ელენა, გამარჯვების შემთხვევაში, ნახევარფინალში თამაშს ინაღდებდა. ორივე ჩოგბურთელს მოგებული ჰქონდა პირველი შეხვედრა: ლიმ დაამარცხა სარა ერანი, იანკოვიჩმა - ვიქტორია აზარენკა. მას შემდეგ, რაც სერბმა დაამარცხა მსოფლიოს მეორე ჩოგანი, მეტოქეთა შანსები თანაბრად ფასდებოდა, მით უმეტეს, რომ პირად შეხვედრებში თითქმის თანაფარდობა იყო - 5:4 ლის სასარგებლოდ.
ჩინელმა შესანიშნავად დაიწყო შეხვედრა და თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა, მაგრამ, როგორც კი
მეორე სეტში თანაბარი თამაში გაგრძელდა. პარტიის შუაში ელენამ 40:0-დან შეძლო ბრეიკის გაკეთება და ამით ინიციატივა მოიპოვა, რაც ზედიზედ ოთხ მოგებულ გეიმში გამოიხატა. შედეგად, პირველად ამ ტურნირზე თამაში მესამე სეტში გადავიდა. იანკოვიჩის აზრით, გადამწყვეტი ფაქტორი ბოლო პარტიაში მისი მოწოდება იყო. სერბი პირველ ბურთს ცუდად ახვედრებდა და შედეგად, ლიმ შეძლო სეტში სამი ბრეიკის აღება - 6:3, 2:6, 6:3. ახლა, თეთრ ჯგუფში სიტუაცია ძალიან აირია და რთულია ნახევარფინალისტთა გამოცნობა.
* * *
მეორე შეხვედრას ატარებდა ამ ტურნირზე გერმანელი ანჟელიკ კერბერი, რომელიც პირველ მატჩში პირწმინდად განადგურდა სერენა უილიამსთან, მაგრამ მაინც კმაყოფილი დარჩა თავისი თამაშით. მართლაც გერმანელმა მეორე ტურში დაამტკიცა, რომ კარგად არის მომზადებული სტამბოლის ტურნირისთვის. აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ, ის უკვე მესამედ ხვდებოდა აგნიეშკა რადვანსკას: ტოკიოში კერბერმა გაიმარჯვა, პეკინში - რადვანსკამ. ორივეში ძალიან დაძაბული თამაში მიდიოდა, თუმცა, ამჯერად, კორტზე ბრძოლა საერთოდ არ შეინიშნებოდა.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რადვანსკასთვის ძალიან რთული იყო ამ მატჩისთვის განწყობა, რადგან ორი შეხვედრა წაგებული ჰქონდა, თან ბოლო სამი დღის განმავლობაში მესამე შეხვედრას ატარებდა. ამ ყველაფერმა პოლონელის 58 წუთში განადგურება გამოიწვია. კერბერმა დაჩაგრა მეტოქე "ვინერსების" რაოდენობით - 31:10, საკუთარ მოწოდებაზე კი ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს - 6:2, 6:2.
* * *
თუ აგნიეშკა რადვანსკამ სამი წაგებით დაასრულა ჯგუფური ეტაპი და შინ ბრუნდება, სერენამ სამიდან სამი მატჩი მოიგო და პირველი ადგილიდან გავიდა ნახევარფინალში. ამერიკელი შანსს არ უტოვებს თავის მეტოქეებს, ჯერ პარტია არ წაუგია და უფრო მეტიც, არც ერთ სეტში ჯერ საქმე ტაი-ბრეიკამდე არ მისულა.
კვიტოვა კარგი განწყობით გავიდა სერენას წინააღმდეგ სათამაშოდ და მაშინვე მოიპოვა ორი ბრეიკ-პოინტი. მაგრამ ეს გეიმი ჩეხმა მაინც წააგო და მაშინვე ჩავარდნა დაეწყო. ამერიკელი შანსს აღარ აძლევდა მეტოქეს მიღებაზე - თავის მოწოდებაზე დანარჩენი სამი გეიმი მან "მშრალად" მოიგო, ბოლოს კი მეორე ბრეიკიც გააკეთა.
მეორე სეტი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. კვიტოვამ ურთულეს ბრძოლაში მოიგო საკუთარი გეიმი და შემდეგ მიღებაზე იბრძოლა, მაგრამ მატჩში რიგით მეოთხე ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. ყველაფერი ფაქტობრივად მეოთხე გეიმში გადაწყდა, როცა სერენამ ბრეიკი გააკეთა და ჩეხს აღარ ჰქონია სეტისა და მატჩის გადარჩენის შანსი - 6:2, 6:3.
წითელი ჯგუფი
ანჟელიკ კერბერი (გერ, 8)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3) 6:2, 6:2; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5) 6:2, 6:3.
თეთრი ჯგუფი
ნა ლი (ჩინ, 4)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 7) 6:3, 2:6, 6:3.
ჩილიჩს ნახევარი აპატიეს
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ხორვატი ჩოგბურთელის მარინ ჩილიჩის მხარე დაიჭირა და მას დოპინგის გამოყენებისთვის მიღებული დისკვალიფიკაციის ვადა გაუნახევრა.
შეგახსენებთ, რომ სპორტსმენის ანალიზში აღმოჩნდა აკრძალული პრეპარატი ნიკეტამიდი. სინჯი მიუნხენის ტურნირზე აიღეს, რომელიც 2013 წლის აპრილში გაიმართა. ჩილიჩის დისკვალიფიკაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება სექტემბერში მიიღეს - ხორვატს დადებითი სინჯის აღების მომენტიდან მოყოლებული, ჩამოართვეს საპრიზო თანხა და ყველა სარეიტინგო ქულა და ცხრა თვით დისკვალიფიკაცია მისცეს.
მაგრამ, ხორვატი არ შეურიგდა ამგვარ სასჯელს და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა. ჩილიჩი ამტკიცებდა, რომ აფთიაქში შეიძინა პრეპარატი კორამინი, რომლის მეშვეობითაც მოხვდა მის ორგანიზმში ნიკეტამიდი. საინტერესოა, რომ ჩოგბურთის ფედერაციაც უკმაყოფილო დარჩა საკუთარი ანტისადოპინგო კომიტეტის გადაწყვეტილებით და ჩოგბურთელის დისკვალიფიკაციის ვადის გაზრდას ითხოვდა.
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ საქმე 16 ოქტომბერს განიხილა და ჩოგბურთელის მხარე დაიჭირა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე ხორვატი მოთამაშის სასჯელი ძალიან მკაცრი იყო. საბოლოოდ, ჩილიჩის დისკვალიფიკაციის ვადა ოთხ თვემდე შემცირდა. ეს ვადა კი თითქმის გასულია, ასე რომ, ორშაბათიდან მოყოლებული, ჩილიჩს უკვე შეეძლება ტურნირებში მონაწილეობის მიღება.
კიმი საჩვენებელს ითამაშებს
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბელგიელი კიმ კლაისტერსი, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ მეორე შვილი გააჩინა, დეკემბერში მონაწილეობას მიიღებს საგამოფენო ტურნირში. შეჯიბრი ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გაიმართება.
კერძოდ, 11 ოქტომბერს კლაისტერსი წყვილთა შეხვედრას ითამაშებს თანამემამულე კირსტენ ფლიპკენსის წინააღმდეგ. ვინ იქნებიან კიმისა და კირსტენის პარტნიორები, ჯერჯერობით უცნობია. ის კი ცნობილია, რომ იმავე დღეს, ფლიპკენსი ერთეულთა მატჩს ჩაატარებს სერბი ანა ივანოვიჩის წინააღმდეგ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"