* * *
ლინცის პარალელურად, International-ის კატეგორიის ტურნირი იმართებოდა ოსაკაში, სადაც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ახალგაზრდებმა. პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ 18 წლის ამერიკელი მედისონ კისი, რომელიც პირველად გავიდა WTA-ს ტურნირის ნახევარფინალში და 19 წლის კანადელი ეჟენი ბუშარი - მან იაპონიაში თავისი სადებიუტო ფინალი ითამაშა.

კისი ნახევარფინალამდე ისე მივიდა, რომ არც ერთი სეტი არ დაუთმო მეტოქეებს, მაგრამ გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა სამანტა სტოსურთან - 1:6, 2:6. თუმცა ამერიკელი კმაყოფილი დარჩა ოსაკაში თავისი გამოსვლითა და 2013 წლის სეზონის დასასრულით, რადგან ის რეიტინგში 149-ე ადგილიდან 39-მდე გადავიდა.

ბუშარმა კი გააგრძელა შემოდგომის ტურნირებზე წარმატებული გამოსვლა (ნახევარფინალი კვებეკში, მეოთხედფინალი ტოკიოში). კანადელმა, რომელიც გასულ ორშაბათს 35-ე პოზიციამდე ამაღლდა WTA-ს კლასიფიკაციაში, ფინალში პირველი სეტი მოუგო სტოსურს და მეორეში დიდი ხანი თანაბრად ებრძოდა გამოცდილ მეტოქეს, მაგრამ 5:5-დან მოყოლებული, ავსტრალიელმა ინიციატივა მოიპოვა და მომდევნო ათი გეიმიდან რვა თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ბუშარს ამ წაგების გამო სულაც არ აქვს გაწბილების საბაბი, რადგან მისი მდგომარეობა რეიტინგში კიდევ უფრო გაუმჯობესდა და სავარაუდოდ, 2014 წელს, "დიდი სლემის" პირველ ტურნირზე (ავსტრალიის ღია) ის განთესილთა შორის მოხვდება.

რაც შეეხება სტოსურს, მან ოსაკას ტურნირი მეორედ მოიგო, ამ სეზონშიც ამდენივე ტიტული მოიპოვა და კარიერაში გამარჯვებათა რიცხვი ხუთამდე აიყვანა.

ლინცი (ავსტრია)
ფინალი
ანჟელიკ კერბერი (გერ, 1)-ანა ივანოვიჩი (სერ, 3) 6:4, 7:6(6).

ოსაკა (იაპონია)
ფინალი
სამანტა სტოსური (ავსტრა, 3)-ეჟენი ბუშარი (კან, 5) 3:6, 7:5, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტოკიოში ვიქტორია აზარენკას აგნიეშკა რადვანსკაც მიჰყვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული