ტოკიოში ვიქტორია აზარენკას აგნიეშკა რადვანსკაც მიჰყვა

AutoSharing Option
ტოკიოში გრძელდება პრემიერ-კატეგორიის ტურნირი და აგრძელებს ახალგაზრდობის გახსენებას ამერიკელი ვენუს უილიამსი. ვეტერანს გასული წლის შემდეგ არ ეთამაშა დიდი ტურნირების ნახევარფინალში და ნავსი სწორედ იაპონიის დედაქალაქში გატეხა.

მეოთხედფინალში ვენუსს ახალგაზრდა კანადელი ეჟენი ბუშარი უპირისპირდებოდა, რომელმაც ტოკიოში სლოუნ სტივენსისა და ელენა იანკოვიჩის დამარცხებით უკვე სენსაცია მოახდინა და ახლაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია სახელოვან ამერიკელს. ბუშარი თამაშში უკეთ შევიდა, მაგრამ 3:1-ის შემდეგ სეტში გეიმის აღება ვეღარ შეძლო.

ვენუსმა ზედიზედ მოგებული გეიმების რაოდენობა შვიდამდე აიყვანა, თუმცა ეჟენიმ მოახერხა ბრძოლაში დაბრუნება, საპასუხო ბრეიკი გააკეთა და საბოლოოდ,
ტაი-ბრეიკზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

პირველ ორ სეტს თითქმის ორი საათი დასჭირდა და თითქოს ახალგაზრდა კანადელს უპირატესობა უნდა ჰქონოდა გამძლეობის მხრივ, მაგრამ უილიამსმა მესამე პარტია უმაღლეს დონეზე წარმართა - მას გამოსდიოდა მოწოდება, უფრო ზუსტი იყო უკანა ხაზიდან და ბადესთან თამაშის დროსაც უპირატესობა ჰქონდა. სამსაათიან ბრძოლაში მან გამარჯვება გაიფორმა - 6:3, 6:7(4), 6:3.

უფროსი უილიამსის მეტოქე ნახევარფინალში სვეტლანა კუზნეცოვასა და პეტრა კვიტოვას მატჩში ირკვეოდა. ორივეს ორ-ორჯერ მოუწია კორტზე გასვლა. კუზნეცოვას დასასრულებელი ჰქონდა წვიმის გამო გადადებული მერვედფინალი სორანა კირსტეასთან.

რუსი პირველ სეტს 0:4-ს აგებდა. 2:5-ზე რუმინელს ორჯერ შეეძლო სეტზე ჩაწოდება, ერთხელ სეტბოლიც ჰქონდა, მაგრამ მეტოქეს ტაი-ბრეიკამდე მისვლის საშუალება მისცა და იქ წააგო მე-13 გეიმი - 3:7. მეორე სეტში კი კუზნეცოვას უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა - 6:1.

რაც შეეხება პეტრა კვიტოვას, მან სცადა, რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა თავისი მერვედფინალი ამერიკელი მედისონ კისის წინააღმდეგ და ეს გამოუვიდა - ჩეხმა ხუთივე ბრეიკ-პოინტი მოიგერია და 6:2, 6:2 მოიგო.

მოგვიანებით კუზნეცოვა და კვიტოვა ერთმანეთის წინააღმდეგ სათამაშოდ გავიდნენ. პირველი სეტი თითქმის თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. ორივე ჩოგბურთელს ჰქონდა ბრეიკის შანსი, თუმცა საქმე ტაი-ბრეიკამდე მიდიოდა. საბოლოოდ, 5:4-ზე ჩეხმა რამდენიმეჯერ კარგად ითამაშა მიღებაზე და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

რუსს მეორე სეტში დაწინაურების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ პირველივე გეიმში ოთხი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. სულ მალე კი ანგარიში 3:0 გახდა, კვიტოვას სასარგებლოდ. კუზნეცოვა რაღაცის შეცვლას ცდილობდა, მაგრამ პეტრა მართლაც კარგ ჩოგბურთს აჩვენებდა და ყველა კომპონენტში ოდნავ აღემატებოდა მეტოქეს.

საბოლოოდ, კვიტოვას ჯამში 28 "ვინერსი" დაუგროვდა, იმ დროს, როცა რუსის ანგარიშზე მხოლოდ 12 ასეთი დარტყმა იყო. მართალია, ჩეხი უფრო მეტს ცდებოდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, ორ სეტში მოეგო ეს შეხვედრა - 6:4, 6:1. ამ მოგების წყალობით, მომავალ კვირას კვიტოვა TOP-10-დან გამოაგდებს ელენა იანკოვიჩს.

* * *
მეორე ნახევარფინალური წყვილი დააკომპლექტეს კაროლინ ვოზნიაცკიმ და ანჟელიკ კერბერმა.

ვოზნიაცკისა და ლუსი საფაროვას შეხვედრაში დაძაბული ბრძოლა იყო მოსალოდნელი. დანიელმა ჩოგბურთელმა პირველ შეხვედრებში დამაჯერებლად ითამაშა, ჩეხმა კი ორი განთესილი გამოთიშა ბრძოლას - რობერტა ვინჩი და სამანტა სტოსური. საფაროვამ პირველ პარტიაში შესანიშნავი შემტევი ჩოგბურთი აჩვენა და დამაჯერებლად აიღო სეტი.

ჩეხი მეორე სეტის შუამდეც თითქმის უშეცდომოდ თამაშობდა, მაგრამ შემდეგ ჩავარდნა დაეწყო და სასტარტო პარტიის დონემდე ვეღარ გავიდა - 2:6, 6:3, 6:2.

ბოლო მეოთხედფინალში ერთმანეთს ხვდებოდნენ ანჟელიკ კერბერი და აგნიეშკა რადვანსკა. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებაში ბოლო სამი მატჩი რადვანსკამ ისე მოიგო, რომ სეტი არ დაუთმია, მაგრამ ამჯერად გერმანელი უკეთ მოემზადა პოლონელის წინააღმდეგ სათამაშოდ. მან შემტევი ჩოგბურთი აირჩია და აიძულებდა მეტოქეს, ბევრი ერბინა და უხერხული პოზიციებიდან შეესრულებინა დარტყმები.

პირველ პარტიაში კერბერმა დაკარგა ადრეული ბრეიკი, მაგრამ შემდეგ დაიბრუნა ინიციატივა და სეტზე ჩააწოდა.

თამაშის სურათი დიდად არ შეცვლილა მეორე სეტში. კვლავინდებურად გერმანელი უკეთ მოქმედებდა, აგნიეშკა კი ძალიან ბევრს ცდებოდა. მან მატჩის ბოლომდე ვერ იპოვა თავისი თამაში. ორივე ჩოგბურთელს 18-18 შეცდომა ჰქონდა, მაგრამ კერბერმა 29 "ვინერსი" აიღო, პოლონელმა - მხოლოდ 12.

Pan Pacific Open
ტოკიო (იაპონია). ჰარდი

1/8-ფინალი
პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 7)-მედისონ კისი (აშშ) 6:2, 6:2; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს)-სორანა კირსტეა (რუმ, 15) 7:6(3), 6:1.

1/4-ფინალი
ვენუს უილიამსი (აშშ)-ეჟენი ბუშარი (კან) 6:3, 6:7 (4:7), 6:3. კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 4)-ლუსი საფაროვა (ჩეხ) 2:6, 6:3, 6:2; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 7)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) 6:4, 6:1; ანჟელიკ კერბერი (გერ, 5)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 2) 6:4, 6:4.

1/2-ფინალი
ვ. უილიამსი-კვიტოვა (7); ვოზნიაცკი (4)-კერბერი (5).

209.1 კმ/სთ - ვნუსის ახალი რეკორდი
ვენუს უილიამსმა ეჟენი ბუშართან მეოთხედფინალის დროს ახალი რეკორდი დაამყარა ქალებს შორის მოწოდების სიჩქარის მხრივ. ამის შესახებ ESPN-ი წერს.

ერთ-ერთ გეიმში უფროსმა უილიამსმა საათში 209.1 კილომეტრი სიჩქარით მოაწოდა ბურთი.

წინა რეკორდი ასევე ვენუს უილიამსს ეკუთვნოდა. 2007 წელს, ამერიკის ღია პირველობის დროს, მის მიერ შესრულებული მოწოდების სიჩქარე იყო საათში 207.6 კილომეტრი.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცებს შორის ანალოგიური რეკორდი ეკუთვნის ხორვატ ივო კარლოვიჩს - საათში 251.0 კილომეტრი. ეს რეკორდი 2011 წელს, დევისის მატჩის დროს არის დამყარებული.

აგასი: ნადალი უდიადესობას იმსახურებს
"დიდი სლემის" რვაგზის ჩემპიონმა, ამერიკელმა ანდრე აგასიმ უპასუხა კითხვას, ვის მიიჩნევს უფრო დიად ჩოგბურთელად - როჯერ ფედერერს თუ რაფაელ ნადალს?

"პირადად მე მიმაჩნია, რომ ნადალს სრული უფლება აქვს, პრეტენზია გამოაცხადოს უდიადესის სტატუსზე. თუ ნადალი ფედერერთან ერთად ერთ მაგიდაზე მოხვდება და როჯერი იტყვის: "მე ვარ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე", მე რაფას ადგილას, პირველ რიგში, ვკითხავდი: "და რა ვუყოთ იმას, რომ შენ მე ვერ მამარცხებ? მე შენ ორჯერ მეტჯერ დამიმარცხებიხარ, მოვიგე ყველაფერი - მათ შორის, ოლიმპიადა და დევისის თასი", - ამბობს ლეგენდარული ამერიკელი. - თუმცა ჩემთვის როჯერი, რაფაელი და როდ ლეივერი – სულ სხვა დონეა, სხვა ლიგა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აშშ-ის ღია პირველობა: ტორნადო, სახელად სერენა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული