პარიზის მასტერსი: ნადალის პირველობა გადაიდო

AutoSharing Option
დასრულდა ამ სეზონის ბოლო მასტერსი, რომელსაც პარიზის სახელგანთქმული დარბაზი "ბერსი" მასპინძლობდა.

შაბათს, ერთ-ერთ ნახევარფინალს სერიოზული ინტრიგა ჰქონდა - თუ ესპანელი რაფა ნადალი შეძლებდა თანამემამულე დავიდ ფერერის დამარცხებას, გაინაღდებდა 2013 წლის სეზონის პირველი ჩოგნის რანგში დასრულებას.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრებში ნადალს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა - 20:4, მაგრამ ჰარდზე თანაფარდობა იყო - 3:3. მიუხედავად ამისა, რაფა მაინც აშკარა ფავორიტად მოსჩანდა, თუნდაც იმიტომ, რომ წინა დღეს, მან იოლად მოუგო რიშარ გასკეს, იმ დროს, როცა ფერერმა ტომაშ ბერდიხთან სამსეტიან მატჩში დიდი ენერგია დახარჯა. მით უფრო
გასაკვირი იყო ნადალის უამრავი შეცდომა პირველ სეტში. ფერერს შეეძლო ეს პარტია გამანადგურებელი ანგარიშით მოეგო, მაგრამ მიღებაზე სამმაგი სეტბოლი ვერ გამოიყენა, თუმცა შემდეგ დამაჯერებლად ჩააწოდა სეტზე.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე სეტში ნადალმა მოუმატა, მაგრამ მნიშვნელოვან ქულებზე მაინც აკლდა კონცენტრაცია. პარტიის დებიუტში რაფამ ექვსი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, ფერერმა კი მეორე ცდიდან გააკეთა ბრეიკი და დიდი ხანი ინაჩუნებდა ამ უპირატესობას. თუმცა დავიდი მაინც ვერ გადაურჩა ნერვულ დასასრულს, რადგან მატჩზე მოწოდებისას საკუთარი გეიმი დათმო.

ყველას ეგონა, რომ ნადალმა თამაშში გარდატეხა შეიტანა, მაგრამ იქვე წააგო თავისი მოწოდება, ფერერმა კი მეორე მატჩბოლიდან ფინალის საგზური გაიფორმა - 6:3, 7:5. დავიდი ყველა კომპონენტში ჯობდა მეტოქეს - უფრო მეტი "ვინერსი" ჰქონდა და ნაკლები შეცდომა დაუშვა. განსაკუთებით ცუდად ნადალი მიღებაზე თამაშობდა - მეტოქის გეიმებში მას მხოლოდ 15 ქულა ჰქონდა.

* * *
ნადალი იმ შემთხვევაშიც გაინაღდებდა რეიტინგში პირველობას, თუ მეორე ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი როჯერ ფედერერთან წააგებდა. გასაკვირია, მაგრამ შვეიცარიელი და სერბი ამ სეზონში პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს.

მატჩის წინ ფედერერის აღიარებით, მისთვის სასიამოვნო იყო სწორედ ახლა შეხვედრა ჯოკოვიჩთან, რადგან სეზონის ბოლოს აშკარად კარგ ფორმაში შევიდა. ეს იგრძნობოდა პირველ სეტში, როცა როჯერმა ნაადრევი ბრეიკი გააკეთა და პარტიის შუაში მეორედ შეეძლო ამის გაკეთება. შემდეგ ნოვაკმაც მოუმატა თამაშს და ანგარიშის გათანაბრების შანსი მიიღო. 4:5-ზე ჯოკოვიჩმა ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ზედმეტად ფრთხილად თამაშობდა და ამის გამო სეტის გადარჩენა ვერ შეძლო.

ჯოკოვიჩი მარცხის წინაშე დადგა, როცა ფედერერმა მეორე სეტიც ბრეიკით დაიწყო, მაგრამ სერბმა შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა. ის უფრო აქტიურად ათამაშდა და აღემატებოდა მეტოქეს "ვინერსების" რაოდენობით. ნოვაკმა გადამწყვეტი ბრეიკი პრაქტიკულად საჩუქრად მიიღო: ფედერერმა ერთ გეიმში სამი უხეში შეცდომა დაუშვა, მათ შორის ორმაგი.

ნოვაკს პრაქტიკულად არაფრის კეთება არ დასჭირვებია. სამწუხაროდ, მესამე სეტში ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. აშკარად თვალში საცემი იყო, რომ სერბს გაცილებით მეტი ენერგია ჰქონდა შემორჩენილი - 4:6, 6:3, 6:2. ერთ-ერთმა პირველმა, ვინც ნოვაკს გამარჯვება მიულოცა, პსჟ-ის ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო, ვინც ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს შეხვედრას.

* * *
ასე რომ, პარიზის მასტერსის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ მოქმედი ჩემპიონი ფერერი და 2009 წლის გამარჯვებული ჯოკოვიჩი. ფავორიტის გამოცნობა რთული არ იყო. სერბმა სეზონის ბოლოს შესანიშნავი ფორმა აკრიფა და ტურნირს ტურნირზე იგებს. მაგრამ ფერერმაც დაამტკიცა თავისი კარგი მზადყოფა ნადალის დამარცხებით. ფინალში ესპანელი ბევრით არაფრით ჩამოუვარდებოდა მეტოქეს. ის ძალიან ახლოს იყო ორივე სეტის მოგებასთან. პირველში 5:4-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ ჯოკოვიჩმა ზედიზედ სამი გეიმი აიღო და 7:5 მოიგო.

ნოვაკის გულშემატკივრები ელოდნენ, რომ მეორე სეტში ის გაანადგურებდა ესპანელს. ასეთი რამ არაერთხელ გვინახავს. მაგრამ დავიდი არ გატყდა. უფრო მეტიც, ვალენსიელი მძლავრად და, რაც მთავარია, სუფთად ათამაშდა და მივიღეთ ის სურათი, რაც პირველ სეტში იყო. ისევ 5:4 და ისევ სეტზე ჩაწოდება. და ზედიზედ მეორედ, ნოვაკმა პატარა სასწაული ჩაიდანა. მან ისევ დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და შემდეგ, ფსიქოლოგიური უპირატესობის წყალობით მოიგო მომდენო ორი გეიმი - 7:5, 7:5.

აღვნიშნავთ, რომ ეს იყო ჯოკოვიჩის მე-40 ტიტული კარიერაში.

1/2 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 5) 4:6, 6:3, 6:2; დავიდ ფერერი (ესპ, 3)-რაფაელ ნადალი (ესპ, 1) 6:3, 7:5.
ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-დავიდ ფერერი (ესპ, 3) 7:5, 7:5.

ჯოკო, როჯერი და დელ პოტრო სიკვდილის ჯგუფში
შაბათს, ლონდონში გაიმართა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის წილისყრა. სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი ორ ჯგუფში განაწილდა. გათამაშების ფორმატი უცვლელია: ჯგუფებში მატჩები წრიული სისტემით ჩატარდება და საუკეთესო ორი ჩოგბურთელი ნახევარფინალში გავა.

A ჯგუფი
რაფაელ ნადალი
დავიდ ფერერი
ტომაშ ბერდიხი
სტანისლას ვავრინკა

B ჯგუფი
ნოვაკ ჯოკოვიჩი
ხუან მარტინ დელ პოტრო
როჯერ ფედერერი
რიშარ გასკე
ტურნირი დღეს გაიხსნება ორი მატჩით: ბერდიხი-ვავრინკა და დელ პოტრო-გასკე.

ფედერაციის თასი: იტალია მეოთხედ
როგორც მოსალოდნელი იყო, ფედერაციის თასის გათამაშება იტალიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც კალიარში გამართულ ფინალში ქულაც არ დაუთმო რუსეთის ნაკრებს. სტუმრების შემადგენლობა ძალიან შესუსტებული იყო - ამ გუნდში ყველაზე მაღალი რეიტინგი ალექსანდრა პანოვას ჰქონდა, რომელიც WTA-ის კლასიფიკაციაში 183-ე ნომერია.

სწორედ მას ჰქონდა თავისი გუნდისთვის ფინალში ქულის მოტანის შანსი. პირველ შეხვედრაში მან ოთხი მატჩბოლი მიიღო რობერტა ვინჩის წინააღმდეგ, მაგრამ ბოლო სეტში 6:8 დამარცხდა. ფინალის სხვა შეხვედრებში კი ბრძოლა თითქმის არ ყოფილა და იტალია მეოთხედ გახდა ფედერაციის თასის გამარჯვებული. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდს ოთხივე ტრიუმფი XXI საუკუნეში ჰქონდა.

ფინალში რუსების სუსტი შემადგენლობა იმით იყო განპირობებული, რომ პარალელურად სოფიაში მიმდინარეობდა WTA-ის ტურნირი და ოთხმა რუსმა სწორედ იქ ამჯობინა თამაში. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, WTA-ისა და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელებმა მოილაპარაკეს და გაისად, სოფიას ტურნირი ფედერაციის თასის ფინალის შემდეგ გაიმართება.

იტალია-რუსეთი 4:0
1:0 რობერტო ვინჩი-ალექსანდრა პანოვა 5:7, 7:5, 8:6
2:0 სარა ერანი-ირინა ხრომაჩოვა 6:1, 6:4
3:0 სარან ერანი-ალისა კლეიბანოვა 6:1, 6:1
4:0 კნაპი/პენეტა-გასპარიანი/ხრომაჩოვა 4:6, 6:2, 10:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ისინი ლონდონში მიდიან
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა არაპროფესიონალური სტატიაა, რა ნადალის პირველობა გადაიდო ვერ გავიგე - ეს ტურნირი 1000 ქულიანია და ნადალი 2000 ქულით ისედაც წინ იყო და პლიუს კიდევ ნახებვარფინალში გასვლისთვის ქულები დაემატა! - ასე რომ ჯოკოვიჩი დამატებული 1000 ქულით მაინც ვერ გადაასწრებს რაფას, ყოველშემთხვევაში დღეის მდგომარეობით მომავალ ტურნირამდე !
brola
14:57 04-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული