იმპერიის დაცემა: შვედეთი

AutoSharing Option
გასულ კვირას შემოგთავაზეთ მასალა აშშ-ის ჩოგბურთში არსებული პრობლემების შესახებ. დღეს შვედური ჩოგბურთის დაცემაზე უნდა ვილაპარაკოთ, სადაც კიდევ უფრო დიდ სირთულეებს აწყდებიან.

შვედეთში, რომლის მამაკაცთა ნაკრებმა 1975-98 წლებში შვიდჯერ მოიგო დევისის თასი, ჩოგბურთს ისევ მასობრივად თამაშობენ. უბრალოდ, აქ ჩოგბურთელის პროფესიას სარფიანს არ უწოდებენ.

სკანდინავიის ამ ქვეყანაში იზრდება ჩოგბურთით გატაცებული ადამიანების რაოდენობა და დილის საათებში რთულია თავისუფალი კორტის მოძებნა. მაგრამ შვედეთის პირველი ჩოგანი არ შედის მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა პირველ ოთხასეულში. პირველად ბიორნ ბორგის ეპოქიდან მოყოლებული, ქვეყანას, რომლის წარმომადგენლებს 80-იან წლებში სანახევროდ ჰქონდათ
დაკომპლექტებული რეიტინგის ტოპ-ათეული, არ დარჩა ATP-ის ტურში კონკურენტუნარიანი მოთამაშე. რით აიხსნება ეს?

დავიწყოთ იმით, რომ კორტზე აზარტულად იქნევენ ჩოგანს ადამიანები, რომლებიც 35 წელს არიან გადაცილებულნი. მათ იპოვნეს სტაბილური სამსახური და ახლა, შეუძლიათ კვირაში ორჯერ, 200 კრონად იქირავონ კორტი და გაერთონ.

ბევრნი უფრო შორს მიდიან - კლუბებში დიდი ხნით ქირაობენ მოედანს, მწვრთნელებს და იწყებენ აქტიურად თამაშს სამოყვარულო ტურნირებზე, რომელთა რაოდენობა იზრდება. ამასთან, ჩოგბურთით გატაცებული ასაკოვანი ადამიანების რიცხვი ხშირად აჭარბებს პერსპექტიული იუნიორების რაოდენობას "სატურნირო ჯგუფებში"..

"სატურნირო ჯგუფები" შვედეთის საჩოგბურთო კლუბებში - ესენი არიან ბავშვები 8-19 წლის ასაკში, რომლებიც ორგანიზებულად ვარჯიშობენ მინიმუმ სამჯერ კვირაში და რეგულარულად მონაწილეობენ ტურნირებში. მაგრამ, 16 წლიდან ამ "სატურნირო ჯგუფებში" ხდება მოთამაშეთა მასობრივი გადინება. გიოტებორგსა და სტოკჰოლმის ჩემპიონატების ბადეებში საერთოდ უქმდება "16-წლამდელებისა" და "18-წლამდელების" კატეგორია. უბრალოდ, არავინ არის, რომ ითამაშოს.

"ბავშვებს არ სურთ ვარჯიშებზე ბოლომდე დახარჯვა, როგორც ეს გასულ წლებში იყო, მშობლებს კი არ აქვთ სურვილი ფული და დრო დახარჯონ ახალი ბიორნ ბორგის აღსაზრდელად. მათ მიაჩნიათ, რომ ეს შეუძლებელია", - ამბობს შვედური ჩოგბურთის მდგომარეობაზე ულფ პეტერსონი - წამყვანი ფიგურა სკანდინავიურ ჩოგბურთში 90-იანი წლების ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში. ფედერაციაში ულფი პასუხისმგებელი იყო ელიტაზე და მისი უშუალო მონაწილეობით აღიზარდა ბოლო ორი შვედი ჩოგბურთელი, რომელიც ATP-ის რეიტინგის ტოპ-ათეულში შედიოდა: იოახიმ იოჰანსონი (უმაღლესი ადგილი რეიტინგში - მე-9 2005 წელს) და რობინ სიოდერლინგი (მე-4 2010 წელს).

ცხადია, რომ სპორტის პოპულარობა ბავშვებში კერპების რაოდენობით განისაზღვრება, რომლებსაც მომავალი თაობის წარმომადგენლები მიბაძავენ. ბორგის დროს, საჩოგბურთო სექციებში ეწერებოდნენ ფიზიკურად ძლიერი და კოორიდინირებული ბიჭები. ამას ადასტურებს ბავშვების ფიზიკური ტესტირების შედეგები, რომელიც იმ წლებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტარდებოდა. მატს ვილანდერისა და სტეფან ედბერგის თაობა ფიზიკური განვითარების მაჩვენებლებით აღემატებოდა თანატოლებს ჰოკეიდან, ფეხბურთიდან და ხელბურთიდან.

დღეს, შვედური სპორტის ლიდერია ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელთანაც კონკურენციას ვერ ახერხებს მარკუს ერიქსონი - შვედეთის პირველი და მსოფლიოს 411-ე ჩოგანი, რომლის სახელი მის მშობლიურ გიოტებორგში ჩოგბურთის მოყვარულებსაც კი ბევრს არაფერს ეუბნება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. კერპების არსებობის გარდა, სპორტს მიმხიბვლელობას მატებს საპრიზო თანხების ოდენობა. და აქ ჩოგბურთი არ არის წამყვან პოზიციაზე. საკმარისია აღინიშნოს, შვედეთის მეორე დივიზიონის ჰოკეისტის ხელფასი უტოლდება ATP-ის 137-ე ნომრის საპრიზო თანხებს.

"80-იან წლებში, ჩოგბურთი მყარად ასოცირდებოდა სიმდიდრესთან, - იხსენებს ულფ პეტერსონი. - თუ ჩოგბურთელი იყავი, ე. ი. ბევრი ფული გქონდა. ჩემი მეზობელი მატს ნესლუნდი - შვედური ჰოკეის ლეგენდა და პირველი შვედი, ვინც სტენლის თასი მოიგო, დღემდე მჭედლად მუშაობს, რადგან მისი ჰონორარი ჰოკეიში საკმარისი არ აღმოჩნდა ცხოვრების ბოლომდე კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. მისი თაობის ბიორნ ბორგი კი მილიონერი იყო. ახლა კი ყველაფერი პირიქითაა".

ადგილობრივი სპონსორები არ ჩქარობენ თანხის გაღებას და შვედეთი მხოლოდ იმით თუ დაიკვეხნის, რომ ზაფხულში საკურორტო ქალაქ ბაშტადში ატარებს WTA-ის ტურნირს, რომელსაც ხანდახან სერენა უილიამსი სტუმრობს. ცნობილმა შვედურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ ბევრი იფიქრა იმაზე, ვისი სპონსორობა აჯობებდა და ჩოგბურთელებს მოთხილამურეები ამჯობინა. თუნდაც იმიტომ, რომ კომპანიის ლოგო განთავსებულია ქუდებზე, ხელთათმანებსა და მკერდზე ეროვნული დროშის გვერდით.

ჩოგბურთში ცნება "ნაკრები" საკმაოდ ფორმალურია და როცა, ბოლოს და ბოლოს, გუნდი ერთად იკრიბება, თითოეული ჩოგბურთელს ინდივიდუალური კონტრაქტი აკავშირებს სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელ ფირმასთან. თავად დევისის თასი კი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით იმართება და არენაზე რეკლამა მრავალი წლით არის გაყიდული. შესაბამისად, იქმნება ისეთი სიტუაცია, რომ ჩოგბურთის მარკეტინგული ღირებულება შვედი სპონსორებისთვის ნულს უდრის.

ამიტომაც, არაღარიბ შვედეთში ვერ პოულობენ ფულს საკუთარი საუკეთესო იუნიორების განვითარებისთის. იუნიორების ეროვნული რეიტინგის პირველმა და მეორე ნომერმა გადაწყვიტა აშშ-ში სასწავლებლად გამგზავრება - მათ უპირატესობა მიანიჭეს პრესტიჟული დიპლომის მიღებას სპორტის დახმარებით. მათ უბრალოდ არ აქვთ ფული იმისთვის, რომ რამდენიმე წელი "იხარშონ" "სატელიტებისა" და "ჩელენჯერების" ტურნირებზე, სადაც ჰონორარები არ ჰყოფნის ავიაბილეთებზე დანახარჯის დაფარვას, რომ აღარაფერი ვთქვათ ცხოვრებასა და მწვრთნელის ჰონორარზე. ამასობაში, იუნიორთა ჩოგბურთიდან პროფესიონალებში გადასვლისთვის 3-4 წელია საჭირო. იმაზე მეტი, ვიდრე ადრე იყო საჭირო.

ბოლოს და ბოლოს, რა გადარჩენაზეა საუბარი, როცა დღემდე არსებობს ტურნირები 10 და 25 ათასი დოლარის საპრიზო ფონდით, ამ დროს კი უიმბლდონის საპრიზო ფონდი ბოლო 30 წელიწადში ათჯერ გაიზარდა.

"ეს ყველაფერი ATP-ის ტურს გადააქცევს ექსკლუზიურ კლუბად 100 უძლიერესი ჩოგბურთელის შემადგენლობით, რომელში მოხვედრაც უკიდურესად რთულია, - მიაჩნია პეტერსონს. - ყველაზე ნიჭიერი იუნიორების მშობლები, დანახარჯების დათვლის შემდეგ ხვდებიან, რომ მათი შვილების შანსი წარმატებულ საჩოგბურთო კარიერაზე ძალიან დაბალია და ნებდებიან. 80-იან წლებში ყველაფერი სხვანაირად იყო: ბავშვები მშობლების ნებით თავს ანებებდნენ სკოლას და 18 წლის ასაკში თავიანთ თანატოლებზე მეტ ფულს იღებდნენ".

მაშინ და ახლა
1988 წელი. სამი შვედი მოხვდა ATP-ის ტურის პირველ ათეულში: მატს ვილანდერი (პირველი ნომერი), სტეფან ედბერგი (5), კენტ კარლსონი (6).
1998 წელი. შვედეთის ნაკრების ბოლო გამარჯვება დევისის თასზე.
2010 წელი. შვედის ბოლო გამოჩენა სეზონის შედეგების მიხედვით საუკეთესო ათეულში - რობინ სიოდერლინგი (5).
2013 წელი. შვედეთის პირველი ნომერი - 23 წლის მარკუს ერიქსონი 411-ე ადგილ იკავებს მსოფლიო კლასიფიკაციაში. ნაკრებმა დანიის დამარცხების შემდეგ, შეინარჩუნა ადგილი პირველ ევრო-აფრიკულ ზონაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იმპერიის დაცემა: აშშ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული